- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ქართველებმა IX საუკუნიდან გეზი დასავლეთისაკენ აიღეს, რომ უკეთ გასცნობოდნენ ბიზანტიურ კულტურას: Mმკვიდრდებოდნენ ბიზანტიის ბერძულ სკრიპტორიუმებში ცენტრებში და, რაც მთავარია, თავადაც აფუძნებდნენ საეკლესიო-სამონასტრო ცენტრებს. სწორედ ამ ეპოქიდან იწყება ფორმითა და შინაარსით მრავალფეროვანი ქართული ხელნაწერის განვითარების კლასიკური პერიოდი.
ოლიმპი. ოლიმპის მთა მდებარეობს მცირე აზიაში, ბითვინიაში. საფიქრებელია, რომ ქართველები აქ IX საუკუნის შუა ხანებში დასახლდნენ და დაიწყეს სავანის აშენება, მაგრამ მხოლოდ IX საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი ქართველთა კოლონიას, ანუ მას შემდეგ, რაც იქ ილარიონ ქართველი მივიდა თავის მოწაფეებთან ერთად, ნახა პატარა ეკლესია დაუსახლებელ ადგილას და იქ დაიწყო ცხოვრება. ოლიმპზე ცხოვრობდა აგრეთვე გამოჩენილი მოღვაწე იოანე ქართველი, რომელმაც X საუკუნის 80-იან წლებში ათონის ქართულ კოლონიას დაუდო საფუძველი. იოანე ქართველი ჯერ საქართველოში ოთხთა ეკლესიაში ეწეოდა ბერმონაზვნობას, შემდეგ ულუმბოს მთაზე წავიდა და იქ მოღვაწეობდა ათანასე ათონელთან ერთად.
ოლიმპის, ანუ ულუნბოს მთაზე ქართველები რამდენიმე სავანეში ყოფილან. ესენია: ღვთისმშობლის ეკლესია და კრანიას ლავრა. ოლიმპელ ქართველთა შორის იყვნენ მიქაელ-ზეკეპე ბერთელი, იოანე კახი, გრიგოლ მოძღვარი, საბა კუტი, იოანე მმოსველი და სხვ. ისინი ინტენსიურად მოღვაწეობდნენ ხელნაწერების დამზადებაზე.
ოლიმპოდან მოუღწევია არაერთ ხელნაწერს, რომელთაგან ზოგი დღეს ათონზეა დაცული, ზოგიც – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
რომანა. რომანას, ანუ ჰრომანას ქართველთა მონასტერი მდებარეობს კონსტანტინეპოლთან ახლოს. ეს მონასტერი ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება. 980 წლის შემდგომ ქართველებმა დათმეს მონასტერი.
ამ მონასტრიდან ორმა ხელნაწერმა მოაღწია. ისინი დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების საკუთრებას წარმოადგენენ: ერთია ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანების შემცველი კრებული, 1066 წლით დათარიღებული; მეორე კი – თამარ მეფისათვის საგანგებოდ გადაწერილი სახარება ვანის ოთხთავი, დათარიღებული XII–XIII სს–ით.
კონსტანტინეპოლი. აქ იყო უდიდესი ქრისტიანული ცენტრი, რომელსაც ჯერ კიდევ IX ს–ში ეწვივნენ ილარიონ ქართველი და გრიგოლ ხანძთელი. მას შემდეგ, რაც იერუსალიმი მაჰმადიანთა მფლობელობაში აღმოჩნდა, ქართველები აქეთ მოემართებოდნენ. აქ არსებულ სამწიგნობრო კერათა შორის გამოირჩევა ორი: აგიაპანტა და ხორა. სწორედ ხორაშია გადაწერილი "მცირე სჯულისკანონის" ხელნაწერი წიგნი, დათარიღებული 1031 წლით. წიგნი ბასილი ეტრატაის, ბასილი მალუშის ძეს გადაუწერია. იგი დიდად დახელოვნებული კალიგრაფი ყოფილა, დაუმზადებია არაერთი ხელნაწერი.
1028-1031 წწ-ში აგიაპანტაში ბერმონაზონ ისაკის მიერ გადაიწერა სასულიერო მწერლობის მნიშვნელოვანი კრებული.
ათონის მთაზე, ივირონის ქართულ კოლექციაში დღემდე ინახება ტრიანდაფლივის სავანეში შექმნილი სექტემბრის თვის წმინდანთა ცხოვრებებისა და წამებების მეტაფრასული, ანუ შევსებული, კრებული. მასზე დართული ანდერძით ცნობილი ცნობილი ხდება, რომ თხზულებები უთარგნია და წიგნი გადაუწერია XI ს-ის ცნობილ ქართველ მწიგნობარს თეოფილე ხუცესმონაზონს.
ათონის მთა. ძველი ქართული მწერლობის საზღვარგარეთ არსებულ კერებს შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ათონის ივერთა მონასტერს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია ივირონის სახელწოდებით. იგი მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთში. ამ მთაზე არაერთ ქრისტიან ერს ჰქონდა საკუთარი კოლონია. X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, კერძოდ, 980-983 წლებში ქართველებსაც მიეცათ საშუალება აეგოთ დიდი ტაძარი, გაეშენებინათ ათონის ივერთა მონასტერი. ათონის მთაზე სამონასტრო ადგილი და მამული საქართველომ შეისყიდა და იურიდიულად მიიღო მფლობელობაში მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა თორნიკე ერისთავის მეთაურობით დაამარცხა ბარდა სკლიაროსის ლაშქარი, ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი და შექმნა მნიშვნელოვანი მატერიალური საფუძველი მონასტრის ასაშენებლად.
ივირონის პირველი წინამძღვარი იყო იოანე ქართველი, რომელიც თავდაპირველად მოღვაწეობდა ულუმბოს მთაზე, სადაც თავისი ვაჟი ექვთიმეც (ეფთვიმე) მიიყვანა, შემდეგ მამა-შვილი ათონზე წამოვიდა და იქ 40 წელი გაატარა. ულუმბოს მთაზე ყოფნისას იოვანეს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა ათანასესთან, რომელიც შემდეგ ათონზე გადავიდა, იქ დააარსა ლავრა. ათანასე დიდად მფარველობდა ქართველ ბერს. ქართველთა მონასტრის დააარსებამდე იოვანე და ექვთიმე ათანასეს ლავრაში იმყოფებოდნენ, მათ შემდეგ შეუერთდათ თორნიკე ერისთავიც, რომელიც თავდაპირველად, ბერად აღკვეცის შემდეგ, სამხრეთ საქართველოში, ოშკის მონასტერში, მოღვაწეობდა. ათანასემ ისიც თავის ლავრაში დაამკვიდრა.
ათონის ქართველთა მონასტრის აგებისა და გასრულების შემდეგ, 983-985 წლებში, სამივე მოღვაწე ათონის ივერთა მონასტერში გადავიდა. იოვანე ქართველი იყო არა მარტო პირველი წინამძღვარი მონასტრისა, არამედ პირველი ინიციატორიც ქართული მწიგნობრობის შემდგომი განვითარებისა. სწორედ მან გაუღვივა ეფთვიმე ათონელს მწიგნობრული ინტერესი და ჩააბა მთარგმნელობით საქმიანობაში. მისი რჩევით შეუდგა ექვთიმე შემოქმედებით საქმიანობას. მამის სიცოცხლეში მას თარგმნილი ჰქონდა ოცდაათამდე წიგნი. ივირონში ასევე მოღვაწეობდნენ: იოვანე გრძელისძე, არსენი ნინოწმიდელი, იოვანე ხახულელი და ოქროპირი, ნეტარი ბერი გრიგოლი, ზაქარია მირდატის ძე და სხვ. ამ მოღვაწეთა სახელები იმ ქართული ხელნაწერების არაერთ ანდერძ-მინაწერშია მოხსენიებული, რომლებიც დღესაც ათონის მონასტერში ინახება.
ქართველებმა, როგორც ვხედავთ, ფართოდ გაშალეს სამწიგნობრო საქმიანობა ათონის მონასტერში და ჩააბეს არა მარტო ათონის მთის მოღვაწენი, არამედ სხვა სავანეთა, მაგ., ოშკის მწიგნობართა მნიშვნელოვანი ჯგუფის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: მიქაელ ვარაზვაჩესძე, სტეფანე მწერალი და გიორგი გელასისძე, იოვანე ჩირა, საბა მწერალი და სხვ.
ექვთიმე მთაწმიდელის საქმიანობა განაგრძო და გააფართოვა გიორგი მთაწმიდელმა, რომელიც ათონზე 1040 წელს მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას დაევალა ივირონის წინამძღვრობა და მონასტრის პრაქტიკულ საჭიროებებზე ზრუნვა, იგი აქტიურად ეწეოდა მწიგნობრულ საქმიანობას. სწორედ გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი ოთხთავის რედაქცია, და საღვთისმსახურო დანიშნულების ძეგლები და კრებულები დღემდე წარმოადგენენ ქართული ეკლესიის სახემძღვანელო წიგნებს. ივირონის კერაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: არსენ გოგოფა, იაკობი, იოვანე ხარტულარი, ჰიმნოგრაფი ეზრა და სტეფანე ათონელი, გიორგი ოლთისარი, ევსტრატი დეკანოზი, ზოსიმე მონაზონი და იაკობ მღვდელი.
ათონელ მწიგნობართა მოღვაწეობას ადევნებდნენ თვალს და ხელს უწყობდნენ საქართველოს სამეფო კარი - დავით დიდი კურაპალატი, ბაგრატ IV - დიდი ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაში, ბანელი ეპიესკოპოსი ზაქარია, რუისის მიტროპოლიტი ევლასე და სხვ.
საქართველოს პოლიტიკურად დასუსტების შემდეგ ქართველი ხელისუფალნი ჯეროვან ყურადღებას ვეღარ იჩენდნენ მონასტრისა და აქ მოღვაწე მამებისადმი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ XV-XVI საუკუნეებში ათონზე ინტენსიურად წარმოებდა ხელნაწერი წიგნების რესტავრაცია-სისტემიზაცია. XVIII საუკუნეში ათონს ეწვია არაერთი მოღვაწე, რომელთაგან ზოგმა აღწერა ქართველთა ძველი სავანე. ტიმოთე გაბაშვილმა მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა ათონზე მოგზაურობის დროს. XIX საუკუნეში ქართველები კვლავც არიან ათონზე, მაგრამ აქ კიდევ უფრო გართულდა ქართველთა მდგომარეობა, რადგან საქართველომ და ქართულმა ეკლესიამ დაკარგეს დამოუკიდებლობა. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში. 1821-30 წწ. თურქებმა დაიკავეს ათონის მთა. ბერძნები დაიფანტნენ, ზოგიერთი ქართველი არ შეუშინდა დამპყრობლებს და დარჩა ათონზე. მათ შორის იყო ბერი ბესარიონ (ვენედიქტე) ქიოტიშვილი. მისი მინაწერი გვხვდება მრავალ ათონურ ხელნაწერზე. XIX საუკუნის 70-იან წლებში დაუარსებიათ ივერთა მონასტრის ახლოს ქართველთა ახალი სავანე იოვანე ღვთისმეტყველის მონასტერი, რომელშიც თავი მოიყარა ათონის მთაზე მიმოფანტულმა ქართველობამ. XX საუკუნეში ათონზე მოღვაწეობდა ილია ფანცულაია, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა რამდენიმე ხელნაწერი. ისინი დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
1883 წელს ათონის მთაზე იყო ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც აღწერა ქართული ხელნაწერები. 1931 წელს კი 86 ქართული ხელნაწერი საფუძვლიანად შეისწავლა და ვრცლად აღწერა რ. ბლეიკმა.
XX საუკუნის 70-იანი წლებიდან აღდგა მიმოსვლა ათონის მთაზე, შესაძლებელი გახდა ათონის ივერთა მონასტრის სიძველეთა შესწავლა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებობს 86 მიკრო და ფოტო პირი ათონზე დაცული ქართული ხელნაწერებისა, რაც ქართველ მეცნიერებს საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ და შეისწავლონ ათონის მთაზე დაცული ქართული სიძველეები.
პეტრიწონი. ეს მონასტერი მდებარეობს ქალაქ პლოვდივთან, მდინარე ასენიცის მარჯვენა მხარეს. იგი სიდიდით მეორეა ბულგარეთში. ამ მონასტერმა დიდი როლი შეასრულა არა მარტო ქართული მწერლობის ისტორიაში, არამედ ბულგარეთის ისტორიაშიც.
ბულგარეთში ქართული სავანის არსებობა გვიან გახდა ცნობილი. პირველი ცნობა ამის შესახებ 1878 წელს გამოქვეყნდა. შემდგომი კვლევა-ძიებით დაზუსტდა, რომ პეტრიწონის ქართველთა მონასტერი 1083 წელს დააარსა გრიგოლ ბაკურიანისძემ, რომელიც ბიზანტიის ასპარეზზე დაწინაურებული ქართველი დიდებულია. გრიგოლ ბაკურიანისძემ შეუდგინა პეტრიწონის მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე. ტიპიკონში აღნიშნულია, რომ სავანე ქართულია და ქართველებისათვისაა განკუთვნილი. ტიპიკონის ტექსტი სამ ცალად გაუმზადებიათ: 1 – ქართულად, 2 კი – ბერძნულად.
პეტრიწონის მონასტერში არსებობდა სემინარია. მას ხელმძღვანელობდა განსწავლული ბერი, რომელიც ექვს ახალგაზრდას აძლევდა ფილოსოფიურ განათლებას. გავრცელებული აზრით, პეტრიწონში სემინარიის მუშაობას სათავეში ედგა იოანე პეტრიწი, ქართული ფილოსოფიური აზროვნების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. იოანე პეტრიწმა მრავალმხრივი მეცნიერულ-ლიტერატურული სკოლა დატოვა. მან სათავე დაუდო ქართულ ფილოსოფიურ სკოლას, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართული ფილოსოფიური ენისა და ტერმინოლოგიის შემუშავებაზე. პეტრიწონულმა სკოლამ მიზნად დაისახა ენობრივი სიახლოვე ბერძნულ დედნებთან.
XII საუკუნის დამდეგს იოანე პეტრიწს მოუხდა პეტრიწონის მონასტრის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება, გელათის აკადემიაში დამკვიდრება. ამით გელათი პეტრიწონის სამწერლობო-ფილოსოფიური სკოლის ტრადიციების გამგრძელებელი გახდა.
პეტრიწონის მონასტერში ქართველები შეფერხებით, მაგრამ XV საუკუნეშიც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. სწორედ ამ დროისა ეგონათ ერთადერთი ხელნაწერი წიგნი, რომელმაც პეტრიწონიდან მოაღწია. ეს არის კრებული, რომელშიც შესულია იოანე დამასკელის, ეფრემ ასურისა და სხვათა თხზულებები. ხელნაწერი ჭვირნიშნით დათარიღდა 1300-1340 წლებით.
- გაბაშვილი ტ. მიმოსვლა, ელ. მეტრეველის გამოც., თბ.,1956.
- დოლაქიძე მ. ილარიონ ქართველის ცხოვრების ძველი რედაქციები, თბ., 1974.
- კეკელიძე კ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ, 1980
- ლოლაშვილი ივ. "ილარიონ ქართველის ცხოვრების" ვრცელ და მოკლე რედაქციათა ურთიერთობისათვის, "ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები", VII-VIII 1976.
- მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ.II, თბ., 1980.
- მეტრეველი ელ. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998წ.
- მისივე, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, 1996.
- ჟორდანია თ. ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვართა სია, ქრონიკები I, 2003წ.
- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი 2(XI-XVსს), თბ., 1967.
- Actes d’Iviron, Ed. par J. Lefort, N. Oikonomidés, D. Papach-ryssanthou, avec la collaboration d’ H. Métrévéli. Paris, vil.I, 1985; vol.II, 1990, vol. III, 1994.
- Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliothéque de la Laure d’ Iviron au Mont Athos par R. Blake, ROC, 3-éme Série, VIII (XXIVII), ,N 3-4, (1932),; IX (XXIX), N 1-12 (!932), N 3-4 (1932).