- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ქართული საზოგადოების ნაწილის სწრაფვა კათოლიკური ევროპისაკენ, რაც განპირობებული იყო მუსლიმური მოძალებითა და ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ვითარებით, აფართოებდა დიპლომატიური ურთიერთობის არეალს და ქმნიდა ევროპულ კულტურასთან მეტი დაახლოების შესაძლებლობას. Aამის ნათელი მაგალითია სულხან-საბას მოგზაურობა იტალიასა და საფრანგეთში, რაც საინტერესოდ და ორიგინალურადაა ასახული მისი მემუარული ჟანრის თხზულებაში “მოგზაურობა ევროპაში”. სწორედ ამ ძეგლმა ჩაუყარა საფუძველი ევროპულ საგანმანათლებლო-სამწიგნობრო ტრადიციაში ცნობილი სამოგზაურო-მემუარული ჟანრის ქართულ ხელნაწერთა შექმნას.
თუ სულხან-საბასთვის მნიშვნელოვანი იყო შეეკრიბა და მკითხველისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ევროპის შესახებ, Aამ ჟანრში მოღვაწე XIX საუკუნის ორმა ავტორმა _ ტიმოთე გაბაშვილმა და გიორგი ავალიშვილმა ყურადღება ჩვენი ისტორიული წარსულის უმნიშვნელოვანეს სივრცეს - ქრისტიანულ აღმოსავლეთს მიაპყრეს. მათ მიერ შექმნილი თხზულებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან წყაროებს, რომლებიც მოგვითხრობენ ქართველთა მოღვაწეობისა და მათი კულტურულ-პოლიტიკური კავშირების შესახებ აღმოსავლეთში.
XIX ს-ის ცნობილი მოღვაწის, ევროპეიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის გიორგი ავალიშვილის სამოგზაურო-მემუარული ჟანრის თხზულება, რომელიც მოგვითხრობს საბერძნეთსა, ეგვიპტესა, პალესტინასა და თურქეთში მისი მოგზაურობის შესახებ, ერთადერთი ავტოგრაფული ხელნაწერითაა შემონახული. ეს უაღრესად საინტერესო ხელნაწერია თავისი შედგენილობითა და მიზანდასახულობით. იგი შეიცავს ეკლესია-მონასტრების, სიძველეთა აღწერას, წარმოგვიდგენს დაკვირვებებს ხალხთა ზნე-ჩვეულებებზე, რელიგიურ ურთიერთობებზე, გვაწვდის ცნობებს სხვადასხვა დასახლებული ადგილის შესახებ. იგი შეიცავს იერუსალიმის ფერად რუკას, გეოგრაფიულ სახელთა საძიებელს, გეგმებს.
- ტიმოთე გაბაშვილი, მიმოსლვა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა, თბილისი, 1956
- გ. ზარდალიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, როგორც მოგზაური და გეოგრაფ-კარტოგრაფი; სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებული, თბილისი, 1959
- ლ. კიკნაძე, გიორგი ავალიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი, 1993