- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთ უაღრესად მნიშვნელოვან ჯგუფს ქმნის მრავალრიცხოვანი ქართული სამეცნიერო შინაარსის თხზულებათა შემცველი ხელნაწერი წიგნები.Eეს შრომები განეკუთვნება მეცნიერების სხვადასხვა დარგს, ასახავს ქართული მეცნიერული აზრის განვითარების ცალკეულ ეტაპებს და ცოდნის ტრანსფორმაციის გზებსა და შედეგებს.
ამ პერიოდში მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მეცნიერება შუასაუკუნეებში ისტორიული ბედუკუღმართობისა და მისგან გამოწვეული შედეგების გამო ჩამორჩა მსოფლიო მეცნიერების დონეს, ზოგიერთმა დარგმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა. XVI-XVIII სს.-ებში, “ენციკლოპედიურ ხანაში” ქართველ მოღვაწეთა ძირითად საზრუნავს ქართველი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის მრავალი საუკუნის ნამუშევარის შეკრება და ამ ცოდნის მომავალი თაობებისათვის გადაცემა წარმოადგენდა.
ქართულ სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ორიგინალური და ნათარგმნ-გადმოკეთებულ სამეცნიერო თხზულებები ასახავს ამ პერიოდის მოღვაწეთა ეროვნულ და საგანმანათლებლო მიზნებს. ამასთან, შეიცავს მდიდარ მასალას კულტურული ურთიერთობების შესასწავლად, წარმოაჩენს ქართველი მოაზროვნეების როლს შუასაუკუნეების მეცნიერული აზრის ფორმირებაში.
ამ პერიოდის ორიგინალური თუ ნათარგმნ-გადმოკეთებული ძეგლები პრაქტიკულად სახელმძღვანელოებს წარმოადგენდა, რომლებსაც ერთვოდა ლექსიკონები, განმარტებები, პრაქტიკული მითითებები.
ქართველ განმანათლებელთა მოღვაწეობა რამდენიმე მიმართულებით იყო გაშლილი: ისინი თარგმნიდნენ სამეცნიერო თხზულებებს, ადგენდნენ მათ, უკეთებდნენ კომენტარებს, აღნუსხავდნენ ხელნაწერ მემკვიდრეობას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლების რედაქტირების შედეგად კი ეს ძეგლები სასწავლო-გამოყენებით თხზულებების ფუნქციას იძენდა. ცხადია, სახელმძღვანელოების შექმნა ემყარებოდა ენციკლოპედისტ-განმანათლებელთა პირად ცოდნასა და ერუდიციას და საგანგებო კვლევა-ძიებით მიღებულ შედეგებს. მთელი ეს საქმიანობა უპირველესად სამეცნიერო შინაარსის მდიდარი ხელნაწერი მემკვიდრეობის შექმნასა და გავრცელებას გულისხმობდა და ქმნიდა საფუძველს მათი შემდგომი განვითარებისათვის.
ასტრონომია-ასტროლოგია, მათემატიკა
მრავალრიცხოვანი ასტრონომიულ-ასტროლოგიური შინაარსის ქართული ხელნაწერები შედგენილობისა და მიზანდასახულობის თვალსაზრისით მრავალფეროვან ნუსხებს აერთიანებს. Eეს არის ცალკეული თხზულებები და კრებულები – კალენდარული და ზოგადკოსმოგონიური ხასიათის, აგრეთვე შერეული ტიპის ხელნაწერი კრებულები, რომლებიც პრაქტიკულ-სახმარ წიგნებად და სახელმძღვანელოებად იყო გამოყენებული.
უპირველესად უნდა აღინიშნოს 1188-1210წწ.-ში შედგენილი კრებული AA-65, რომელიც შეიცავს სხვადასხვა სახის სასულიერო შინაარსის თხზულებებს - ანასტასი სინელის “წინამძღვარს”, ნიკიტა სტითატისა და თომა იერუსალიმელის შრომებს, აგრეთვე ასტრონომიულ-ასტროლოგიური ხასიათის თხზულებებს: სიდიდე და სიმცირე ვარსკვლავთა და ზოდიაქოები/ საეტლო (ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის)
“ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის” არაბულიდანაა გადმოკეთებული (ა. შანიძე) და ეხება ციურ ეტლთა დახასიათებას, მთვარის მოძრაობას, მოძღვრებას შვიდი მნათობის შესახებ. ხელნაწერი უაღრესად საყურადღებოა მოხატულობის თვალსაზრისითაც და დიდ მსგავსებას იჩენს სპარსულ სამინიატურო ხელოვნებასთან.
XIIIს-ში შედგენილი მრავალმხრივ საყურადღებო ხელნაწერი ანთოლოგიის ტიპის კრებულია, რომლის რედაქტორია ცნობილი მწერალი და მეცნიერი აბუსერიძე-ტბელი. Aამ კრებულში შეტანილ მრავალფეროვან ჰიმნოგრაფიულ მასალასთან ერთად შესულია თავად ტბელის ორიგინალური ასტრონომიული შინაარსის თხზულება, რომელშიც ასახულია იმდროინდელი ბიზანტიასა და ახლოაღმოსავლეთში არსებული ცოდნა კალენდარული სისტემების შესახებ.
გვიან შუასაუკუნეებში ძირეულად შეიცვალა საქართველოს ისტორიული განვითარების ხაზი. საქართველო დროებით მოწყვეტილი აღმოჩნდა ევროპისაგან და ისლამური სამყაროს გავლენის ქვეშ მოექცა. ზემოთქმული უპირველესად ქვეყნის უახლოეს მეზობელთან, ირანთან ურთიერთობას გულისხმობს. გავლენებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართველი ერის კულტურული ცხოვრების ყველა სფეროს – ლიტერატურულს, ენობრივს, მხატვრულსა და მეცნიერულს.
მიღებული თვალსაზრისით, თანამედროვე მეცნიერება შეიქმნა ელინური, ისლამური და ლათინური ცივილიზაციების მიღწევათა შეჯერების საფუძველზე. ქართული მეცნიერება ამ ურთიერთგავლენების ამსახველი მოვლენაა.
ეს გავლენები ნათლად აისახება ქართულ სამეცნიერო თხზულებებში, რომელთაგან ზოგიერთი უშუალოდ თარგმანს, ხოლო ზოგი - “გარდათქმა”- გადამუშავებას წარმოადგენს. უპირველესად ეს ასტრონომიულ-ასტროლოგიური შინაარსის თხზულებათა თარგმანებია, რომლებიც შუასაუკუნეების ცნობილ ქართველ ავტორებს, მთარგმნელებსა თუ “გარდამთქმელებს” მიეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ცალკეული ასტრონომიულ-ასტროლოგიური შინაარსის თხზულებების გვერდით გვხვდება “შერეული კრებულები”, ე.წ. “სამაგიდო წიგნები”, რომლებიც შეიცავს ერთი შეხედვით შეუთავსებად მასალას როგორც შინაარსობრივი თვალსაზრისით, ისე წარმომავლობის მხრივ. Aამ ტიპის ხელნაწერები საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაში. ერთი ასეთი ნიმუშია ეროვნულ ცენტრში დაცული XVIII ს.-ის ნუსხა, რომელიც სასულიერო პირის, მიტროპოლიტის, ცნობილი მქადაგებლის, მისიონერისა და მოღვაწის ამბროსი ნეკრესელის (1728-1815 წწ.) კრებულის სახელითაა ცნობილი.
გვიან შუასაუკუნეებში, როდესაც შეწყდა ქართული ორიგინალური მეცნიერული აზრის განვითარება, ასტრონომია უკვე აღარ არსებობდა, როგორც მეცნიერება. Qქართველმა განმანათლებლებმა, უპირველესად კი ვახტანგ VI-მ, აღადგინეს და განავითარეს ეს მივიწყებული დარგი არსებული ტრადიციების გაცოცხლებით, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილში აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ჩვევების დანერგვით.
ვახტანგ VI-მ თარგმნა ასტრონომიულ-ასტროლოგიური, მათემატიკური, სამკურნალო, ქიმიური შინაარსის თხზულებები. ზოგიერთი მათგანი ბრწყინვალე ქართული ხელნაწერებითაა შემონახული:
ხელნაწერი S-161 წარმოგვიდგენს შუასაუკუნეების ცნობილი ასტრონომის ულუღბეგის “ზიჯის” / ”ვარსკვლავთა კატალოგის” ვახტანგის მიერ შესრულებულ თარგმანს. ულუღბეგის ნაშრომი დიდი მნიშვნელობის ფაქტია ასტრონომიული აზროვნების განვითარებაში, ეს არის მეორე სერიოზული კატალოგი 16 საუკუნის განმავლობაში. ვახტანგმა იგი ირანში ყოფნისას თარგმნა. ხელნაწერი რუსეთშია გადაწერილი 1735-1737 წწ.-ებში.
ორიგინალური მათემატიკური სახელმძღვანელოს შექმნა ასევე ვახტანგ VI-ის სახელს უკავშირდება. Mმის მიერ შედგენილი კრებული (ხელნაწერი S-167), რომელიც დაიწერა ვახტანგისა და ვინმე მიხეილ ელივიჩის თანამშრომლობით, 1725 წლით თარიღდება. Dძეგლი რუსულ წყაროებს უკავშირდება, თუმცა არ წარმოადგენს მათ თარგმანს
ვახტანგის შემდგომი პერიოდის მათემატიკური შინაარსის თხზულებები წარმოდგენილია 14 ქართულ ხელნაწერში, რომლებიც ქრონოლოგიურად XVIII ს.-ის II ნახევარითა და XIX ს.-ის 30-იანი წლებით შემოისაზღვრება. მათგან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს არითმეტიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოს შემცველი ხელნაწერი S-1531, რომელშიც რუსულად დაწერილი ასტრონომიულ-კალენდარული თხზულებაცაა ჩართული. საინტერესოა, რომ სახელმძღვანელოს მინაწერის მიხედვით, იგი ეკუთვნოდა XVIII ს.-ის ცნობილ ქართველ მოღვაწეს, მდივან ომან ხერხეულიძეს. “არითმეტიკის” სახელმძღვანელო ლ. მაგნიცკის ცნობილი შრომის თარგმანს წარმოადგენს, რომელიც დაიბეჭდა მოსკოვში 1703 წელს.
ქიმია, ფიზიკა, ტექნოლოგია
სამეცნიერო შრომები ქიმიის შესახებ მსოფლიო მასშტაბითაც კი ძალზე მცირეა, რაც ზრდის ჩვენს ფონდებში დაცული ქიმიურ-ტექნოლოგიური შინაარსის ქართული ხელნაწერების მნიშვნელობას.
ერთ-ერთი ასეთი ქართული თხზულებაა “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის”, რომელიც ვახტანგ VI-ის მიერაა შედგენილი. მასში აშკარაა აღმოსავლური, რუსული და ლათინური წყაროების კვალი. რამდენიმე პარაგრაფი თხზულებაში შუასაუკუნეების ცნობილი მეცნიერის არ-რაზის “საიდუმლოებათა საგანძური”-დანაა შეტანილი. ამავე დროს მასში წარმოდგენილია რუსული სამკურნალო ცოდნის ამსახველი მასალა და ლათინური წყაროების კვალი.
ავტორის მიერ თხზულებაში შეტანილია ორიგინალური პარაგრაფებიც. Aაქ წარმოდგენილ მოსევადების, ფერადი და ოპტიკური მინების, მელნის, სულფიდური პრეპარატების დამზადების მეთოდებს, სამედიცინო პარაგრაფებს მაღალ შეფასებას აძლევენ თანამედროვე მეცნიერები.
ხელნაწერი S-3721 ვახტანგ VI-ის რუსეთში ყოფნისასაა შედგენილი; ეს არის თხზულების ერთადერთი სრული ნუსხა. იგი გადაწერილია ვახუშტი ბაგრატიონის ხელით; მის მიერვეა შესრულებული სპეციალური, ფიზიკისა და ქიმიის ხელსაწყოთა ნახაზები.
ევროპასთან კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების საინტერესო სურათს წარმოგვიდგენს XIX ს-ში, 1815-1820 წლებში შესრულებული ერთი ხელნაწერი, რომელიც შეიცავს იოანე და დავით ბატონიშვილების მიერ შედგენილ და გადაწერილ, სხვადასხვა ევროპული და რუსული წყაროებიდან თარგმნილ-გადმოკეთებულ თხზულებებს: დავით ბატონიშვილის “შემოკლებულ ფიზიკას”, კარაბადინებს, მათ შორის “ცხენის კარაბადინს”, ალექსანდრე არჩილის ძის მიერ რუსულიდან თარგმნილ საარტილერიო წიგნს, იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილ “ზოოლოგიას”.
მინერალოგია, გეოლოგია
ქართული სამეცნიერო-მინერალოგიური ხასიათის თხზულებების ერთი ნაწილი ცალკე ძეგლებადაა წარმოდგენილი, ნაწილი კი შედის სამეცნიერო შინაარსის ან შერეული ტიპის ხელნაწერ კრებულებში. ამ ტიპის მასალა ხშირად ერთვის კარაბადინებს, სხვა მომიჯნავე დარგების თხზულებებს და ენციკლოპედიურ (მიმოხილვით) ნაშრომებს (მაგ.: “ქიმიას”, “კალმასობას”).
უძველესი ქართული მინერალოგიური ხასიათის თხზულება ეპიფანე კვიპრელის ტრაქტატის ქართული თარგმანია, რომელიც შატბერდის კრებულშია მოთავსებული (Xს.). იგი ეხება ბიბლიურ ქვებს, მათ სამკურნალო და სხვა თვისებებს.
უფრო გვიანი ხანის თხზულებებში სხვა სახის მასალაა წარმოდგენილი. ამ დარგის შუასაუკუნეებში შექმნილ ნაშრომებზე დიდ გავლენა იქონია არისტოტელეს “მეტეოროლოგიის” IV თავის თარგმანებმა. იგი IX ს-ში ითარგმნა არაბულად და აქედან გავრცელდა ევროპასა და მუსლიმურ სამყაროში, მათ შორის გვიანი შუააუკუნეების ქართულ ძეგლებში. ამ ტიპის წიგნების უმტესობა სპარსულ-არაბულ წყაროებსა და ტრადიციას უკავშირდება.
მედიცინა
მდიდარ ეროვნულ-ხალხურ ტრადიციებს ემყარებოდა ქართული სამედიცინო აზროვნება, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მონაცემები, აგრეთვე ძველი მსოფლიოს ისტორიკოსთა შრომებში (მაგ. სტრაბონი), ქართულ აგიოგრაფიულ ძეგლებში დადასტურებული ცნობები. მან შემოინახა სატაძრო, მაგიური, ხალხური და საერო ცოდნა. ამავე დროს ქართულმა მედიცინამ ასახა ძველი ბერძნული, არაბულ-სპარსული და ევროპული გავლენები.
მწერლობის პირველი პერიოდიდან, ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი სამწიგნობრო კერიდან, შატბერდიდან, მოუღწევია ჩვენამდე სასწავლო ტიპის შერეულ კრებულს, რომელიც სხვადასხვა ხასიათის შრომებთან ერთად შეიცავს სამედიცინო-ფილოსოფიური ხასიათის თხზულებას _ `კაცისა შესაქმეს~.
XI საუკუნის 20-იან და 50-იან წლებში ათონელთა მიერ Aითარგმნა ორი ტრაქტატი: ექვთიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილი გრიგოლ ნოსელის `ქალწულებისათვის~ და გიორგი მთაწმიდელის თარგმანით მოღწეული ბასილი ანკÂრიელის თხზულება ,,ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათÂს“.
შუასაუკუნეებში ქართული მედიცინა ისევე, როგორც მეცნიერების სხვა დარგები, განიცდის ძლიერ არაბულ-ირანულ გავლენას.
ეროვნულ ფონდში დაცულია უძველესი სამედიცინო შინაარსის მდიდარი კოლექცია, რომელიც შეიცავს ქართულ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში პოპულარულ სამედიცინო-სახმარ წიგნებს, მათ შორის “უსწორო კარაბადინს”, “წიგნი სააქიმოის”, დავით ბაგრატიონის მიერ შედგენილ “იადიგარ დაუდის”. ეს კომპილაციური შრომებია, რომლებიც ემყარება იმდროისათვის ცნობილ ქართულ და აღმოსავლურ სამედიცინო შრომებს.
ხოჯაყოფილის “წიგნი სააქიმო”, პოპულარული ქართული სამედიცინო კრებული, ჩვენამდე ერთადერთი, XV ს.-ისწიგნია. იგი გადაწერილია ბასიანის ბრძოლიდან ნადავლის სახით ჩამოიტანილი ეგზემპლარიდან.
ვეტერინარული ხელნაწერი წიგნები საქართველოში XVII საუკუნიდან გვხვდება. მათ შექმნაში, თარგმნა-გადმოკეთებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვახტანგ VI-ს, გიორგი XII-ის შვილებს – იოანე და ბაგრატ ბატონიშვილებს. ცხენის, ძაღლის და ფრინველთა კარაბადინების შემცველი ზოგიერთი ხელნაწერი ქართული კალიგრაფიისა და, ზოგადად, წიგნის კულტურის თვალსაჩინო ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს.
გეოგრაფია, კარტოგრაფია
ქართული მეცნიერული გეოგრაფიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვახუშტი ბატონიშვილს, რომელმაც მოგვცა საქართველოს ტერიტორიის პირველი დეტალური აღწერა. იგი მოიცავს 5 პოლიტიკურ-ეთნოგრაფიულ ერთეულს და წარმოგვიდგენს ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ბუნებისა და მოსახლეობის თავისებურებებს, შესაბამისი სარტყლების დახასიათებას, რელიეფის ფორმათა შეფასებას და სხვ. მანვე შეადგინა ორი გეოგრაფიული ატლასი, სადაც მოცემულია კავკასიის ერთი ნაწილის თავისი დროისათვის ზუსტი კარტოგრაფიული გამოსახულება.
ლექსიკოგრაფია
სამეცნიერო ტერმონოლოგია ფართოდაა წარმოდგენილი სულხან-საბას, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონში, “სიტყვის კონაში”. ეს ლექსიკოგრაფიული ნაშრომი განსაკუთრებული მოვლენაა ქართული კულტურის, ენისა თუ მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით. მასში დაფიქსირებულია ძველი ქართული სამწერლო ენის ლექსიკა, გამოკრებილი ძველი ქართული ტექსტებიდან, მისი თანამედროვე ენის მონაცემები, მათ შორის
ზეპირსიტყვიერებიდან მომდინარე, აგრეთვე “სხვათა სიტყვები” და სხვ. ქართულ ხელნაწერთა ფონდებში დაცულია ლექსიკონის რამდენიმე რედაქცია, მათ შორის საბას ავტოგრაფი, კონსტანტინოპოლური ნუსხა H-1658, რომელიც შეიცავს ავტორის მიერ შესრულებულ ნახაზებსა და სქემებს.
ლექსიკოგრაფიული მასალა ხშირად ერთვის ქართულ ხელნაწერებს ცალკეული ლექსიკონების, შრომებზე დართული ტერმინების ჩამონათვალისა და განმარტებების სახით.
- თამარ აბულაძე, ვახტანგ VI-ის მთარგმნელობითი მოღვაწეობა, თბილისი, 1990
- დავით ბაგრატიონი, იადიგარ დაუდი, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა, ლექსიკონი და კომენტარები დაურთო ლ. კოტეტიშვილმა, თბილისი, 1985
- ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის, თხზულება გამოსცა, წინასიტყვაობა და ენობრივი მიმოხილვა დაურთო ა. შანიძემ, თბილისი, 1975
- ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, გამომცემლები თ. ენუქიძე, ვ. კოკოჩაშვილი, თბილისი, 1981
- ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941
- ქანანელი, უსწორო კარაბადინი, ლ. კოტეეტიშვილის გამოცემა, თბილისი, 1940
- ლ. ქუთათელაძე, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის რედაქციები, თბილისი, 1957
- მ. შენგელია, ნარკვევები ქართული მედიცინის ისტორიიდან, თბილისი, 1981
- რ. ჩაგუნავა, ვახტანგ ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო მოღვაწეობა (მათემატიკა), თბილისი, 1986
- “წიგნი სააქიმოი”, ლ. კოტეტიშვილი, მედიცინა ძველ საქართველოში, XIIIს., თბილისი, 1936
- Чагунава Р. В. Вахтанг Багратиони и его труд по химии, Тбилиси, 1984