ყველაზე ადრე ქართველთა კვალი სირია-პალესტინაში ჩანს. ბუნებრივია, რომ ქრისტიანული მოძღვრებისა და ასკეტურ-სამონასტრო ცხოვრების შეთვისების მიზნით ქართველი საეკლესიო მოღვაწეები სწორედ ამ რეგიონს მიმართავდნენ. ქართველთა აქ მოღვაწეობას ჰქონდა არა ფრაგმენტული ან კერძო ხასიათი, რაც გულისხმობს ცალკეული სასულიერო პირის კერძო ინიციატივას, არამედ ეს იყო ქართული ეკლესიისა და ბერ-მონაზვნობის ერთიანი და მყარი სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილი. ქართველები მოღვაწეობდნენ როგორც ბერძენთა მიერ დაარსებულ, ასევე საკუთრივ ქართულ მონასტრებში.

პალესტინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ როგორც საქართველოში, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვა ცენტრებში იერუსალიმის გეგმა, გიორგი ავალიშვილი, XIX სმოღვაწე ქართველ მწიგნობარ ბერებს, ასევე მაღალი საერო წრის წარმომადგენლებს. წიგნები ერთი ცენტრიდან მეორეში იგზავნებოდა, არ წყდებოდა პილიგრიმული მოძრაობა.  საქართველოს ეკლესია და საერო არისტოკრატია ფინანსურად უზრუნველყოფდა  პალესტინაში მოღვაწე ქართველი მოწესეების საქმიანობას.

ქართველთა (იბერთა) მონასტერი. V საუკუნეში პალესტინაში არსებული ქართული სამონასტრო კოლონიზაციის შესახებაც ცნობებს გვაწვდიან პეტრე მაიუმელის (იბერის) "ცხოვრება", ბიზანტიელ ავტორთა თხზულებები – რუფინუსის "საეკლესიო ისტორია" და პროკოფი კესარიელის "შენობათათვის". ყველა ადრეული ცნობის მიხედვით, პეტრე მაიუმელს იერუსალიმში აუშენებია "სახლი სასტუმროი" ქართველ და ბერძენ ბერთათვის და ასევე მდ. იორდანის პირას აუგია ქართველთა მონასტერი. როგორც ჩანს, სწორედ მას მოიხსენიებს პროკოფი კესარიელი იბერთა მონასტრის სახელწოდებით.

ქართული ეკლესია. VI ს-ის 30-იან წლებში დაწერილი ბერძენი მამის, იერუსალიმში დიდი ლავრის დამაარსებელ თეოდოსი კვინობიარქის, ანუ კრებულმთავრის "ცხოვრების"  მიხედვით, ქართველებს ჰქონიათ საკუთარი ეკლესია თეოდოსის ლავრაში და იქ ქართულ ენაზე ატარებდნენ ღვთისმსახურებას.

ბეთლემის ქართული მონასტერიპალესტინაში მოღვაწე ქართველთა კვალსა და ბეთლემის მახლობლად ქართული მონასტრის არსებობას ბეთლემის მონასტერი, მოზაიკური წარწერაადასტურებს იტალიელი არქეოლოგის, ვირჯილიო კორბოს, მიერ 1952-53 წწ-ში აღმოჩენილი სამი ქართული მოზაიკური წარწერა (VI-VII სს.) და მონასტრის ნანგრევები. როგორც გაირკვა, ეს თეოდორე ტირონის  სახელობის ქართველთა მონასტერი ყოფილა. ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემორჩენილ წარწერაზე იკითხება მონასტრის წინამძღვარ ამბა ანტონისა და მოზაიკური წარწერის შესმსრულებელ იოსიას სახელები.

ბუნებრივია, ამ სამ მონასტერში სამწიგნობრო საქმიანობაც იქნებოდა გაჩაღებული. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ გადაწერილ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მართალია, საქართველოშიც, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, და საზღვარგარეთაც, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის წიგნსაცავებში, დაცულია V–VI სს-ებით დათარიღებული პალიმფსესტური ფურცლები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მათი წარმომავლობის ადგილი. რაც შეეხება ასოთა გრაფიკულ მოხაზულობას, ხელის თავისებურებას (რაც ხშირად გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ნაწერის არა მხოლოდ თარიღი, არამედ წარმომავლობის ადგილიც), ქართული პალიმფსესტების, ბოლნისის სიონისა თუ მცხეთის ჯვრის მონასტრისა და პალესტინის ბეთლემის მონასტრის გრაფემები თითქმის  იდენტურია. ეს კი მეტყველებს V საუკუნის ქართული წერილობითი კულტურის, ანუ კალიგრაფიული სკოლების უკვე მყარად ჩამოყალიბებულ ტრადიციაზე.

საბაწმინდის ლავრა. ქართული სამონასტრო ცხოვრებისა და წერილიბითი ტრადიციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ბერ-მონაზვნობის მოღვაწეობას იერუსალიმის მახლობლად არსებულ საბა განწმენდილის ანუ საბაწმინდის ლავრაში. V საუკუნის 80-იან წლებში ჭილ–ეტრატის იადგარი, X ს. დაარსებულ ამ უდიდეს მონასტერში რამდენიმე ასეული ბერძენი, სირიელი, სომეხი ბერი მოღვაწეობდა. ქართველები აქ ადრევე გამოჩნდნენ და VI საუკუნის I მესამედში ისე მომრავლდნენ, რომ საკუთარი ეკლესიაც კი ჰქონდათ,რ ომელშიც ზოგიერთ საღვთისმსახურო წიგნს ქართულ ენაზე კითხულობდნენ.

საბაწმინდის მონასტერში ქართული კოლონიზაცია განსაკუთრებით მოძლიერდა VIII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდში ითარგმნა და გადაიწერა უმნიშვნელოვანესი ქართული ხელნაწერი წიგნები, შეიქმნა საღვთო წერილის საბაწმინდური რედაქცია. ტაო-კლარჯეთისა და, ზოგადად, იმ ხანის საქართველოს მონასტრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ საბაწმინდასთან. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ტაოში დაფუძნებულ მამას ხანძთის მონასტრის წესგანგება საბაწმინდური ტიპოკონის საფუძველზე ჩამოუყალიბებია. მართალია, მუსლიმ არაბთა და შემდგომ თურქ-სელჩუკთა მიერ პალესტინის დაპყრობისა და საბაწმიდის მონასტრის შევიწროვების შემდგომ ქართულმა ბერმონაზვნობამ სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაიდო ბინა, მაგრამ ურთიერთობა საბაწმინდასთან და იქ პილიგრიმობა არ შეუწყვეტია.

ქართველ მწიგნობართაგან საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდნენ გრიგოლ ხანძთელის მიწაფეები _ მაკარი ლეთეთელი, არსენი, მარტვირი საბაწმინდელი, სეითი, პიმენ კახი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი, იოვანე-ზოსიმე, რომელიც შემდგომ სინის მთაზე მოღვაწეობდა; გარკვეული დროის განმავლობაში აქ დაემკვიდრა ჯვრის მონასტრის დამაარსებელი გიორგი_პროხორე, სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვა არაერთი მწიგნობარი.

საბაწმინდაზე გადაწერილი ქართული ხელნაწერი წიგნების, რომელთა უმეტესი ნაწილი შემდგომ სინის მთაზე გადაიტანეს, ლიტერატურული მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ქართული კულტურის ისტორიის ფარგლებს. ამ ხელნაწერებმა შემოინახეს ადრეული ბიზანტიური მწერლობისა და წიგნის ხელოვნების უნიკალური ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი დედნები (ბერძნული, სირიული, არაბული, სომხური) დღეისათვის დაკარგულია. ამიტომაც მათ შესწავლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტიანული აზროვნებისა და ხელოვნების მკვლევრები. ეს წიგნებია სინური მრავალთავი, ჭილ-ეტრატის იადგარი, ასკეტიკურ-ჰიმილეტიკური კრებული "სამოთხე", ეფრემ ასურის თხზულებათა შემცველი კრებული და სხვა.

პალავრა ანუ ხარიტონის ლავრა (ხარიტონწმინდა). იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სავანე. მისი დამაარსებელია IV საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე მამა ხარიტონი. პალავრაში ქართველ ბერ-მონაზონვნები ინტენსიურად ჩანან  X-XI სს-ში. აქ მოღვაწეობდნენ: იოანე საფარელი, პავლე პალავრელი, გრიგოლ ხარიტონწმინდელი, სტეფანე პალავრელი და სხვა.

იოანე ოქროპირის ცხოვრება, 968 წ.პალავრაში 968 წელს იოანე საფარელის მიერ გადაიწერა გიორგი ალექსანდრიელის თხზულება "იოვანე ოქროპირის ცხოვრება". ამ ქართული თარგმანის ბერძნული დედანი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. ამ ხელნაწერის მომგებელი, ანუ მისი გადაწერის ფინანსურად უზრუნველმყოფია მიქაელ საფარელი. წიგნი გამოირჩევა მხატვრული თვალსაზრისითაც – საზედაო ასოებითა და იოვანე ოქროპირის გამოსახულებით.

პალავრის მონასტერი მეტად ცნობილი იყო ქართველ მოწესეთა წრეში. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ლავრისათვის დავით თბილელმა ხახულის მონასტერში ყოფნისას გადაწერა და პალავრაზე გაგზავნა იოვანე ოქროპირის სახარების თარგმანების ტექსტი. ეს ხელნაწერი ამჟამად იერუსალიმურ კოლექციაშია დაცული.

გოლგოთა-უფლის საფლავი– აღდგომა.  ქართველთა მოღვაწეობა ამ სამონასტრო ცენტრებში იმდენად მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო, რომ ერთ ხანს ისინი ქრისტეს საფლავის კლიტის მფლობელნიც კი იყვნენ.  დღეს არსებული ხელნაწერი წიგნების მიხედვით, უკვე 1049 წ-ს გოგლგოთაზე უკვე ჩანს ქართველ მოღვაწეთა მთელი ჯგუფი, 1050 წელს კი მეფე ბაგრატ IV-მ მიიღო გოლგოთის ნაწილი. იერუსალიმში მულსიმთა ბატონობის პერიოდებში (1071-1099 წწ., 1187-1299წწ.) ქართველ ბერ-მონაზვნებს და მწიგნობრებს არ მიუტოვებიათ ტაძარი, თუმც კი დიდად გაუჭირდათ. XIსV ს–ში ქართველმა მეფემ გიორგი ბრწყინვალემ (1314-1346), ეგვიპტის სულთნებისაგან კვლავ მოიპოვა ქრისტეს საფლავის გასაღები. ქრისტეს საფლავის ეკლესიის ფლობის უფლება კარგა ხანს იყო ქართველთა პრივილეგია, რომელიც მათ დაკარგეს XV ს-ში.

გოლგოთის მოღვაწეთა შექმნილი ხელნაწერები დღეს ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და სინურ კოლექციაში. ეს არის საეკლესიო-სამონასტრო დანიშნულების წიგნები – საგალობელთა კრბულები, მარხვის საკითხავები, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებები და სხვ. გოგლოთაზე მოღვაწეობდა მწიგნობართა მთელი გჯუფი: იოანე გოლგოთელი, მიქაელი, ნისთერეონი და სხვ.

დერტავი. დერთუფა. კაპპათა. ქართველ მოწესე ქალთა სავანეები. აქ ისინი წიგნთა გამრავლება-გადაწერაზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულნი. ყველაზე მეტი ცნობა შემოგვრჩა კაპპატას მონასტრის შესახებ. მონასტერი მდებარეობდა სიონის მთაზე. XI ს-ის დასაწყისში იგი დაანგრიეს არაბებმა, რის შემდგომაც აღადგინეს ბაგრატ IV-ის (1027-1072წწ.)  მეუღლე ბორენა დედოფალმა და ასულმა მარტა დედოფალმა. მონასტერი 1244 წ-ს დაარბიეს ხვარაზმელებმა. შესაბამისად განადგურდა მონასტრის წიგნსაცავი, მაგრამ  შემორჩენილია ამ მონასტრის  7 ხელნაწერი, რომელთაგან 5 შედის ქართული ხელნაწერი წიგნის იერუსალიმურ კოლექციაში.

ბასილის მონასტერი, თეოდორეს მონასტერი, ნიკოლოზის მონასტერი. სამივე ეს მონასტერი აგებულია XV-XVII სს-ში ქართველი ფეოდალების ფინანსური უზრუნველყოფით. ამ მონასტრებში გადაწერილი დღემდე მოღწეული სამონასტრო დანიშნულების რამდენიმე ხელნაწერი წიგნი ძირითადად დაცულია ქართული ხელნაწერის იერუსალიმურ კოლექციასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

გეთსიმანია. ელეონის მთის ძირას არსებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაზილიკაში ქართველი ბერები IX ს-დან მოღვაწეობდნენ, სადაც საკუთარი  საკურთხეველიც ჰქონდათ. ცნობილია გათსიმანიის 2 სამონასტრო ხელნაწერი, ამჟამად დაცული სინურ კოლექციაში და 1 ოთხთავი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონში ინახება. 

შეჰანი. დაარსებულია XI ს-ში შეჰანის მთაზე. ცნობილია აქ გადაწერილი წმინდანთა ცხოვრებებისა და წამებების შემცველი კრებული, რომელიც იერუსალიმის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაშია დაცული.

ქართველთა დიდი სავანე - ჯვრის მონასტერი. პალესტინაში ქართველთა მოღვაწეობის დამაგვირგვინებელ და გამაერთიანებელ ცენტრს წარმოადგენს ჯვრის მონასტერი, რომლის დაარსების ფაქტსაც არაერთი გადმოცემა უკავშირდება. არქეოლოგიური გათხრების მონაცემები, ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე ქრისტიანული ტაძარი ჯერ კიდევ IV-V სს-ში ყოფილა აგებული. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ძველი შენობა, თუნდაც ქართველთა ინიციატივით აგებული, მათ მფლობელობას წარმოადგენდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზე მონასტრებსა და საეკლესიო მოღვაწეებს ამოძრავებდათ არა ეროვნული ან სახელმწიფოებრივი, არამედ სარწმუნოებრივი ინტერესი, რომლის თანახმადაც ქრისტიანული მორალისა და დოგმების გამყარება-გავრცელებაში თანაბარი მნიშვნელობა ენიჭებდა ყველა ერის ჭეშმარიტი ღვთისამსახურის ერთობას. ამიტომაც ჯვრის მონასტრის, როგორც ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენის შესახებ საუბარი უნდა დავიწყოთ იმ პერიოდიდან, რომელმაც ქართველთა მიერ მონასტრის ფლობის არაერთი დოკუმენტი შემოგვინახა. უტყუარი ცნობების საფუძველზე  დღეისათვის მეცნიერება აღიარებს ერთადერთ ფაქტს -ჯ ვრის მონასტერი აიგო XI ს-ის I ნახევარში, ბაგრატ IV მეფობის (1027-1072) წლებში მისივე ფინანსური მხარდაჭერითა და საბაწმიდელი მოღვაწის, გიორგი-პროხორეს, ხელმძღვანელობით. მონასტრის მშენებლობა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

გიორგი პროხორემ შემოიკრიბა მწიგნობართა მეტად დიდი და საინტერესო კოლექტივი, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ჯვრის მონასტრის ბიბლიოთეკას, ხელი შეუწყო ყველა მნიშვნელოვანი სიახლის თარგმნასა და გადაწერას, ამ წიგნთა გავრცელებას არა მხოლოდ პალესტინაში მოღვაწე ბერ-მონაზონთა შორის, არამედ საქართველოში არსებულ ეკლესია-მონასტრებშიც. ჯვრის მონასტერი ისევე, როგორც ივირონი, იქცა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად.

გიორგი-პროხორეს დავალებითა და ხელმძღვანელობით ხელნაწერ წიგნთა შექმნის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს  კალიგრაფებმა - იოანე და მიქაელ დვალებმა, მიქაელ ჩიხუარელმა. ჯვრის მონასტრის ბიბლიოთეკის შექმნაზე ზრუნვა გიორგი-პროხორემ მონასტრის მშენებლობის დასრულებამდე ბევრად ადრე დაიწყო.  ჯვრისათვის განკუთვნილი ხელნაწერი წიგნები გადაიწერა საბაწმიდის მონასტერში, სინის მთაზე, ანტიოქიაში - შავი მთის სავანეებში, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ გაგრძელდა თავად მონასტერში.

ამრიგად, ჯვრის მონასტერმა თავი მოუყარა X-XI სს-ის საეკლესიო პრაქტიკისათვის მეტად მნიშვნელოვან ხელნაწერ წიგნებს ყველა ქრისტიანული ცენტრიდან. თავად ჯვარზე კი შედგა ისეთი მნიშვნელოვანი კრებული, როგორიცაა "პალესტინის პატერიკი", რომელშიც შევიდა პალესტინის გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებები. ამ წიგნს საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება შუა საუკენეების აღმოსავლური ქრისტიანობის ისტორიის კვლევის საქმეში.

ჯვრის მონასტერი იყო არა მხოლოდ საეკლესიო-საგანმანათლებლო ცენტრი, არამედ ქართული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი აღმოსავლეთში. პალესტინაში გავლენის მოპოვება ხომ ქრისტიანული სახელმწოფოს საერთაშორისო პოლიტიკურ სტატუსზე მეტყველებდა. ამიტომაც ჯვრის მონასტერი ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს საგანგებო მზრუნველობის საგანს წარმოადგენდა.

XVI ს-ის II ნახევრიდან საქართველოში ჩამოყალიბდა ჯვრის მიწათმფლობელობა, რითაც ქართველი მეფეები ცდილობდნენ გაეხანგრძლივებინათ და ხელი შეეწყოთ ქართული ბერმონაზვნობის მოღვაწეობისათვის წმინდა მიწაზე. პილიგრიმობა ჯვარზე ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა და მეფე-დიდებულთა მოვალეობად ითვლებოდა. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ აქ, ამ მონასტერშია გამოსახული XII-XIII სს-ის ქართველი პოეტის, შოთა რუსთველის, ფრესკაც. ჯვრის მფლობელობა  და პალესტინაში გავლენა ქართველებმა საბოლოოდ XVII-XVIII სს-თა მიჯნაზე დაკარგეს.

დღეს ჯვრის მონასტერიცა და ქართულ ხელნაწერ წიგნთა კოლექციაც იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს მფლობელობაშია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია იერუსალიმური ქართული კოლექციის მიკრო და ფოტო ასლები.

პალესტინის ქართულ კერებზე ცნობებს გვაწვდიან XVIII-XIX საუკუნის ქართველი პილიგრიმები. 1757-58 წლებში აქ იმყოფებოდა ტიმოთე გაბაშვილი, რომელიც, აღწერდა რა იერუსალიმის სიძველეებს, ცდილობდა აღედგინა ქართული კოლონიის ისტორია.  XVIII ს-ის 80-იან წლებში იერუსალიმში იმყოფებოდა იონა გედევანიშვილი, ხოლო 1820 წელს - გიორგი ავალიშვილი.

იერუსალიმის ქართული ხელნაწერების კატალოგი სხვადასხვა დროს შეადგინეს ა, ცაგარელმა, ნ. მარმა, რ. ბლეიკმა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამზადებს იერუსალიმის კოლექციის ქართულ ხელნაწერთა ვრცელ აღწერილობას. ამ სამეცნიერო ცენტრმა ელ. მეტრეველის ხელმძღვანელობით დიდი წვლილი  შეიტანა იერუსალიმის ქართული კოლექციისა და იერუსალიმური სამწიგნობრო ტრადიციის კვლევის საქმეში.

 

სინის მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერი. სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ მონაკვეთში აღმართულ  ეკატერინეს მთაზე უკვე მესამე საუკუნიდან დაიწყო ბერმონაზვნული ცხოვრება, ხოლო  VI საუკუნეში  იუსტინიანე იმპერატორის ხელშეწყობით  დაარსდა სინის მთის საეპისკოპოსო. აქ მოღვაწეობდნენ ბერძენი, სირიელი, ქრისტიანი არაბი, სომეხი მამები. ბუნებრივია, ქართველმა პილიგრიმებმა და საეკლესიო მოღვაწეებმა იმთავითვე მიაპყრეს ყურადღება ამ დიდ ცენტრს. ქართველთა კვალი სინაზე სხვადასხვა წყაროს მიხედვით, უკვე VI საუკუნიდან დასტურდება, მაგრამ ინტენსიური კოლონიზაცია და აქტიური სამონასტრო ცხოვრება ქართველმა მოღვაწეებმა აქ დაიწყეს სინური ლიტურგიკული კერები, კრებულიX ს-ის 60-იანი წლებიდან, მას შემდგომ, რაც საბაწმინდის მონასტერი მუსლიმი არაბების ხელში აღმოჩნდა და ბერმონაზვნობა იძულებული იყო დაეტოვებინა იერუსალიმის სანახები.   ქართველმა ბერებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ და მუსლიმთა განადგურებისაგან დაეცვათ საბაწმინდაში გადაწერილი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი წიგნი, რომლებიც დღესაც ადრეული, იერუსალიმური ტრადიციის სამონასტრო მსახურების, ასკეტური იდეალებისა და საღვთისმეტყველო სიმბოლოების შესწავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრაქტიკულად ქართველ ბერ-მონაზონთა ამგვარმა თავდადებამ ამ ტრადიციის წიგნები შეუნარჩუნა ზოგადად ადრექრისტიანული ბიზანტიური მწერლობის კვლევით დაინტერესებულ  სასულიერო და სამეცნიერო წრეებს.

სინის მთაზე მოღვაწე ქართველმა მწიგნობრებმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნეს ხელნაწერი წიგნის შედგენა-დამზადების იერუსალიმური ტრადიცია და, მეორე მხრივ, გაამდიდრეს და შეავსეს იგი ეკლესიისა და საღვთისმეტყველო აზროვნების ახალი, კონსტანტინოპოლური მოთხოვნების შესაბამისად.

წმინდა ეკატერინეს მონასტერში თავს იყრიდნენ არა მხოლოდ საბაწმიდელი, არამედ ტაო-კლარჯეთიდან მოსული მამებიც. სინური კოლექციის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ვიგებთ, რომ X ს-ის II ნახევარში სინის მთაზე მოღვაწეობდნენ მიქაელ კათამონელი, იოვანე-ზოსიმე, კვირიკე მიძნაძორელი, ეზრა ქობულიანისძე (დაყუდებული), კვირიკე სოხასტრელი, მაქსიმე, მიქაელი, გაბრიელი, გიორგი, თეოდორე, იოანე კუმურდოელი, მაკარი, კირილე და სხვა ქართველი ბერები.

სინის მთაზე რამდენიმე ქართული მონასტრის არსებობა საეჭვო არ უნდა ყოფილიყო, რადგან საუკუნეთა განმავლობაში სინის მთის ქართულ კოლონიას ეხმარებოდნენ ქართველი მეფეები თუ ცალკეული პირები. მემატიანეთა ცნობით,  დავით აღმაშენებელი და თამარი არ აკლებდნენ სინაზე მყოფ ქართველ მონაზვნებს ზრუნველობასა და შეწირულობას. "ქართლის ცხოვრებაში" დავითის შესახებ ვკითხულობთ: "მთასა სინას, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესიოი სრულებით და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა”, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველთა მიერ აგებული ეკლესია-მონასტრების რიცხვი და სახელობა დღემდე გაურკვეველია (ცნობილია მხოლოდ "მაყვლოვანის" მონასტერი). ანდერძ-მინაწერებით ირკვევა, რომ მონასტერში ქართველებს ბიბლიოთეკისთვის სპეციალური ოთახიც კი ჰქონიათ გამოყოფილი, საიდანაც წიგნის გამოტანა აკრძალული იყო. მოვიტანთ ფრაგმენტს ერთ-ერთი ანდერძიდან: "ვინცა ეს წიგნი ქართველთა ეკლესიით გამოიღოს, ანუ სხუასა ეკლესიასა წაიღოს, ანუ გაღმა გაიღოს, ანუ სენაკსა შინა დაიდვას, ანუ, ეკლესიისა სენაკსა შინა დამალოს, კრულმცა არს ცათა შინა....”.

სინურ კოლექციაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინახება საკმაოდ ბევრი, პალესტინის სხვადასხვა სამწიგნობრო კერაში გადაწერილი და შექმნილი ხელნაწერი წიგნი.  ამ მხრივ საყურადღებოა საბას ლავრა, რადგან დიდი ნაწილი სინური უძველესი ნუსხებისა წამოღებულია სწორედ ამ მონასტრიდან დავასახელებთ რამდენიმე საგანგებო წიგნს:

პირველი თარიღიანი ქართული ხელნაწერი – 864 წლის სინური მრავალთავი, რომელიც შექმნისთანავე შეუწირავთ სინის მთისთვის (ყდა, რომელიც დღეისათვის გააჩნია სინურ მრავალთავს გაკეთებულია იოვანე-ზოსიმეს მიერ  მესამედ  შემოსვის დროის (981წ.). აღნიშნული ყდა ქართული ჭედური ხელოვნების გარკვეული ეტაპის ამსახველია და ამასთან ადრეფეოდალური ხანის საქართველოში ამოტვიფრული ტყავის ყდების არსებობის ნათელი დადასტურებაა).
საბაწმიდიდან იოვანე-ზოსიმეს წამოღებული, მისივე გადაწერილია ნუსხა Sin.34 (ამ ხელნაწერის ფრაგმენტები, რომლებშიც დაცულია საკმაოდ ვრცელი ანდერძი, ინახაება სანკტ-პეტერბურგში);

X-XI სს-ში საბაწმინდაზე გადაწერილი ჭილ-ეტრატის იადგარი, რომლის რამდენიმე ფურცელი პალიმფსესტურია და ჰიმნოგრაფიული კრებულები. გეთსიმანიიდან, კაპპათიდან, ჯვრის მონასტრიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან; კალიპოსიდან და სხვა ადგილებიდან სინის მთისთვის შეწირული წიგნები. სინური ლიტურგიკული კერები, კრებული

სინაზე მოღვაწე ქართველი მონაზვნები ხელოსნურ ჯგუფებად იყვნენ გაერთიანებული: ერთი ეტრატს კაზმავდა, მეორე წერდა ხელნაწერს, მესამე ხატავდა, მეოთხე მოსავდა (ზოგჯერ ყველაფერ ამას ერთი პირი ასრულებდა). როგორც ცნობილია, იოვანე-ზოსიმე მრავალმხრივი მოღვაწე იყო. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებიდან ვიგებთ, რომ იგი ერთდროულად ხელნაწერის გადამწერი, შემდგენელ-რედაქტორი და მმოსველიცაა. იგი ერთდროულად გვევლინება გადამწერად და შემმოსველადაც. 

სინაზე დაცული ნუსხები არ წარმოადგენენ საგანგებოდ გადაწერილსა და შემკულ ხელნაწერებს. ისინი ძირითადად  სამონასტრო მსახურებისთვის განკუთვნილი ლიტურგიკული კრებულებია. ბევრი მათგანი ნასწორები და რედაქტირებულია სინაზე მოღვაწე ამა  თუ იმ "მჩხრეკალის" მიერ (ამის დასტურია ზემოთ იოვანე-დასახელებული  ზოსიმეს რედაქტირებული წიგნები).

XV საუკუნიდან თითქმის აღარ ჩანან ქართველები სინის მთაზე, რაც ფაქტიუირად განაპირობა მაჰმადიანთა მომძლავრებამ. საქართველოდანაც იკლო დახმარებამ, რადგან იგი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაუძლურდა.  საისტორიო წყაროებსა და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებშიც მწირია ცნობები ამ ეპოქაში სინაზე მოქმედი ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ. ცნობილია, რომ 1780 წელს სინაზე იმოგზაურა ერეკლე II-ის კარის მღვდელმა ქრისტეფორე კეჟერაშვილმა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მას დაუტოვებია არანაირი ცნობა.             

XIX საუკუნიდან იწყება სინის მთის ქართულ  სიძველეთა მეცნიერული შესწავლა: პ. უსპენსკი (XIXს. შუა წლები.), ა. ცაგარელი (1883 წ.), ნ. მარი და ივ. ჯავახიშვილი (1902 წ), ჟ. გარიტი (1956 წ.), რ. ბლეიკი. მართალია, ეს უკანასკნელი იმყფებოდა სინაზე 1927 წ., მაგრამ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მას ამ კოლექციის  შესახებ არაფერი დაუწერია.  XX 90-იან წწ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ (ზ. ალექსიძე, მ. ქავთარია, მ. შანიძე, ლ. ხევსურიანი)  აღიწერა ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერები.  აღწერილობა გამოქვეყნდა 2005 წელს. თითოეული ზემოთ დასახელებული მეცნიერის  დიდი შრომის შედეგად ყველასათვის ცნობილი გახდა, თუ რა სულიერი კულტურის ფასეულობის მფლობელი იყო სინის საგანმანათლებლ ცენტრი, ქართულ ხელნაწერთა სახით. ძველი კოლექცია მოიცავს 97 ერთეულს, ახალი კი 141 ერთეულს. ახალი კოლექციის დიდი ნაწილი წარმოადგენს ამა თუ იმ ნუსხის  ფრაგმენტებს ძველი კოლექციიდან და სწორედ ამხრივადაც საინტერესოა ეს ახალად აღმოჩენილი სინური ხელნაწერები. 

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სინის მთაზე ქართული სამწიგნობრო და საეკლესიო ცენტრის არსებობას არა მარტო სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო   (მხედველობაში გვაქვს X ს. 80-იანი წლები), არამედ სახელმწიფო მნიშვნელობა ჰქონდა. ეს  ახლო აღმოსავლეთისა და ქრისტიანული დასავლეთის ქვეყნებს შორის საქართველოს მყარ პოლიტიკურ სტატუსზე მეტყველებდა. 

სინური ხელნაწერების დეკორი. სინური ხელნაწერებისთვის დამახასიათებელია საზედაო ასოების   სადად გაფორმება (შიგადაშიგ იყენებდნენ სინგურსაც); ჩვენამდე მოაღწია ჯვრით გაფორმებულმა  სულ 17 სინურმა ხელნაწერმა. აქედან 12 გადაწერილია X საუკუნეში. ძირითადად გვხვდება სამი ტიპის ჯვარი: 1. ქრისტიანული აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი წრესა და კვადრატში ჩახატული ტოლგვერდა ჯვარი და მისი სტილიზაცია; 2. სწორკუთხა ჯვარი, რომლის ნახატს შეადგენს წნული ორნამენტი; 3. აყვავებული ჯვარი.

ხელნაწერი Sin.47 შიგადაშიგ გაფორმებულია "ხალხური" ორნამენტებით, რომლებშიც გვხვდება იოვანე-ზოსიმეს ხელით ჩაწერილლი ოთხი ასოთი დაქარაგმებული სიტყვა “ლოცვა-ყავთ” (ზოსიმეს ჯვრებთანაც მიუწერია „ლცყთ“);

ერთ-ერთ ხელნაწერში გამოსახული არიან მოციქულები პეტრე და პავლე. ნახატზე გველის ზურგის მოხატულობას ხაზებთან ერთად შეადგენს მინაწერი, რომელიც, ერთი შეხედვით, ორნამენტს ჰგავს (შეიძლება "არაბესკაც" კი ვუწოდოთ) და რომელზეც იკითხება: "ქრისტე, შეიწყალე იოვანე-ზოსიმე, ამენ, ლოცვა-ყავთ".

ამ ხელნაწერების გაფორმების თავისებურებები, მათი სისადავე მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამიზნული იყო ბერ-მონაზონთათვის ყოველდღიური წირვა-ლოცვის დროს გამოსაყენებლად.  

ძირითადი ბიბლიოგრაფია

  1. აბულაძე ც. სულეიმან კანუნის ჰუქმები იერუსალიმის ერთი ქართული მონასტრის ფრანცისკანელებისათვის გადაცემის თაობაზე, მაცნე, ისტორიის სერის, 1986, N 2
  2. ავალიშვილი გ. მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე. ელ. მეტრეველის გამოც., თბ., 1962
  3. ავალიშვილი გ. მგზავრობა, ელენე მეტრეველის რედაქციით, თბ., 1952.
  4. გაბაშვილი ტ. მიმოსვლა. ელ. მეტრეველის გამოც., თბ.,1956.
  5. კარანაძე მ. ქართული წიგნის ყდის ისტორია, თბ., 2002.
  6. კეკელიძე კ. ძველი ქართუკლი ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1980
  7. მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980.
  8. მეტრეველი ე. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII ს), თბილისი, 1962.
  9. მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა, პლ. იოსელიანის გამოც., თფ., 1852.
  10. სინის მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 წლს აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ათენი, 2005.
  11. სინური მრავალთავი 864 წლისა, აკ. შანიძის რედაქციით, თბ., 1959.
  12. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., სინური კოლექცია. ნაკვეთი I, 1978 ნაკვეთი II, 1984, ნაკვეთი III, 1987.
  13. ჯავახიშვილი ივ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947.
  14. ხუციშვილი ნ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში. ქართული ეკლესიის ისტორია, I, "არტანუჯი", 2006.
  15. Garitte G. Catalogue des manuscripts georgiens litteraires du Mont Sinai par G.Garitte, CSCO, Vol. 165, subs. 9, Louvain, 1956.
  16. Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliothéque grecque à Jerusalem par R. Blake, ROC, 3-éme Série, III (XXII), N 3-4, (1924), IV (XXIV), N 1-4 (1924), V (XXV), N 1-2.
  17. Corbo V. Gli scavi di KH. Siyar el-ghanam (Campo dei Pastori) e i monasreri dei dintorni. Pubblicazioni dello Studium Biblicum Franciscanum, N 11, Gerusalemme, 1955.
  18. Economopoulos A. Fresh Data Resulting from the Excavation in the Cherhvof Monastery of Holy Cross at Jerusale. Actes du X congres international d’ercheologie chretiene, vol. II, Vaticano-Thessalonique, 1984.
  19. Дмитриевский А. Киновальные правила преп. Саввы Освященного, вручпнные им перед кончиною преемнику  своему игумену Мелимту, ТКДА, 1890,  N  1.
  20. Марр Н. Предворытельный отчет о работах на Синае и в Иерусалиме в поездку 1902 г. СППО, XIV, ч. 2, N  1. 1903.
  21. Цагарели А. Памятники Грузинской старины в Святой земле и на Синае, ППС, IV,в.1, 1889.