- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ყდა, როგორც ხელნაწერი ფურცლების აკინძვის, ერთიან კორპუსად მათი ჩამოყალიბების დამასრულებელი ეტაპი, ხელნაწერი წიგნის კულტურულ-ისტორიული ღირებულების მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი ეყრდნობა რამდენიმე საწარმოო საფეხურს: კინძვას, ყდისთვის საჭირო დაფების დამზადებასა და აკინძულ ფურცლებზე დამაგრებას, ბოლოს კი – ყდის ზედაპირის დამუშავება–შემკობას. წიგნის გამოყენების პროცესში ყველაზე მეტად სწორედ ყდა ზიანდება, რის გამოც ხელნაწერ წიგნებს პრაქტიკულად იშვიათად თუ შემორჩება ხოლმე თავდაპირველი ყდები და ისიც ფრაგმენტული სახით. ყდის განახლება, ზოგჯერ კი ფურცლების ხელახალი კინძვა წიგნის წარმოების, მისი შემდგომი გამოყენების თანმდევი პროცესია. ამიტომაც ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე ხელოსნურ ჯგუფებად გაერთიანებული მწიგნობარი ბერების გვერდით იღვწოდნენ "მმოსველები", "მმკაზველები" და "შემკვრელები", რომლებიც დახელოვნებული იყვნენ წიგნის ყდის დამზადებაში. ყდის ხელობასთან დაკავშირებული სპეციალური ტერმინებიც კი არსებობდა: "შეიმოსა", "შეიკაზმა", "შეიკრა". ისინი სინონიმებს წარმოადგენდნენ, მათში უნდა ვიგულისხმოთ ხელნაწერის ყდაში ჩასმის სრული პროცესი.
X-XVI სს-ში შექმნილ ტყავის ტვიფრული ყდებს არ განუცდია მნიშვნელოვანი ცვლილებები. სტაბილურ სახეს ინარჩუნებს როგორც წიგნის შეკვრის, ხის დაფების მომზადებისა და მიმაგრების, ისე მათი ზედაპირის მხატვრულად გაფორმების ტექნიკა _ ჩარჩოების გასაფორმებლად სველ ტყავზე "ხაზოვანი" ტვიფრის ტექნიკა, ფარგლის დახმარებით აშიების გაფორმება "წნული" ორნამენტით; ყდის ზედაპირზე ჯვრების გამოსახვა, საბორდიურე ტვიფრების გამოყენება ცენტრალური ნაწილის შემავსებელ ტვიფრებად და პირუკუ.
გარკვეული ორნამენტული სხვაობები მაინც გამოარჩევს IX-X სს-ით დათარიღებულ ყდებს, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია როგორც საქართველოში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ასევე სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული კოლექციის ხელნაწერებზე: Sin.geo.O.32-57-33 (სინური მრავალთავი), Sin.geo.O.46 (სვიმეონ მესვეტის ცხოვრება) და Sin. geo.N. 26 (ლიტურგიკული კრებული).
განსაკუთრებით საინტერესოა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდში არსებული ადიშის ოთხთავის ყდა. სწორედ ამ წიგნმა შეინარჩუნა ქართული წიგნის ყდის რამდენიმე ქრონოლოგიური შრე.
პირველი, ყველაზე ადრეული, IX ს-ის სადა ფენა დამზადებულია შატბერდელი მოღვაწის, მიქაელ დიაკვნის, მიერ. ამავე მონასტერში უკვე X ს-ში წიგნი შეუმკიათ ტყავის ტვიფრული ყდით. ძლიერ დაზიანებულ ტყავზე იკითხება ფარგლისა და სპეციალური წვერწამახილებული ხელსაწყოს მეშვეობით ამოტვიფრული წრეში ჩახაზული პალესტინური ჯვრის სტილიზებული ფორმა – რომბისებური წნული ორნამენტები ჩახვეული ბოლოებით, რომლებიც გაფორმებულია მცირე ზომის დეკორატიული სამსჭვალებით, "შემავსებელი" ტვიფრებით.
მოგვიანებით, XIV-V სს-ში ძველი ყდის გამყარებისა და განახლების მიზნით ტყავის ტვიფრულ ყდაზე დაუმაგრებიათ ვერცხლის გრავირებული, საშუალო ზომის ტოლფერდა ჯვარი ფოთლოვან-ყვავილივანი ორნამენტით. მესამე სქელი ტყავის შრე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ყუაზეა შემორჩენილია, გადაკრულია მოგვიანებით.
ცალკე განხილვის საგანია წიგნის კინძვის ტექნიკა და მისი განვითარების ეტაპები. სწორედ მათზე დაკვირვება იძლევა ყდის ქრონოლოგიურად განსხვავებული საფეხურების გამოყოფის საშუალებას.
კინძვა. ქართული ხელნაწერების აკინძვისა და შეკვრის ტექნიკას "ქართულ კერვას" უწოდებენ. ამ დროს კომბინირებულია წიგნის რვეულების "ჯაჭვისებური" აკინძვა და ხის დაფების დამაგრება. ამ პროცესის უზრუნვესაყოფელად ხის დაფებს ყუის მხარეს მიუყვება ჰორიზონტალურად განლაგებული ღარები და ნახვრეტები. აკინძულ ბლოკზე გამოყენებულია ე.წ. "გრეკაჟის" ტექნიკა – V ფორმის ჩაჭრა ყუაზე, რომელშიც იფარება დაგრეხილი ძაფები. ნახვრეტები "გრეკაჟის" ჩაჭრის პარალელურადაა დასმული დაფაზე.
ხელნაწერის ყდასა და ყუაზე მიკერებულია მსხვილად დაწნული ჭრელი კაპტალი, რომელიც კიდევ უფრო მყარად კრავს წიგნს და ამთავრებს მის ფორმირებას. კაპტალი მაგრდება ზედა და ქვედა ფრთის ხის დაფებზე სპეციალურად მომზადებულ ნახვრეტებში, ასევე ეკერება რვეულებად აკინძულ ბლოკს. ხის დაფებზე, შიდა (უკანა) მხარეს შეიძლება დაკრული იყოს აბრეშუმის ნაჭერი, ეტრატი ან ქაღალდი. ფორზაცს, გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, წმინდა ესთეტიკური მხარეც აქვს. იგი ფარავს ყველა იმ დეფექტს, რომელსაც ხელნაწერის ყდაში ჩასმისას ტოვებდა მკაზმველი. ფორზაცის ერთი ფურცელი იკინძებოდა ხელნაწერთან ერთად (მოძრავი ნაწილი), მეორე კი ეკვროდა ხის დაფებს. ფორზაცად გამოყენებულ ქსოვილს, ეტრატს თუ ქაღალდს დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ყდის შესწავლის, დათარიღების საქმეში.
ხელნაწერი წიგნი იკვრებოდა ლითონისთავიანი ორი ან სამი ტყავის თასმით, რომელსაც ღილო-კილონი ეწოდებოდა. იყო წიგნის ისეთი ყდებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ "ღილო-კილონი" და თავებგახვრეტილი ტყავის თასმები პირდაპირ მაგრდებოდა, სოლისმაგვარ მეტალის ჩამოსაცმელებზე.
ქართული ხელნაწერი წიგნების ყდების ქრონოლოგიური შესწავლის შედეგად გამოიყოფა ყდის განვითარების სამი ეტაპი: ადრეული (X-XVI სს.), გარდამავალი (XVII ს.) და გვიანდელი (XVIII-XIX სს.).
გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა XVIIს. ხელნაწერთა ყდებზე: ტყავგადაკრული ხის დაფები, მოყვანილობისა და მხატვრული გაფორმების მხრივ, XVI ს. ყდების მსგავსია, მხოლოდ ყუაზე ჩნდება შეკერვის რელიეფური ადგილები და აღარ გამოიყენება "გრეკაჟის" ტექნიკა. ყუაზე არსებული რელიეფური ადგილები სამკაულის დანიშნულებას იძენს. XVIIს. ყდები ქართული წიგნის ყდის ისტორიაში გარდამავალ საფეხურს წარმოადგენენ ადრეულ (X-XVI) და გვიანდელ (XVIII-XIXსს.) ყდებს შორის.
XVIII ს. დასაწყისი საქართველოს კულტურული ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც ხელნაწერი წიგნის გვერდით გაჩნდა ქართული ნაბეჭდი წიგნი. საამკინძაოების არსებობის შესახებ არ მოგვეპოვება რაიმე ხელშესახები ცნობა და არც წერილობითი წყაროები. სტამბებში ყდებს ისევ ხელნაწერის მმოსველები აკეთებდნენ. ეს როგორც ევროპული, ასევე ქართული წიგნის ოსტატების საერთო გამოცდილება იყო. Yხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნების ყდების დიდი ნაწილის იდენტურობა გვაფიქრებინებს, რომ საამკინძაო საქმეში იმავე ტრადიციას მისდევდა თბილისის პირველი სტამბაც.
XVIII ს-ში ქართული წიგნის ყდის გარეგნული მხარე მთლიანად იცვლება. ხელნაწერებისა და ძველნაბეჭდი წიგნების ტყავგადაკრული ხის დაფების კიდეები ირიბადაა მოთლილი, გადმოდის და ფარავს მთლიანად წიგნის ბლოკს და შედარებით თხელია. XVIII ს-ში წიგნების შეკერვისას ისევე, როგორც XVII ს-ში, არ გამოიყენება "გრეკაჟის" ტექნიკა, რის გამოც ყუაზე შეკერვის რელიეფური ადგილები მკაფიოდაა გამოკვეთილი. ეს ყდის გვიანდელობის ერთ-ერთი ნიშანია. XVIII-XIXსს. ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნს ყუაზე აქვს ჭრელი ძაფებისაგან ნატიფად დაწნული კაპტალი, ხის დაფებზე შიდა მხრიდან დაკრულია ფორზაცი; ყდები შემოსილია სხვადასხვა ფერად შეღებილი ტყავით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ამოტვიფრული, ისე ამოუტვიფრავი.
შუა საუკუნეების ქარტული ხელნაწერი წიგნის წარმოებისა და ტყავის დამუსავების მაღალ ტექნიკაზე მეტყველებს ვახტანგ VI (1675 _ 1737 წწ.) "ქიმიის წიგნი". პირველი ქართული სტამბის დამაარსებელს მასში შეუტანია ტყავზე ამოტვიფრის, ოქროს და ვერცხლის დადების ყველა ის ძველი ტრადიციული მეთოდი, რომელიც ზეპირი ან წერილობითი გზით თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. ვახტანგ VI ამ ნაშრომს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა.
XVIII ს-ში ქართული წიგნის გარეგნული მხარე – ხის დაფების მოყვანილობა, ყდის ზედაპირის მხატვრული გაფორმება სხვადასხვა სახის ტვიფრებით – მკვეთრად იცვლება, ეს ცვლილებები კი მოიტანა დრომ, ევროპულ სივრცესთან ქარტული კულტურის დაახლოვებამ.
- ვახტანგ VI. “წიგნი ზეთების შემზადებისა და ქიმიისა ქმნის”, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ და ვ. კოკოჩაშვილმა. თბილისი, 1981.
- კარანაძე მ. ქართული წიგნის ყდის ისტორია. თბილისი, 2002.
- ლეონიძე გ. ანთიმ ივერიელი. ჟ. `დროშა”. 2. თბილისი, 1951,
- მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები. II. თბილისი, 1980.
- სინური მრავალთავი 864 წლისა. აკ. შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობითა და გამოკვლევით, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 5, თბილისი, 1959.
- სურგულაძე მ. ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები. თბილისი, 1978.
- ყუბანეიშვილი ს. რუსულ-ქართული კულტურის ურთიერთობის ისტორიიდან XVIII საუკუნეში. ლიტერატურული ძიებანი, X, თბილისი, 1956.
- შარაშიძე ქრ. პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722). თბილისი, 1955.
- ჯავახიშვილი ივ. ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. ტფილისი, 1926.
- Guignard J. Reliure, Encyclopaedia universalis, vol. 14, Paris, 1975. Regemorter B. van, La reliure des manuscrits Grecs, Scriptorium, vel. 8, 1954.
- Regemorter B. van, La reliure des manuscrits Grecs, Scriptorium, vel. 8, 1954.
- Regemorter B. van, La reliure Byzantine, Revue Belged,Archéologie et d, Histoire de l , Art, vol. 36 (1967), Bruxelles, 1969.
- Аракелян Б. Переплeтное искусство в средневековой Армении, Вестник матеназарада, Ереван, 1958, №4 (somxur enaze).
- Воробьев Д. В., Дмитриева Н. И., Дубасов А.И., Жуков И. А., Козлов С. Н., Технология брошюровочно-переплетных процессов – Москва, 1971.
- Каждан А. Книга и писатель в Византии, изд., “наука”, Москва, 1973.
- Воробьев Д., Дмитриева Н., Дубасов А., Жуков И., Козлов С., Технология брошюровочно-переплетных процессов. Москва, 1971
- Казиев А. Художественно-технические материалы и терминология средневековой книжной живописи, каллиграфии и переплетного искусства, Баку, 1966.
- Кения Р. Особенности декоративного убранства окладов Евангелий, IV Миждународный симпозиум по грузинскому искуству.Тбилиси. 1983.
- Киселева Л. Западно-эвропейская книга XIV-XV вв., Ленинград,1985.
- Клепиков С. Из истории русского художественного переплета – Сборник “ Книга. Исследования и материалы”, Вып., I, Москва, 1959.
- Клепиков С. Орнаментальные украшения переплетов конца XV – первой половины XVII веков в рукописях Троице-Сергиева монастыря. - “Записки Отдела рукописей”, Библиотеки им. Ленина, Вып. 22, Москва, 1960.
- Клепиков С. Описания древних русских обиходных переплетов. – в кн.: Методические рекомендации по описанию славяно-русских рукописей для Сводного каталога рукописей, хранящихся в СССР, вып. 2, ч. I, Москва, 1976.
- Полиграфический словарь. составитель О. Я. Басин. Москва, 1964.
- Самински А. Местийнское евангелие. Лик Грузии на фоне Византии. Древнерусское искусство. С. Петербург. 2002.
- Самински А. Оклад лабскалдского евангелия Грузинской константинепольской рукописи второй четверти XIIв. Древнерусское искусство. С. Петербург. 2004.
- Симони П. Опыт сборника сведений по истории и технике книгопереплетного искусства на Руси, преимущественно в допетровское время, с XI по XVIII столетия включительно. Текст, ма-териалы, снимки, СПБ., 1903.
- Симони П. К истории обихода книгописца, переплетчика и иконного писца. Памятники древней письменности и искусства. Вып. 161, СПБ., 1906.
- Симони П. Собрание изображений окладов на русских богослужебных книгах XII-XVIII столетий. Вып. I, Древнейшие церковные оклады XII-XIV веков, СПБ., 1910.
- Чагунава Р. Вахтанг Багратиони и его труд по химии, Тбилиси, 1984.
- Шварц Е. М., Переплеты XV в. Софийско-Новгородской библиотеки. в кн.: вспомогательные исторические дисциплины, XII, Ленинград, 1981.
- Шварц Е. М., О Византийском влиянии на русский переплет. Вспомогательные исторические дисциплины, XXI, Ленинград, 1991.