- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ასკეტურ-სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი ადრეული კერა ჩრდ. სირია იყო. სირიის მეუდაბნოეთა შორის განსაკუთრებით გაითქვა სახელი და არაერთი მოწესე შემოიკრიბა სვიმეონ მესვეტემ. სირიულმა ქრისტიანულმა სკოლებმა და განსაკუთრებით კი ნისიბინის სკოლამ დიდი გავლენა იქონია ადრეული ქრისტიანული აზროვნების განვითარებაზე. ქართველმა ასკეტებმა ამ სივრცეს VI საუკენეშიე მიმართეს, როდესაც სირიულ ბერმონაზვნობას სათავეში ანტიოქიის მახლობლად შავ ანუ საკვირველმოქმედ მთაზე დამკვიდრებული სვიმეონ მესვეტე უმცროსი ჩაუდგა. ამას ხელს უწყობდა თვით ქართული ეკლესიის უფლებრივი დამოკიდებულება ანტიოქიის საპატრიარქოზე. VI ს-ში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა 13 ასურელი მამაც.
სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია ბევრ საბუთს ქართველთა VI-X საუკუნეებში შავ მთაზე მოღვაწეობის შესახებ. ამ საკითხებზე მსჯელობა შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდების სახით, რომელთა არსებობასაც განაპირობებს ქართულ ხელნაწერ წიგნებში დაცული სირიული ტრადიციის ამსახველი თხზულებები.
სირია-ანტიოქიაში ქართველთა მოღვაწეობის შესახებ დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ XI-XIII საუკუნეების ხელნაწერების საფუძველზე. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში დაცულია ანტიოქიური წარმომავლობის 15 ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან 8 საქართველოში ინახება, 2 - იერუსალიმურ, 1 - ათონურ, 1 - სინურ კოლექციებში, 1 - სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტურის წიგნსაცავში, 1 - მოსკოვის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის შჩუკინის კოლექციასა და 1 - ვატიკანის ბიბლიოთეკაში.
XI საუკუნის 60-იან წლებში შავი მთის სავანეებში მოღვაწეობდა 60-მდე ქართველი მოწესე. მათ შორის იყვნენ: გიორგი ათონელი, გიორგი მცირე, გიორგი შეყენებული, ეფრემ მცირე, ანტონ ტბელი, საბა სულაისძე თუხარელი, ეფრემ დიდი ოშკელი, იოვანე ჯიბისძე, იოვანე დვალი და სხვანი.
ქართველები სასულიერო პირები ჩანან შავი მთის 8 მონასტერში: სვიმეონწმინდა, რომანწმინდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუალთა მონასტერი, ბარლაამწმინდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონასტერთა არსებობა ბიზანტინისტებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ქართული ხელნაწერი წიგნების ანდერძ-მინაწერების წყალობით.
საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით, ქართველები ანტიოქიაში მიიყვანა ათონის მთაზე ბერძნებთან გაჩაღებულმა დაუსრულებელმა დავამ და პოლემიკამ. მაგრამ, ვფიქრობთ, ეს მხოლოდ ასე არ უნდა ყოფილიყო. ქართველი საეკლესიო მოღვაწეები უნდა მიეზიდა თვით ანტიოქიის თეოლოგიურ-სამწიგნობრო სკოლას. ყოველ შემთხვევაში, აქ გადაწერილი ქართული ხელნაწერი წიგნები გვაძლევს ამგვარი ვარაუდის დაშვების საშუალებას. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ეფრემ მცირის თეოლოგიური კომენტარებით შედგენილი ხელნაწერი წიგნები: გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებები, ფსალმუნთა განმარტება, ფსევდო დიონისე არეოპაგელის შრომები. ქართველ მოღვაწეებს საკმაოდ მყარი პოზიცია ეკავათ ანტიოქიის ცენტრებში, რამაც ერთგვარად გააღიზიანა და აუმხედრა სვიმეონწმიდის ბერძენი ბერ-მონაზვნები. მათ ანტიოქიის პატრიარქთანაც კი იჩივლეს და ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. გიორგი ათონელმა, წარდგა რა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე, გააქარწყლა ბერძენთა საჩივრის საფუძვლიანობა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის სრული აღიარებაც მოიპოვა.
ქართველებმა ანტიოქია XIII საუკუნის II ნახევარში დატოვეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული რეგიონს მწვავე ვითარება შეექმნა. იგი ხელთ იგდეს თურქ-სელჩუკებმა, ჯვაროსნებმა, ოსმალებმა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ანტიოქიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მისმა საპატრიარქომ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ავტოკეფალურობისა და ისტორიული მნიშვნელობის ერთ-ერთ არგუმენტად ქართულ ეკლესიასთან უძველესი ურთიერთობებიც მოიტანა. XV და XVII სს-ში ანტიოქიის პატრიარქებმა – მიქაელმა და მაკარიმ იმოგზაურეს საქართველოში. მაკარიმ შრომაც კი მიუძღვნა ქართული ეკლესიის მდგომარეობას. შრომაში მან საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ქართული ეკლესიის და ანტიოქიის საპატრიარქოს ურთიერთობებზე V-VII სს-ში.
ანტიოქიაში გადაწერილი ხელნაწერი წიგნები გამოირჩევა როგორც თეოლოგიურ–ფილოსოფიური კომენტარებით, ასევე მხატვრული შემკულობითა და კალიგრაფიით. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ეს წიგნები ასახავენ სირიული და ბერძნული ქრისტიანული ტრადიციების სინთეზს.
- თარხნიშვილი მ., ქართული ხელოვნების ძეგლები ანტიოქიის სანახებში, "ბედი ქართლისა", N 9, 1951, პარიზი
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1980
- მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. II, თბ., 1980.
- მეტრეველი ე., შავი მთის მწიგნობრული კერის ისტორიისათვის XI საუკუნის პირველ ნახევარში, სსმ მოამბე, XX - B, თბ., 1959
- La Vie ancienne de s. Symeon Stilite de Jeune (Publié par P. Van der Ven), SH, 32, Bruxelles, 1962.