- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ლიტურგიკული კრებულები ქართული ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ და მრავალფეროვან ნაწილს შეადგენს. მათი წარმოშობა განაპირობა სასულიერო მწერლობის ამ დარგის პრაქტიკულმა საჭიროებამ - საღვთისმსახურო წიგნებით ეკლესიის აღჭურვის აუცილებლობამ. ქრისტიანობის გავრცელებისა და ქართული ხელნაწერი ტრადიციის დასაწყისში ქართული ლიტურგია სამრევლო - კათედრალური ხასიათისა იყო და, შესაბამისად, მოწოდებული იყო მრევლის განათლებისა და ღვთისმსახურებაში მისი წიგნიერი ჩართვისკენ.
სავარაუდოა, რომ ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ღვთისმსახურება ვერ შესრულდებოდა ქართულ ენაზე - ამისთვის საჭირო იყო სათანადოდ მომზადებული სასულიერო პირების აღზრდა. ამავე დროს, არც დიდხანს დაყოვნება შეიძლებოდა, ვინაიდან არსებობის დასაწყისში ქართულ ეკლესიას მეტად რთული წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა, ერთი მხრივ, ჯერ კიდევ შემორჩენილ წარმართულ მეხსიერებასა და, მეორე მხრივ, მაზდეანურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებაში, რომელიც სპარსეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად იკიდებდა ფეხს. ამ წინააღმდეგობათა დაძლევის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე პირობას კი ქმნიდა ეროვნულ ენაზე შესრულებული ღვთისმსახურება, რომლის სათავეებიც V-VI სს-ს უკავშირდება. პალესტინაში, კერძოდ, საბას ლავრაში, მყოფი ქართველი ბერების შესახებ სიკვდილის წინ (532 წ.) დაწერილ ანდერძში საბა განწმენდილი საგანგებოდ აღნიშნავს: "არც იბერიელებს და არც ასურებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ თავიანთ ეკლესიაში ჟამისწირვა შეასრულონ. მათ, ამ ეკლესიაში შეკრებილთ, ნება ეძლევათ წართქვან ჟამნი და სამხრისაი, წაიკითხონ სამოციქულო და სახარება თავიანთ დედა ენაზე, ხოლო ამის შემდეგ ისინი უნდა შეიკრიბონ კათოლიკე ეკლესიაში და ყველა ძმასთან ერთად ეზიარონ საღმრთოთა, უხწრნელთა და ცხოველმყოფელთა საიდუმლოთა". მაშასადამე, ამ პერიოდში ქართულ ენაზე უკვე არსებობდა ღვთისმსახურების უმნიშვნელოვანესი წიგნები: ჟამნი, ანუ ყოველდღიური მწუხრის, სერობის, შუაღამის, ცისკრისა და სხვა "ჟამების" მსახურების დროს წარმოსათქმელ ფსალმუნთა და საგალობელთა კრებული და "სამხრისაი" _ დიდმარხვის პერიოდის განსაკუთრებული ღვთისმსახურების საგალობელთა წიგნი. V-VII სს-ებით დათარიღებული ქართული პალიმფსესტების ფრაგმენტები მიგვანიშნებენ ამ სახის წიგნების არსებობაზე.
ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში წარმოდგენილია შემდეგი სახის ლიტურგიკული კრებულები:
ლექციონარი. ძველი და ახალი აღთქმიდან თითოეული დღის, კვირისა თუ დღესასწაულისათვის დადგენილი საკითხავების ეს კრებული განეკუთვნება იმ ერთ-ერთ ადრეულ საღვთისმსახურო წიგნს, რომლის ქართულმა ხანმეტმა ფრაგმენტებმაც დღემდე მოაღწია. საბაწმინდაზე გადაწერილი ხელნაწერი ჯერ კიდევ XIX ს-ის დასასრულს სინის მთის წმ. Eეკატერინეს მონასტრის ქართულ კოლექციაში ინახებოდა. 29 ფურცლისაგან შემდგარი ფრაგმენტი 1883 წელს აღწერა სინის მთაზე მყოფმა ალ. ცაგარელმა. XX ს-ში წიგნი დაშლილი სახით მოხვდა ევროპის წიგნსაცავებში: 27 ფურცელი - ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტის წიგნსაცავში, 1 ფურცელი - ბრიტანეთში, ბირმინგემის შელლყაკ ჩოლლეგე-ის ბიბლიოთეკაში და 1 ფურცელი - საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკაში, პარიზში. საინტერესოა, რომ VII ს-ით დათარიღებული ეს ფურცლები საკმაოდ კარგადაა მოღწეული. ისინი არ გადაუშლიათ და გამოუყენებიათ ხელმეორე საწერ მასალად, ამოფხეკილია მხოლოდ ხმარებიდან გამოსული "ხანები". როგორც ჩანს, იერუსალიმის წიაღიდან გამოსულმა ამ წიგნმა არც შემდგომ გამიცადა რევიზია და კვლავ აქტიური გამოყენების კრებულს წარმოადგენდა.
ქართულად თარგმნილ ლექსიონარს ”იერუსალიმურ კანონაც” უწოდებენ, რადგან იგი ასახავს V-VIII სს-ის იერუსალიმის ღვთისმსახურების წესს. მისი ბერძნული დედანი დაკარგულია, ამდენად ამ სახის ქართულ კრებულებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეული ბერძნული, ანუ იერუსალიმური ღვთისმსახურების შესწავლაში. ლექციონარი წარმართავდა ქართულ ღვთისმსახურებას X ს-ის დასასრულემდე, ანუ კონსტანტინეპოლურ წესზე გადასვლის პერიოდამდე. გარდა საკითხავებისა, ლექციონარი შეიცავს ცალკეულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ მითითება-განმარტებებს, წლის კალენდარს. ამიტომაც მას"ტიპიკონი", ანუ "კანონის" მნიშვნელობა ენიჭება.
დღეისათვის ცნობილი ქართული ლექსიონარის ხელნაწერები X-XI სს-ით თარიღდება. მათი უმეტესი ნაწილი დაცულია სინის მთაზე, ხოლო ერთი - საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.
ჟამისწირვა. უმთავრესი ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მისი მიზანია უსისხლო მსხვერპლის შეწირვა და მორწმუნეთა ზიარება წმინდა საიდუმლოთი - იესო ქრისტეს ხორცითა და სისხლით. მას ევქარისტიასაც ("მადლობას") უწოდებენ, ვინაიდან იგი ადამიანის სიყვარულითა და მასზე მზრუნველობით თავად უფლის მიერაა დადგენილი საიდუმლო სერობაზე. ჟამისწირვისათვის მორწმუნეს ამზადებს ყველა სხვა სადღეღამისო განგება. ჟამისწირვას აღასრულებენ მხოლოდ ეპისკოპოსი ან მღვდელი. ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა შემოინახა სხვადასხვა რედაქციის ჟამისწირვები: მოციქულთა (იაკობის, მარკოზისა და პეტრესი), მღვდელმთავართა (იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის) და პირველშეწირული (დიდმარხვის). უნდა ითქვას ისიც, რომ ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა შემოინახა იაკობის ლიტურგიის ოთხი რედაქცია. ამათგან ერთი შენახულია გრაცის უნუვერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ერთი - ვატიკანში, ერთი- სინის მთაზე.
ტიპიკონი. ეს არის ღვთისმსახურების საზოგადო წესის შემცველი კრებული, ყველა სასულიერო პირისათვის ერთგვარი სახელმძღვანელო წიგნი. ასახავს საეკლესიო პრაქტიკას, რომელსაც მისდევს ესა თუ ის ერი. განარჩევენ სამრევლო და სამონასტრო ტვიპოსს, ანუ კანონს. სამრევლო ტვიპოსი ორნაირია: იერუსალიმის ან ქრისტეს საფლავისა და კონსტანტინეპოლური, ანუ აიასოფიის ეკლესიის. სამონასტრო ტვიპოსი სამია: პალესტინური, ანუ საბაწმიდური, კონსტანტინოპოლური - სტუდიელთა მონასტრისა და ათონური -მთაწმიდისა.
ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა VIII ს-ის ჰაემეტ პალიმფსესტურ ფურცლებზე შემოინახა ღვთისმსახურების ადრებიზანტიური ხანის, ანუ იერუსალიმური წესის ამსახველი კანონი. იგი შეიცავს ქრისტეს საფლავზე შემუშავებულ VII ს-ის რედაქციის ტექსტს, რომელსაც საფუძვლად უდევს V ს-ში დადგენილი ფენა.
X-XI სს-ში ათონის მთაზე დაარსებულ ივირონის მონასტერში ექვთიმე ათონელმა თარგმნა კონსტანტინეპოლური, ანუ აია სოფიის ტიპიკონის მოკლე რედაქცია, რომელსაც ქართველებმა სვინაქსარი უწოდეს. მან თანდათანობით განდევნა პრაქტიკიდან იერუსალიმური კანონი.
XI საუკუნის შუაწლებში კი გიორგი ათონელმა თარგმნა სრული რედაქცია აიასოფიის ტიპიკონისა, რომელსაც "დიდი სვინაქსარი" ეწოდა. ამ წიგნში აისახა სტოდიელთა და ათონის მონასტრების ლიტურგიკული პრაქტიკა. ეს ტიპიკონი ქართულ ღვთისმსახურებაში XIV–XV სს. გამოიყენებოდა.
წმინდა მიწისადმი ქართველთა ერთგულებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის დროს, ლიტურგიკაში შემოვიდა ტიპიკონის ე.წ. საბაწმიდური, ანუ პალესტინური რედაქცია. საინტერესოა, რომ ეს საეკლესიო კანონი შავი მთიდან შემოიტანეს შიომღვიმის ლავრაში არსენ და იოანე ბერებმა. მას ეწოდება შიომღვიმის ტიპიკონი. ამ ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ ქართული სამღვდელოება, ბერმონაზვნობა და თვით სამეფო კარის ეკლესიებიც კი. საბოლოოდ, XVIII ს-ის დასასრულამდე ქართულ ეკლესიაში დამყარდა ტიპიკონის მთაწმინდის რედაქცია, რომელიც მოგვიანებით XIX ს-ში ჩასწორდა სლავური წესის მიხედვით.
გარდა ამ ხელნაწერი კრებულებისა იქმნებოდა ე.წ. ქტიტორული ტიპიკონები, რომელთაც საკუთარი სახსრებით აგებულ მონასტრებს უწესებდნენ დიდგვაროვანი და შეძლებული მორწმუნეები – ქტიტორები. ქრისტიანულ სივრცეში გავრცელებულ ამ საერთო კანონს არც ქართველებმა აქციეს ზურგი. ცნობილია ამ რანგის რამდენიმე ტიპიკონი: გრიგოლ ხანცთელისა, რომელიც მისსავე "ცხოვრებაშია" ფრაგმენტულად შემორჩენილი; ექვთიმე ათონელისა, რომელიც მან განუწესა ივირონის მონასტერს. მათ რიგს განეკუთვნება ასევე დავით აღმაშენებლის მიერ გარდაცვალების წინ შიომღვიმის მონასტრისთვის, გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1080 წ-ს პეტრიწონის ლავრისა და ვინმე მხარგრძელის მიერ ვაჰანის ქვაბის ლავრისთვის 1204-1234 წწ-ში გაცემული ტიპიკონები.
იადგარი. Aადრეული ხანის საღვთისმსახური კრებული, აღმოცენებული ლექციონარის საფუძველზე. მასში თავმოყრილია ქრიატიანულ ღვთისმსახურებაში მთელი წლის დღესასწაულთათვის დადგენილი საგალობლები. იადგარის შესატყვისი აგებულების ბერძნული წიგნი დღემდე არ არის გამოვლენილი. სავარაუდოდ იგი მომდინარეობს ბერძნული ტროპოლოგიონიდან. იადგარის თითოეულ საგალობელს ახლავს ძლისპირის სახელწოდებით ცნობილი რიტმულ-მუსიკალური მოდელი. ცნობილია იადგარის არაერთი ქართული ხელნაწერი. მათი უმეტესობა სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული კოლექციის კუთვნილებაა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულია X ს-ის უნიკალური, ჭილსა (პაპირუსი) და ეტრატზე გადაწერილი იადგარი, რომელიც წარმოადგენს საბაწმინდაზე შექმნილ და ამავე ლავრის ადრეული ჰინოგრაფიული ტრადიციის ამსახველ კრებულს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კრებულებმა შემოგვინახა სადეკლამაციო-მელოდიურ ნიშანთა სისტემა, ე.წ. ნევმები, რომელთაც სანოტო სისტემის უძველეს საფეხურად მიიჩნევენ.
თვენი. ჰიმნოგრაფიული კრებული. იადგარისგან განსხვავებით თვენში ერთ დღეს ორი ან სამი წმინდანი მოიხსენიება. თვენის პირველი რედაქცია ქართულ-ბერძნული წყაროების გამოყენებით შეადგინა გიორგი მთაწმინდელმა. მან ამ კრებულის კალენდარი შეუფარდა მის მიერვე თარგმნილი კონსტანტინეპოლური სვინაქსრის კალენდარს შეუფარდა, მაგრამ, ამავე დროს, შეავსო ქართველ წმინდანთა ხსენებებით, პარალელურად, თითოეულ დღესა და ხსენებასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ყველა კანონით. საინტერესოა, რომ გიორგი ათონელს შემოტანილი აქვს პუნქტუაციის, ანუ განკვეთილობის ნიშნებიც. ხელნაწერის ფურცლები, მოცულობითი ტექსტის გამო, ნაწერია მსხვილი ნუსხურით.
ლიტურგიკულ–ჰიმნოგრაფიულ კრებულებს განეკუთვნება ”მარხვანი” - დიდმარხვის საგალობელთა კრებული, ოქტოიხოსი საკვირაო მსახურების ტექსტების კრებული, პარაკლიტონი - სადა დღეების საგალობელთა წიგნი, ზატიკი - დიდმარხვის გაგრძელება, აღდგომის საგალობელთა და აღდგომის ორშაბათიდან მარტვილიის ორშაბათამდე 50-დღიანი მონაკვეთის საგალობელთა კრებული. ამ სახის წიგნები სამონასტრო დანიშნულების კრებულებს წარმოადგენენ. მათი უმეტესობა დაცულია ათონის, სინისა და იერუსალიმის მონასტრების საცავებში.
აპრაკოსი. კრებული, რომელშიც საეკლესიო წელიწადის წესის საფუძველზე შევიდა ღვთისმსახურებისას გამოსაყენებელი გამოკრებილი საკითხავები სახარებიდან და სამოციქულოდან.
XI ს-დან გვხვდება ლოცვათა კრებული, წიგნი, რომელსაც კურთხევანი ეწოდება, რადგან იგი წარმოადგენს კურთხევათა ან ლოცვათა საშუალებით განწმენდის წესს. კურთხევანის უძველესი რედაქცია X ს-დან არსებობს საქართველოში. უძველესი კურთხევანი იერუსალიმურ-პალესტინური რედაქციისაა. იგი მოიცავდა პირუტყვთა და ცხოველთა მსხვერპლად შეწირვის ლოცვებს. მან ფრაგმენტული სახით მოაღწია. X ს-ის ეს ქართული ხელნაწერი წიგნი ინახება სინის მთაზე.
კურთხევანის ახალი, კონსტანტინეპოლური რედაქცია მოგვცა ექვთიმე ათონელმა. მაგრამ ეს იყო შემოკლებული კურთხევანი და XI ს-ის I ნახევარში ვეღარ აკმაყოფილებდა ლიტურგიკულ მოთხოვნებს, ამიტომაც გიორგი მთაწმინდელმა თარგმანა და შეადგინა დიდი კურთხევანი. ამ წიგნში თავმოყრილია საეკლესიო პრაქტიკაში ამა თუ იმ საკითხზე დადგენილი ყველა ლოცვა. სწორედ ამ კურთხევანმა მიიღო კანონიკური მნიშვნელობა. მისი ყველაზე ადრეული ხელნაწერი XIII-XIV სს-ით თარიღდება და დაცულია სინის მთის ქართულ კოლექციაში.
მოგვიანებით, XVIII ს-ში კვიპრიანე სამთავნელმა ბერძნულიდან ქართულად კიდევ ერთხელ თარგმნა კურთხევანი და დაუახლოვა იგი ბერძნულ პრაქტიკას. კვიპრიანეს თარგმანი ორი - შემოკლებული და ვრცელი – რედაქციებით არის გავრცელებული.
სხვა სახის საღვთისმსახურო წიგნებს, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა ჟანრის თხზულებებს, განვიხილავთ შერეულ კრებულებში.
- გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), გამოსცა, გამოკვლევა, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო ლალი ჯღამაიამ, თბ., 2007.
- დიდნი კურთხევანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ: დოგმატურ-საღვთისმეტყველო სერია N 4, თბ., 2002.
- იოანე მინჩხის პოეზია, ტექსტები გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ლელა ხაჩიძემ, თბ., 1987.
- კეკელიძე კ. ძველი ქაართული მწერლობის ისტორია, I, თბ. 1980
- ლოცვანი და დაუჯდომელი ღვთისმშობლისაი, ახალი შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ: საეკლესიო ბიბლიოთეკა, III, თბ., 2006.
- ნევმირებული ძლისპირნი (ხელნაწერიAA-603), გამოსცა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო გ. კიკნაძემ, თბ., 1982.
- სულავა ნ. XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, თბ., 2003.
- უტიე ბ. ქართული ხანმეტი ლექციონარის ერთი ფურცელი პარიზში: მაცნე ელს, 1, თბ., 1973.
- უძველესი იადგარი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ელ. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა, თბ., 1980.
- ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII სს. ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა მზ. შანიძემ, თბ., 1960.
- ფსალმუნნი, ახალი შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ: საეკლესიო ბიბლიოთეკა, IV, თბ., 2006.
- შანიძე აკ. ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, ტიპიკონის ქართული რედაქცია: თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. IX, თბ., 1985.
- შანიძე აკ. ხანმეტი ლექციონარი, თბ., 1944.
- ჭილ-ეტრატის იადგარი, გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს ა. შანიძემ, ა. მარტიროსოვმა და ა. ჯიშიაშვილმა, თბ., 1977.
- ხევსურიანი ლ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მარხვანის ავტოგრაფული ნუსხის სკითხისათვის: ლიტერატურული ძიებანი, 22, თბ., 2001.
- ხევრუსიანი ლ. შინ.34 შედგენილობისთვის: მრავალთავი, VI, თბ., 1968.
- G. Garitte, Une édition critique du Psautier géorgien. Scripta Disiecta, 1941-1977
- Le calandrier palestino-géorgien du Sinaiticus 34 (X siecle). Edité, traduit et commanté par G. Garitte. Subsidia Hagiografiphica N 30, Bruzxelle, 1958.
- Кекелидзе К., Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилтщах и их научное значение, Тифлис, 1908.
- Кекелидзе К., Иерусалимский Канонарь VII ывека (Грузинская версия), Тифлисъ, 1912