- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ქართული წერილობითი კულტურის ადრეული საერო ძეგლები დამოუკიდებელი და ძლიერი ფეოდალური მონარქიის, ბრწყინვალე სამეფო კარის არსებობის პირობებში იქმნებოდა. ეს იყო კულტურული გარემოსადმი გახსნილი საზოგადოება, რომელიც შემოქმედებითად ითვისებდა როგორც ელინურ-ბიზანტიურ, ისე ისლამური აღმოსავლეთის გავლენებს.
კლასიკური ხანის ქართული მწერლობა ძლევამოსილი ქვეყნის იდოლოგიითაა აღბეჭდილი. ეს არის მაღალი ეროვნული თვითშეგნებითა და სიამაყით შექმნილი პოეტური თუ პროზითი თხზულებები, რომელთა ავტორები განადიდებენ სწორუპოვარ მონარქებს და ასაბუთებენ მათს ღმრთისაგან რჩეულობას. XII-XIII სს.-ებში შექმნილი პირველი ქართული საერო თხზულებები, სახოტბო პოეზიის მაღალმხატვრული ნიმუშები ,,თამარიანი” და ,,აბდულმესია”, ამ იდეებითაა შთაგონებული. ისინი აღორძინების ხანის ანთოლოგიის ტიპის ხელნაწერი კრებულებითაა შემონახული. მათში გაერთიანებულია სხვადასხვა პერიოდის პოეტური ნიმუშები.
ქართული საგმირო-სარაინდო თხზულებები საუკუნეთა მანძილზე ასაზრდოებდა ქართველ მკითხველს. იქმნებოდა სრულიად უნიკალური ხელნაწერები, რომლებიც ოჯახის რელიქვიად, ,,სამზითვო წიგნებად” ითვლებოდა. მათ გადაწერასა და შემკობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ქართველი მეფეები და დიდი ფეოდალები. იქმნებოდა მდიდრული და გამორჩეული ნუსხები, რომელთა გარეგნული იერ-სახე ემყარებოდა როგორც ქართულ, ეროვნულ, ისე მუსლიმურ-აღმოსავლურ კულტურულ ტრადიციებს. ეს უპირველესად ,,ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერებია, რომელთაგან ზოგიერთი ქართული ხელნაწერი წიგნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
ხელნაწერი H-54 1680 წელსაა გადაწერილი. იგი გიორგი XI-ის დაკვეთითაა შესრულებული. გადაწერილია მდივან ბეგთაბეგს მიერ. ნუსხა გამოირჩევა თავისი შემკულობით – ტექსტი თითოეულ გვერდზე ჩასმულია ჩარჩოში, ხოლო კიდეები ორნამენტითაა მოხატული.
,,ვეფხისტყაოსანის” ცნობილი ,,წერეთლისეული” ნუსხა S-5006 წარმოადგენს ვახტანგ VI-ის გამოცემისა და XVII ს.-ის ხელნაწერის პირს. იგი ორი ოსტატის მიერაა დასურათებული; ერთი რიგის მინიატურები მთლიანად ირანული გავლენითაა შექმნილი ,,ისფაჰანური სამინიატურო მხატვრობის სფეროშია მოქცეული, მეორეში კი ჩანს ეროვნული ტენდენცია.
ქართული ეროვნული შემოქმედების ნიმუშადაა მიჩნეული ,,ვეფხისტყაოსნის” თავაქარაშვილისეული ნუსხის მოხატულობა. ხელნაწერი გადაწერილია და მოხატული სამეგრელოში, ლევან II დადიანის კარზე მისი მდივნის, მამუკა თავაქარაშვილის მიერ 1646 წ-ს. ხელნაწერს ერთვის თავად მამუკას ავტოპორტრეტიც.
ქართული საერო მწერლობის ერთ-ერთი ადრეული და მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლი, სარაინდო რომანი ,,ამირანდარეჯანიანი” წარმოადგენს ცალკეულ მოთხრობათა კრებულს, რომლებიც ძლევამოსილი გმირის ამირან დარეჯანის ძის თავგადასავლითაა გაერთიანებული. ტრადიციის თანახმად (ფსევდორუსთველური სტროფი), ძეგლის ავტორია მოსე ხონელი. თხზულება ,,აღორძინების” ხანის ხელნაწერებითაა შემონახული. ზოგიერთი მათგანის მოხატულობაში ხაზგასმულია ამ პერიოდის საქართველოში ერთგვარ კულტად ქცეული ფიზიკური ძალა და საფალავნო ატრიბუტები.
ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა ასახავს საერო საზოგადოების მოთხოვნებსა და გემოვნებას, პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტირებს. ქართული ხელნაწერი ფონდები მდიდარია კლასიკური სპარსული პოეზიის, სპარსული ეპოსის ბრწყინვალე ნიმუშების ქართული თარგმანებითა თუ ვერსიებით. ეს ძეგლები უაღრესად პოპულარული იყო ქართულ საზოგადოებაში, რასაც განაპირობებდა, ერთი მხრივ, ამ თარგმანთა მაღალი მხატვრული დონე და, მეორე მხრივ, საერთო, გმირული და რომანტიკული იდეალების არსებობა ამ კულტურებში.
XI ს-იდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ურთიერთობა ირანთან. ამ პერიოდში შეიქმნა სპარსული რომანტიკული ეპოსის ცნობილი ნიმუში, გორგანის ,,ვის ო რამინი”, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ ჟანრის ისეთი ცნობილი წარმომადგენლის შემოქმედებაზე, როგორიც არის ნიზამი განჯელი. საგულისხმოა, რომ ამავე საუკუნეში, თითქმის თანადროულად, შეიქმნა ქართული ,,ვისრამიანი” – ზედმიწევნით ზუსტი და თავისი მაღალმხატვრული ღირებულებებით გამორჩეული ძეგლი.
ეროვნულ ფონდში დაცულია ,,ვისრამიანის” უნიკალური ხელნაწერი S-3702, რომელიც 1729 წ.-საა გადაწერილი. იგი წარმოგვიდგენს სპარსული ძეგლის ორიგინალურ, ბეითურ სისტემას და უაღრესად მნიშვნელოვანია დედნისეული ტექსტის დადგენა-დაზუსტებისათვის. Nნუსხა მინიატურებითაა შემკული. მისი დამსურათებელი მიჰყვება მუსლიმურ-აღმოსავლურ ტრადიციას და ხელნაწერს ამკობს ამ გავლენის შედეგად შექმნილი მაირანიზებელი მინიატურებით.
აღორძინების ხანაში გამოცოცხლდა ეროვნული თვითშეგნება, გაღრმავდა კავშირურთიერთობანი როგორც აღმოსავლეთთან, ისე დასავლეთთან; გაძლიერდა კულტურულ-საგანმანათლებლო ტენდენციები, ფართოდ გაიშალა მთარგმნელობითი საქმიანობა.
სწორედ ამ პერიოდში ქართველ პოეტ-მთარგმნელთა ყურადღება მიიქცია კლასიკური სპარსული პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშმა, ფირდოუსის მონუმენტურმა პოეტურმა ქმნილებამ “შაჰ-ნამემ”. “დიდი წიგნი”, როგორც უწოდებენ მას ირანში, ნაციონალური ეპოსი, ირანის წარსულისადმი მოწიწებით, გმირობისა და სამართლიანობის იდეალებითაა გამსჭვალული.
პოემის ქართული ვერსიები, როგორც პროზითი, ისე ლექსითი, აღორძინების ხანას განეკუთვნება. Uცხადია, ქართველ შემოქმედთა დაინტერესება ,,მეფეთა წიგნით” შემთხვევითი არ იყო – ფირდოუსი ილაშქრებდა მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ და მათ ძველი ირანული კულტურის, დიდი ისტორიის გამანადგურებლად მიიჩნევდა. პოემის თავისუფლებისმოყვარე სული, დიდსულოვან და სწორუპოვარ გმირთა თავგადასავალი, რომანტიკული, ამაღლებული სამიჯნურო ეპიზოდები ახლოს იდგა ქართულ მსოფლშეგრძნებასთან, ქართული საერო ლიტერატურის ჟანრობრივ თემატიკასთან.
,,მეფეთა წიგნის” ქართული ვერსიები უშუალოდ სპარსული წყაროებიდან მომდინარეობს და ,,შაჰ-ნამეს” ცალკეული ნაწილების რედაქციებადაა ჩამოყალიბებული. ქართულ ხელნაწერთა ფონდებში მრავლადაა ამ ვერსიების შემცველი ნუსხები; მათგან გამორჩეულია S-1580, ,,როსტომიანის” ხელნაწერი, რომელიც XVII ს.-ით თარიღდება. იგი მრავალი მინიატურითაა შემკული. ხელნაწერს საინტერესო თავგადასავალი აქვს: მას ,,უმოგზაურია” რუსეთში; მის მფლობელებზე მიგვანიშნებს მინაწერი:: ,,როსტომიანი ნაქონია მეფის ვახტანგისა ... როდესაც დარეჯან დედოფალი პეტერბურგს წაიყვნეს, მამაჩემი თან ახლდა და დიმიტრი ბაგრატიონს ეჩუქებინა”
Q,,შაჰ-ნამეს” ქართული პროზითი ვერსიია ,,უთრუთიან-საამიანი” აერთიანებს მეფეთა და ფალავანთა ეპიზოდებს, რომლებიც მისდევს ,,შაჰ-ნამეს” ძირითად ხაზს და სიუჟეტურად მოჰყვება როსტომის ამბავს. ამ ვერსიის ნუსხა S-1594 გადაწერილია მამუკა თავაქარაშვილის მიერ 1647 წ.-ს ოდიშის მთავარ ლევან დადიანის ბრძანებით. იგი შემკულია ხალხური სტილით შესრულებული მინიატურებით.
აღორძინების ხანას განეკუთვნება ცნობილი აღმოსავლური სამიჯნურო-რომანტიკული სიუჟეტების, ამ სიუჟეტებზე შექმნილი სპარსული თხზულებების ლიტერატურული ,,გარდათქმა”- გადამუშავებებიც – ,,ლეილ-მაჯნუნიანის”, ,,ვარდ-ბულბულიანის”, ,,შამი-ფარვანიანის”, ,,იოსებ-ზილიხანიანის” ქართული თარგმანები. ცნობილია ამ უკანასკნელის თეიმურაზ პირველისა და ანონიმის მიერ შექმნილი ვერსიები.
იოსებისა და პოტიფარის მეუღლის ბიბლიური სიუჟეტი, რომელიც შთაგონების წყარო გახდა როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური, ისლამური ლიტერატურული გადამუშავებებისათვის, განსაკუთრებული სიღრმით გადმოსცა აბდურაჰმან ჯამიმ – კლასიკური სპარსული პოეზიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა (XVს.)
,,იოსებზილიხანიანის” XVII ს.-ით დათარიღებული ქართული ხელნაწერის ტექსტი სწორედ ჯამის თხზულებას უკავშირდება. მისი ერთ-ერთი შრე არის პოემის ბრწყინვალედ დასურათებული ნუსხა, რომლისგანაც დღეს მხოლოდ მინიატურებია შემორჩენილი. ისინი XVI-XVII სს-შია შექმნილი და სპარსული სამინიატურო სკოლის ტექნიკითაა შესრულებული. მათ მეორე მხარეს კი დაცულია შესაბამისი ტექსტის ცალკეული ფრაგმენტები. ისინი რომელიღაც სხვა ქართული ხელნაწერიდანაა ამოღებული და დაკრული S-1283-ის ფორმატის ფურცლებზე.
XVII – XVIII საუკუნეებში, ქართული განმნათლებლობის პერიოდში იქმნება დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის თხზულებები, რომელთა საჭიროება და მათზე მოთხოვნილებაც უაღრესად დიდია საზოგადოებაში. ამ იქმნება სულხან-საბას ,,სიბრძნე სიცრუისა” და ყალიბდება ცნობილი აღმოსავლური ძეგლის ,,ქილილა და დამანას” ქართული ვერსიები.
,,ქილილა და დამანას” კრებული ინდური წარმოშობისაა. XV ს.-ში ვა’ეზ ქაშეფი სპარსულ ენაზე ქმნის ახალ ვერსიას ,,ანვარე სოჰაილის” სახელწოდებით. ძეგლი ლექსნარევი პროზაა. სწორედ მისგან მომდინარეობს ,,ქილილა და დამანას” ქართული ვერსიები: დავით კახთა მეფისა და ანონიმი სპარსი და სომეხი მთარგმნელების არასრული ვერსია, ვახტანგ VI-ის მიერ თარგმნილი ვერსია (პწკარედული თარგმანი) და სულახან-საბას მიერ ვახტანგის თხოვნით ,,გაჩალხული” ვერსია. ეს ვერსია სულხან-საბას ავტოგრაფითაა შემონახული. Aამავე პერიოდს განეკუთვნება ტრაგიკული ბედის მქონე, უცხოობაში გადახვეწილი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის მონუმენტური ქმნილება ,,დავითიანი” - XVIII ს.-ის შფოთიანი ცხოვრების პოეტური მატიანე. პოეტი ძეგლს თავის ,,ობოლს” უწოდებს, რომელსაც ასწავლა ,,სიბრძნე-მცირით” თავისი `საცოდნელი”. კრებულის ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც ავტოგრაფის სახითაა შემონახული, ამ ,,საცოდნელს” სრულად წარმოგვიდგენს - დავითის სულიერი ცხოვრების ქრონიკას, მის ფართო განსწავლულობას. ნუსხას ერთვის გურამიშვილის ავტოპორტრეტი, სარწყავისა და წისქვილის გეგმა, პოეტის მინაწერები.
ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა ,,ცხოვრობს” ქვეყნის ცხოვრებით – პოლიტიკური ვითარების კვალად იგი ხან აღმოსავლეთისკენაა მიქცეული, ხან ევროპისკენ იკვალავს გზას. XVIII-XIX სს-ის ქართული ხელნაწერები ევროპეიზმის ნიშნითაა აღბეჭდილი. ჩვენი განმანათლებლების მიერ XIX ს-ში შედგენილი ენციკლოპედიური შრომები, მიმოხილვები ერთგვარად აჯამებს ამ პერიოდის ცოდნას ქართული სასულიერო და საერო მწერლობის შესახებ. ეს არის ქართველ მწერალთა ერთგვარი ანოტირებული ლექსიკონები, რომელთა ავტორები არიან ქართული საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათალიკოსი, მწერალი და მეცნიერი ანტონ I და ქართველი განმანათლებელი და ენციკლოპედისტი, მეცნიერი და ლექსიკოგრაფი იოანე ბატონიშვილი.
- ალ. გვახარია, “იოსებზილიხანიანის" ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, I, თბილისი, 1958
- მ. თოდუა, “ქილილა და დამანას” საბასეული ვერსია, თბილისი,
- 1967
- იოანე ბატონიშვილი, “კალმასობა” ანუ “ხუმარსწავლა”, ტ. I-II, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ციალა კახაბრიშვილმა, ცოტნე კიკვიძემ, თბილისი, 1990-1991
- კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ.II, თბილისი, 1924
- მ. მამაცაშვილი, გორგანის “ვის ო რამინ” და ქართული “ვისრამიანი”, თბილისი, 1977
- დ. კობიძე, შაჰ-ნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბილისი, 1952
- მოსე ხონელი, ამირანდარეჯანიანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ლილი ათანელიშვილმა,
- თბილისი, 1967
- ი.ხუსკივაძე, ქართული საერო მინიატურა. XVI-XVIII საუკუნეები. თბილისი, 1976