ტერმინები

საძიებელი

სრულად ნახვა

აგიოგრაფია

სასულიერო მწერლობის ჟანრი, აღწერს ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა წამებასა და ცხოვრება-მოღვაწეობას და იყოფა კიდეც ორ ქვედარგად: მარტვილობებად ანუ წამებებად და ცხოვრებად. ტერმინი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან “hagiosgraphō“: hagios-წმინდანი, graphō - ვწერ. ჟანრი ჩამოყალიბდა პირველი ქრისტიანული თემის ჩამოყალიბებისთანავე.

ანდერძი

შუა საუკუნეების წიგნის შედგენილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, გადამწერის ან მომგებლის მიერ ხელნაწერზე დართული ტექსტი. შეიცავს ცნობებს წიგნის გადაწერის ადგილის, დამკვეთ-დამფინანსებელი პირების, ყდისა და საწერი ფურცლის ოსტატების, მომხატველების, გადამწერების შესახებ; განმარტავს კონკრეტული წიგნის დანიშნულებას ან მასში შემავალი თხზულებების თარგმნა-რედაქტირებასტან დაკავშირებულ საკითხებს.

აპოკრიფი

ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებზე დაწერილი იმგვარი უძველესი თხზულებები, რომლებიც არ შედის ბიბლიაში. ტერმინს საფუძვლად უდევს ბერძნული აპოკრუფოს, რაც "დაფარულს", "საიდუმლოს" აღნიშნავს.ეკლესიას ამგვარი წიგნებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა. Aამგვარ თზხულებათა შორის  Gგამოჰყოფდნენ როგორც მხოლოდ სხულისკანონის მცოდნე პირთათვის საკითხავ, ასევე ეკლესიის მიერ შეუწყნარებელი თხზულებებს.

აპრაკოსი

სახარებიდან და სამოციქულოდან საეკლესიო წელიწადის შესაბამისად გამოკრებილი ის საკითხავები, რომლებიც ღვთისმსახურების დროს იკითხება.

ასკეტიკა

სასულიერო მწერლობის ჟანრი, რომელიც წარმოადგენს ზნეობრივ შეგონებებს მიმართულს საერო ცხოვრებისაგან განდგომილი ბერ-მონაზვნებისადმი. იგი ასახავს ასკეტ ანუ განდეგილ მონაზონთა იდეალებს. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ცნობილი არიან საქართველოში მოღვაწე, სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი ასკეტი მამები: ასურელი მამები და გრიგოლ ხანცთელი.

განთესულნი

სახარების მუხლთა საერთო საძიებელი, თანამედროვე ტერმინოლოგიით, სიმფონია.

განყოფა

გრაგნილის გაშლა საკითხავად.

გვერდი

ორ სვეტად ნაწერი ფურცლის ერთი სვეტი.

გრაგნილი

დახვეულ საწერ თუ ნაწერ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი. გრაგნილი შედგებოდა ტყავის ან ქაღალდის გადაკერებული ნაწილებისგან. დროთა ვითარებაში ხელნაწერი წიგნის ამ ფორმამ გადაინაცვლა საბუთებში, ანუ მცირე მოცულობის ტექსტებში, თუმცა ამავე დროს გვაქვს გრაგნილზე გადაწერილი ჟამისწირვები და ვაჰანის ქვაბის განგება _ სამონასტრო კანონი, მოცულობითი ტექსტი.

გულანი

საღვთისმსახურო წიგნი, დამახასიათებელია მხოლოდ ქართული საეკლესიო პრაქტიკისთვის. ჩამოყალიბდა XVI საუკუნის შემდგომ. აერთიანებს 12 თვის, ანუ სრული წლის ღვთისმსაურებისათვის საჭირო ბიბლიურ ტექსტებს, ლოცვებს, საეკლესიო წესგნგებებს და სხვ. ცნობილია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედის და სხვა გულანები. გადმოცემის თანახმად, გულანები იდო ყოველ დიდ ეკლესიაში.

დავითნი

დავით წინასწარმეტყნელის საგალობლები, ანუ ფსალმუნები.

დასდებელი

საეკლესიო საგალობელი. ტერმინი წარმოდგება სიტყვისაგან "დადება". თავდაპირველად მას უნდა აღენიშნა რეფრენად, ანუ მისამღერად გამოყენებული მუხლი. შემდგომ მისი მნიშვნელობა გაფართოვდა და აღნიშნა ის საგალობლები, რომლებიც მოსდევს პირველ სტროფს და სრულდება ერთნაირი რიტმულ-მელოდიური წყობით.

დოგმატიკა

სასულიერო მწერლობის ჟანრი, ქრისტიანული დოგმების შესახებ. იგი მასალას კრებს ბიბლიიდან, საეკლესიო ტრადიციიდან, მსოფლიო საეკლესიო კრებების იმ დადგენილებებიდან, რომლებიც ეხებოდა "რწმენის სიმბოლოს". ამ ჟანრს საფუძველი ჩაეყარა II-III სს-ში.                             

ეგზეგეტიკა

სასულიერო მწერლობის ჟანრი, მიზნად ისახავს ბიბლიური ტექსტების საღვთისმეტყველო ახსნა-განმარტებებს. სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა საღვთისმეტყველო სკოლაში განსხვავებულ ნიშნებს იძენს. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ეგზეგეტიკური მწერლობის უძველეს ნიმუშს ვხვდებით "ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში", VI ს. განსაკუთრებით საინტერესოა X ს-ის შატბერდის კრებულში შესული ეგზეგეტიკური თხზულებები. ამ ჟანრის ძეგლები XI ს-დან თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, ეფრემ მცირემ.

ეტრატი

ტყავის საწერი მასალა; ამზადებდნენ ცხვრის, კრავის, თხისა და ხბოს ტყავისაგან. აღმოსავლეთში II-III საუკუნეებიდან მეტოქეობას უწევს პაპირუსს, ვინაიდან გაცილებით მოქნილი და რბილი საწერი მასალაა. კარგად უძლებს დახვევასა და დაჭრას. იგი აქტიურ მიმოქცევაში ჩნდება IV საუკუნიდან; ძველი ქართული ხელნაწერი წიგნები თუ საბუთები შესრულებულია ეტრატზე. X საუკუნიდან თანდათანო-ბით შემოდის აღმოსავლური ქაღალდი, მაგრამ დასაწყისში იგი ვერ უწევს მეტოქეობას ეტრატს. ძველი ქართული ხელნაწერი წიგნების შესწავლა ნათელს ჰფენს ტყავის დამუშავების კულტურას საქართვე-ლოში.

ზანდუკი

წიგნის სარჩევი; ძველ ქართულ ხელნაწერებში იგი წინ უძღოდა ტექსტს, თუმცა მისი ადგილი არ იყო მკაცრად განსაზღვრული და შესაძლოა იგი უკან დართვოდა კრებულს. ასეთი შემთხვევები უმეტე-სად თავს იჩენს გვიან, ხელნაწერის გადაწერიდან დიდი დროის შემდგომ შედგენილი ზანდუკების დართვისას.

ზედაწერილი

წარწერა, დასათაურება. თავდაპირველად ტერმინს უნდა აღენიშნა ცვილით დაფარულ ხის დაფებსა და ქვის მასალაზე წარწერის გაკეთება; შემდგომ მისმა შინაარსმა გადაინაცვლა ზოგადად ხელნაწერისკენ და მოიცვა მისი დასათაურებაც.

თვენი

ყოველი თვის საეკლესიო კალენდარზე გაწყობილი საგალობლების კრებული. იგი ჩამოყალიბდა X ს-ის დასასრულიდან. ამ სახის კრებულში ერთ დღეს შესაძლოა მოიხსენიებოდეს ორი ან სამი წმინდანი. თვენს აქვს სამარხვო ნაწილიც. თვენის პირველ შემდგენლად მიიჩნევენ გიორგი მთაწმიდელს. ქართული თვენების ძირითადი ხელნაწერები დაცულია სინის, იერუსალიმისა და ათონის მთის კოლექციებში.

კაბადონი

ფურცლის ორ სვეტად ნაწერი გვერდი.

კაზმვა

ტერმინი დასტურდება XI საუკუნიდან; ნიშნავს: საწერი მასალის ანუ ეტრატის მომზადება-დახაზვა; ფურცლების რვეულებად შეკვრა; წიგნის ყდაში ჩასმა: "ეტრატი ყოველი მას უკაზმავს" (Ath. 20. 188v); "ამისა შემკაზმავსა მიქაელს შეუნდვნეს ღმერთმან" (Ath.41, 1r)

კამარა

სახარებების დასაწყისში დეკორატიული მფუნქციით გამოყენებული ნახევარრკალის ფორმის სამკაული, რომელშიც ჩაწერილია სახარების კანონები, თანამედროვე გაგებით ოთხივე სახარების თანაბარი მუხების ერთმანეთთან მისაყვანი საძიებელი.

კანონიკა

სასულიერო მწერლობის ჟანრი, რომელიც მოიცავს საეკლესიო სამართლის ძეგლებს. ამ სახის ხელნაწერებში შედის მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონები. ეკლესიის მამათა კანონის ნორმით მიღებული თხზულებები. ეკლესიის სამოქალაქო საქმეთა კანონმდებლობა. ამ გაერთიანებულ კრებულს ბერძნულად ეწოდება "ნომოკანონი" ქართულად კი "სჯულისკანონი".

კერძო

ფურცლის ცალი მხარე, გვერდი.

კეფი

გრაგნილის შემადგენელი ნაწილი, ტყავის ან ქაღალდის მონაკვეთი, რომელიც გადაკერვის საშუალებით უერთდება შემდგომ მონაკვეთს.

კიმენი

აქვს ორი მნიშვნელობა. ერთის მიხედვით იგი არის ბიბლიურ-კანონიკური ტექსტი განმარტებებისა და კომენტარების გარეშე, უკავია ფურცლის შუა ნაწილი. მეორე მხრივ აგიოგრაფიულ მწერლობაში კომენი აღნიშნავს წმინდანთა წამებებისა და ცხოვრებების თავდაპირველ ვარიანტებს, ყოველგვარი შევსების გარეშე.

ლექციონარი

ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დღის, კვირისა და დღესასწაულისთვის დაწესებული ბიბლიური საკითხავების წიგნი.

ლიტურგია

ღვთისმსახურება

ლიტურგიკა

ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმსახურების შემსწავლელი დარგი, რომელიც იკვლევს მის თეორიულ საფუძვლებს. ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში ასახულია ქრისტიანული, სამრევლო და სამონასტრო მსახურების ტრადიციები საქართველოში. ლიტურგიკაში გამოყოფენ ორ ნაწილს: საზოგადოსა და კერძოს. პირველი აყალიბებს ღვთისმსახურების საფუძვლებს, გადმოსცემს მის შემადგენელ ნაწილებს, ხოლო მეორე ეხება როგორც ყოველდღიური ასევე სამარხვო და სადღესასწაულო მსახურების წესს.

მარგინალური

ნიშნები, რომლებიც ხელნაწერ წიგნებში გამოტანილია აშიებზე და აქვთ გარკვეული აზრობრივი დატვირთვა: უმეტეს წილად აღნიშნავენ შენიშვნებს, ციტატებს, ტექსტის კითხვის სადეკლამაციო თავისებურებებს.

მეტაფრასული

ამ ტერმინით აღინიშნება გადაკეთებული და შევსებული აგიოგრაფიული ტექსტები, რომლებიც საგრძნობლად განსხვავდება თავდაპირველი ვარიანტისგან. ტერმინი მომდინარეობს სიტყვისგან "მეტაფრასი", რომელიც აღნიშნავს გადაკეთებას და ხელახლა თხრობას.

მისტიკა

აქ. სასულიერო მწერლობის ჟანრი, რომელიც ეხება ღმერთთან უშუალო შეერთების განცდას. იგი წარმოადგენს თეოლოგიური და ფილოსოფიური დოქტირინების ერთობლიობას. მისტიკის საფუველი საძიებელია აღმოსავლური რელიგიებში.

მკვიდრი

ხელნაწერი გვერდის ის ნაწილი, რომელზეც დაწერილია ტექსტი; "ყუველთა გევედრების აღმომკითხველთა წმიდისა ამის წიგნისათა, რათა კეთილად განარჩიოთ სხოლიონნი და არასხოლიონნი, რომელ არიან დანაშთენნი მკვიდრისანი."

მომგებელი

ხელნაწერი წიგნის გადაწერის ფინანსურად უზრუნველმყოფელი პირი ანუ მისი დამკვეთი. ამგვარი პირი უმეტეს შემთხვევაში იყო ცალკეულ სამონასტრო ცენტრში მოღვაწე სასულიერო პირი, ხშირად ამავე მონასტრის წინამძღვარი, უშუალოდ სამწიგნობრო საქმიანობაზე პასუხისმგებელი  მღვდელი ან ამა თუ იმ მონასტრის აგების ინიციატორი სასულიერო პირი. მაგ., ალავერდის ოთხთავის სახელწოდებით ცნობილი წიგნის ანდეძ-მინაწერები მოიხსენიებენ მომგებელს _ სვიმეონ მღვდელს: "სასოებითა დიდითა მაცხოვრის მიმართ და შეწევნითა მადლისა მისისაითა...ღირს მყო მოგებად წმიდისა ამის სახარებისა მე, ცოდვილი სიმეონ სიტყით ოდენ მღდელი, ხოლო საქმით ყოვლითურთ მატლ..."; ოშკში გადაწერილი სამი მნიშვნელოვანი ხელნაწერის – ოშკის ბიბლიის, იოვანე ოქრიპირის ცხოვრებისა და ოშკის "სამოთხის" მომგებელია ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი იოვანე-თორნიკყოფილი სვინგელოზი, რომლის ინიციატივითა და ფინანსური ხელშეწყობით აიგო ჯერ ოშკის ტაძარი, ხოლო შემდგომ ათონის ივერთა მონასტერი. ხშირად ხელნაწერ წიგნთა მომგებლები არიან მაღალი წრის საერო პირები.

მრავალთავი

ღვთისმსახურების დამხმარე წიგნი, რომელიც მიჰყვება საეკლესიო კალენდარს და აერთიანებს თხრობით ჟანრებს (აგიოგრაფია, ჰომილეტიკა, აპოკრიფები, ეგზეგეტიკა).

მჩხრეკალი/უცბადმჩხრეკალი

ხელწერით წიგნის გადამწერი პირი. ამ ტერმინის პარალელურად ანდერძ-Mმინაწერებში ნახმარია ტერმინი "მწერალი". მჩხრეკალი  ანდა უცბადმჩხრეკალი არ გულისხმობს უხარისხო ნაწერის ავტორს, ვინაიდან ასე მოიხსენიებს საკუთარ თავს XI საუკუნის ცნობილი კალიგრაფი იოვანე დვალი: "ლოცვა ყავთ, წმიდანო მამანო, სულითა საწყალობელისა ცოდვილისა ბერისა იოვანე დვალისათვის, უცბად მჩხრეკალისა; ღმერთმან გარწმუნოს."

თვითონ ლექსიკური ერთეულის – "ჩხრეკის" მნიშვნელობიდან გამო-მდინარე, სავარაუდოა, რომ "მჩხრეკალი" ან თუნდაც "უცბადმჩხრეკალი" უნდა გულისხმობდეს იმ სახის გადამწერს, რომელიც მექანიკურად კი არ იწერს ხელნაწერს უკვე არსებული დედნიდან, არამედ ავსებს მას გარკვეული მასალით ან ურთავს ერთგვარ კომენტარებსა; ამ თვალსაზრისს ამყარებს ის ფაქტი, რომ  ტერმინით "მჩხრეკალი" მოიხსენიება X ს-ის ცნობილი გადამწერი და რედაქტორი  იოვანე-ზოსიმე.

ნუსხა

არაბულიდან შემოსული ტერმინი. იქ აღნიშნავდა პირველ ხელნაწერს ანუ დედანს. ძველ ქართულში ტრადიციაში იგი თავდაპირვე-ლად გულისხმობს ავტოგრაფს, მოგვიანებით _ ზოგადად გადაწე-რილ ხელნაწერს. ამავე ტერმინიდან ნაწარმოებია მოქმედების სა-ხელები და შესაბამისი ზმნები: ნუსხვაი, დანუსხვაი.: "ქრისტე ადიდე წმიდაი მამაი გიორგი მთაწმიდელი, რომლისა შეწევნითა დავნუსხე წმიდაი ესე პარაკლიტონი".

ოთხთავი

ოთხივე მახარებლის სახარება. ახალი აღთქმის სხვა წიგნების გარეშე.

ოქტოიხოსი

კვირა დღის მსახურებისათვის რვა ხმაზე გაწყობილი საგალობლების კრებული.

პანეგირიკონი

საჯაროდ წარმოქმული სახოტბო სიტყვების კრებული.

პარაკლიტონი

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ღვთისმსახურებისათვის საჭირო საგამობელთა კრებული, გაწყობილი რვა ხმაზე.

პატივი

აშია, კიდე; ზოგ შემთხვევაში ტერმინი აღნიშნავდა საერთოდ დაუ-წერელ ფურცელს.

ჟამისწირვა

მართმადიდებლური ეკლესიის უმთავრესი ღვთისმსახუება, რომლის მიზნია უსისხლო მსხვერპლის შეწირვა და მორწმუნეთა ზიარება წმინდა საიდუმლოთი. სადღეღამისო მსახურების სხვა განგებები (მწუხრი, სერობა და სხვ.) არის მომზადება ჟამისწირვისთვის. ჟაისწირვა სხვაგვარად ევქარისტიასაც უწოდებენ. მას აღასრულებს მხოლოდ ეპისკოპოსი ან მღვდელი.

ჟამნი

ყოველდღიური საზოგადო მსახურების წიგნი, რომელიც აერთიანებს მწუხრის, სერობის, შუაღამის, ცისკრისა და სხვა "ჟამების" ლოცვებსა და საგალობლებს.

საწერელი

საწერი იარაღის, რომლითაც წერდნენ რბილ საწერ მასალაზე (ეტრატი, ჭილი, ქაღალდი).

სვინაქსარი

საღვთისმსახური დანიშნულების წიგნი, რომელშიც თავმოყრილია წმინდანთა, მოწამეთა და დღესასწაულთა თორმეტი თვის ყველა დღეზე გაწყობილი კალენდარი, შევსებული წმინდანთა და მოწამეთა ცხოვრებებითა და მარტვილობებით, ლიტურგიკული მითითებებით და სხვ.

ქარტა

ეტრატის, ჭილის (პაპირუსის) ან ქაღალდის საწერი მასალა: "იოვანე მოიღო ქარტაიდა მელანი და დაწერა ებისტოლეი"; "ისწავე საქმე ქარტისაი". ეტრატზე გადაწერილი წიგნების სიმრავლის შემდგომ ამ ტერმინის მნიშვნელობა დავიწროვდა და უმეტესად აღნიშნავდა საბუთს ანუ ერთ ფურცელზე გადაწერილ ტექსტს: "ჰრქუა მას იოვანე: განავლინენ ყოველნი სახლისა შენისა გარე. და ვითარცა იქმნა ესე, აჰა, რომანა, და აქუნდეს ქარტანი, რომელთა ჰრქვიან სყიდულებაი".

ქსელი

ეტრატის საზომი ერთეული. "ქსელი ერთი ეტრატი" გულისხმობს ერთ ნაჭერ ანუ ფურცელ ეტრატს.

შემოსვა

ხელნაწერი წიგნის კინძვა და ყდაში ჩასმა.

ძლისპირი

ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულზე დაწესებული გალობის, ანუ კანონისა და სტიქარონის პირველი ტროპარი, ანუ სტროფი. იგი წარმოადგენს მთელი გალობის რიტმულ-მელოდიურ მოდელს. აერთიანებს თანაბარი რიტმული საზომით დაწერილ ტროპარებს. ძლისპირებს სწავლობდნენ ზეპირად და მათ მიხედვით ასრულებდნენ მთელ საგალობელს.

წიგნი

ხელნაწერი, განურჩევლად მისი ფორმისა და მოცულობისა.  ამავე ტერმინით აღინიშნებოდა თანამედროვე "წერილი", ასევე იურიდიული დოკუმენტი. წიგნი შეიძლება ყოფილიყო ქვაზე ნაწერი დოკუმენტიც: "პოვნეს ფიცარნი წიგნისანი."

ხანმეტი

ქართული ზმნისა და ზედსართავი სახელის აღმატებითი ხარისხის წარმოების ძველი ფორმა, გავრცელებული V-VIII სს-ში, რომელიც შემდგომ გავიდა ხმარებიდან. ტერმინი "ხანმეტი" გულისხმობს ზმნაში პირის ნიშნად გამოყენებული ასო - "ხანის" მეტობას დღევანდელი ნორმის თვალსაზრისით. მაგ.: "ხიყავ" ნაცვლად "იყავ", "ხუმჯობეს" ნაცვლად "უმჯობესი".

ჰაემატი

ქართული ზმნისა და ზედსართავი სახელის აღმატებითი ხარისხის წარმოების ძველი ფორმა, გავრცელებული VIII ს-ში, რომელიც შემდგომ გავიდა ხმარებიდან. ტერმინი "ჰაემეტი" გულისხმობს ზმნაში პირის ნიშნად გამოყენებული ასო - "ჰაეს" მეტობას დღევანდელი ნორმის თვალსაზრისით. მაგ.: "ჰიყო" ნაცვლად "იყო", "ჰუმჯობეს" ნაცვლად "უმჯობესი".

ჰომილეტიკა

საეკლესიო მჭევრმეტყველება, ზეპირი სწავლების წარმოთქმის ხელოვნება მორწმუნეთა დასამოძღვრად. ჰომილეტიკა შემდეგ დარგებად იყოფა: სადღესასწაულო ქადაგებანი, წარმოსათქმელი საუფლო, საღვთისმშობლო და დიდ წმინდანთა დღესასწაულებზე; პანეგირიკონები, ანუ ხოტბაშესხმანი; ეპიტაფიები, ანუ სასაფლაოზე დამიცვალებულის ცხედარან წარმოთქმული სიტყვები; საკუთრივ ქადაგება, რომელშიც განმარტებულია კვირა უქმეებში წასაკითხი ადგილები საღვთო წერილიდან ან ეხენა ამა თუ იმ დოგმატიკურ-მისტიკურ და ზნეობრივ საკითხებს.

ჰომილია

სასულიერო შინაარსის მოძღვრება-ქადაგება ზეპირად წარმოთქმული მორწმუნეთა წინაშე.