- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ხელნაწერი წიგნის შექმნაში საერო არისტოკრატიის ჩართვის შემდგომ იქმნება მდიდრულად შემკული ჭედური ყდები. პროცესი სათავეს იღებს XI საუკუნიდან. ამ ეპოქის ჭედური ყდის მქონე შავ მთაზე, კალიპოსის ლავრაში, გადაწერილი ხელნაწერი ამჟამად ინახება მოსკოვის საჯარო ბიბლიოთეკის შჩუკინის კოლექციაში. სამწუხაროდ, ვერ მოაღწია 1054 წელს ამავე სამონასტრო ცენტრში გადაწერილი, ბაღვაშთა ფეოდალური სახლის დაფინანსებით მოჭედილი ალავერდის ოთხთავის (A-484) ჭედურმა ყდამ, რომლის ზუსტ აღწერილობასაც ვეცნობით თავად ხელნაწერზე 1059 წელს დართული ანდერძიდან. სწორედ ამ ანდერძის საფუძველზე XVII საუკუნეში ხელნაწერი წიგნის ყდის რესტავრაცია ითავა სამეგრელო-ოდიშის მთავარმა ლევან დადიანმა, რომელმაც წიგნი ტყავისა და მოოქრული ვერცხლის კომბინირებულ ყდაში ჩაასმევინა.
ქართული ჭედური ყდის უნიკალური ნიმუშები შეიქმნა XII საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია ბერთის, ტბეთისა და წყაროსთავის სახარებების ჭედურმა ყდებმა. საგანგებოდ დაკვეთილი ამ ყდების ავტორები არიან ოპიზის ოქრომჭედლური სკოლის წარმომადგენლები ბექა და ბეშქენ ოპიზრები. სახარებათა ყდების ზედა ფრთებზე გამოსახულია `ჯვარცმის~ კომპოზიცია ტრადიციულად მარიამის, იოანე მახარებლისა და ანგელოზების ფონზე, ქვედა ფრთაზე კი ვედრების კომპოზიცია. განსხვავდება Q-929, რომლის ქვედა ფრთაზე გვხვდება ქრისტეს, პეტრესა და პავლეს გამოსახულებები. წმინდანთა სამოსი დრაპირბულია, რაც მათ დინამიკურობაზე მიუთითებს. თითეულ ყდას გააჩნია, როგოც ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენტის შემცველი აშიები, ისე კლასიკური ასომთავრულით შესრულებული წარწერები. საინტერესოა ბერთის სახარება, რომელსაც (Q-906), ზედა ფრთაზე ასევე აშიად აკრავს ლამაზი ასომთავრულით შესრულებული საკმაოდ ვრცელი წარწერა.
რაც შეეხება ტყავის ზედაპირის ჭედური ელემენტებით შემკობას, ამგვარი ტრადიცია თავს იჩენს XIV სს-დან (Q-241, A-505, A-499, A-502). განსაკუთრებული სიხშირით იგი ჩნდება XVI-XVII სს-ში, როდესაც ფეოდალური სახლების წარმომადგენლები აქტიურად ერთვებიან საგანგებოდ მოხატული ძველი ხელნაწერი წიგნების დაცვა-რესტავრაციის საქმეში; მაგალითისათვის შეიძლება მოვიტანოთ ალავერდის ოთხთავის A-484 დღეს შემორჩენილი ყდა (ამ ხელნაწერზე ზემოთ გვქონდა საუბარი), რომელიც, ნესტან ჩხიკვაძისა და გიორგი კალანდიას აზრით, უნდა შექმნილიყო სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანის უზრუნველყოფით მისსავე სახელოსნოში. სხვათა შორის, სწორედ ამ ხელახლა მოჭედილ ყდებს რიგ შემთხვევაში ამკობდნენ ძველი ელემენტებითაც. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე XVII ს-ში ალავერდის ოთხთავის კომბიმირებულ ყდაზე, რომლის ერთ-ერთ სამკაულად გამოყენებულია XI ს-ის მინანქრული გამოსახულება.
ამ ტიპის ყდებს მივაკუთვნებთ სვსნეთის მუზეუმის ფონდებში დაცულ კლარჯული წარმომავლობის ადიშისა და მესტიის სახარებათა ყდებს. ადიშის ოთხთავის X ს. ამოტვიფრული ტყავის ზედაპირზე (ე.ი. მეორედ შემოსვის შედეგად გაკეთებულ ყდაზე) დამაგრებულია გრავირებული, საშუალო ზომის ტოლფერდა ჯვარი. ვფიქრობთ, იგი ძველი ყდის გამყარებისა და განახლების მიზნით არაუადრეს XIV-XV სს. უნდა დაემაგრებინათ სახარების ყდაზე სწორედ სვანეთში, სადაც მას მხოლოდ მცირე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ჩვენი ვარაუდით, H-1660 ხელნაწერი, ადიშის სახარების მსგავსად, რამდენჯერმე შემოსეს: პირველად შატბერდში (Xს. გადაწერისთანავე), მეორედ (XVIს.) გაუკეთეს მუქი ყავისფერი ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა, ხოლო მესამედ კი XVII ს-ში სარესტავრაციო სამუშაო ჩაუტარდა.
ზედა ფრთაზე, იქ, სადაც ამიტვიფრული იყო წნული ჯვარი, ძველი ყდის განახლების მიზნით დაუკრავთ ვერცხლის სამსჭვალებით შედგენილი ჯვარი, გაფორმების მიზნით გამოუყენებიათ ნახევრადძვირფასი ძოწის თვლები. სამსჭვალებს შორის გვხვდება გრეხილი მავთულის კვალი, რაც, როგორც ჩანს, ყდაზე ჯვრის კონტურს ქმნიდა. ყდა, ყველა ნიშნის მიხედვით, XVIს. უნდა დათარიღდეს, ხოლო განახლებულია XVII ს-ში, ვფიქრობთ, მაშინ, როცა მოხდა მისი გაცხოველება.
1667 წელს გადაწერილი ოთხთავის (Q-911) მეტალის ყდაზე გაკეთებული წარწერიდან ვიგებთ, რომ ხელნაწერი ეკუთვნოდა ზურაბ წერეთლის ოჯახს: `მოიხსენე უფალო, სახლთხუცესი წერეთელი ზურაბ და მეუღლე მისი დადიანის ასული თამარ და ძე მათი გრიგოლ, მეუღლით, ძით და ასულით~.
ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ჭედური ყდა წიგნის ბუდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ყდის ზედაპირზე გვხვდება ტრადიციული თემა - ჯვარცმის კომპოზიცია. ორნამენტებით შევსებული ფონი, რომელიც შედგება ფოთლოვანი მოტივებისაგან, მეტად პლასტიკურ, მოქნილ ნახატს წარმოადგენს. ქრისტეს ზემოთ ასომთავრულით ამოკვეთილია განმარტებითი წარწერა: "მეუფეო, ძეო". აღსანიშნავია იოვანეს ახალგაზრდა, უწვერულვაშო გამოსახულება, რაც ადრეული ხანის ორიგინალის გამოყენებაზე მეტყველებს. მეორე (ქვედა) მხარეს ტრადიციულ "ვედრების" კომპოზიციას (შეადარეთ XII ს. Q-906 და Q-907 სახარებათა ყდები) ცვლის "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის"სცენა, რაც ასევე დაკავშირებულია კაცობრიობის გადარჩენის იდეასთან. წარმოდგენილი სიუჟეტი გვიანი ხანის ხელნაწერთა ჭედური ყდებისთვის არის დამახასიათებელი. ამ მხრივ საინტერესოა XII ს. გადაწერილი გელათის ოთხთავის Q-908 ჭედური ყდა, რომლის ქვედა ფრთაზე გამოსახულია "აღდგომის" სიუჟეტი. გელათის ყდის ოქრომჭედელი გვთავაზობს "აღდგომის" განსხვავებულ ინტერპრეტაციას, რომელიც ვლინდება არა ჯოჯოხეთიდან გამოსვლით, არამედ, კონკრეტულად, მაცხოვრის საფლავიდან აღდგომის სცენის წარმოდგენით (ყდა დათარიღებულია XVI ს.).
Q-911 ოთხთავის მეტალის ყდა ხელნაწერრის თანადროული უნდაიყოს, ხოლო მოგვიანებით, XIX ს. დასაწყისში, როგორც ჩანს, წერეთლებმა ამოაკვეთინეს წარწერა.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება 1709 წ. დაბეჭდილი სახარება RAR 57 (ძვ. №Q-912), ჩასმულია ფირუზებით შემკულ, მოოქროვილ ვერცხლის ყდაში. ფურცლების ჩამონაჭერზეც აქა-იქ შეიმჩნევა ოქროვარაყი. წიგნის ზედა ფორზაცზე დაწერილი მინაწერიდან ვიგებთ, რომ სახარება ერთ დროს წერეთლების, ხოლო შემდგომ ოდიშის მთავრების _ დადიანების საგვარეულო კუთვნილება ყოფილა: ჩყიბ წელთა. ოდიშის დედოფლის, წერეთლის ასულის მართას მზითვის არის ეს სახარება. ღმერთო, შეიწყალე დადიანი ლეონ~.
ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანმა და მისმა შვილმა ნიკოლოზმა 1872 წელს პირველნაბეჭდი სახარება ჩაასმევინეს ვერცხლის მოოქროვილ, თვლებით შემკულ ყდაში და შესწირეს თავიანთ საგვარეულო ეკლესიას.
ვერცხლის მოოქროვილი ყდის ქვედა ფრთაზე იკითხება მხედრულით ამოკვეთილი წარწერა, რომელიც დათარიღებულია 1873 წლით: `მთაურინა ეკატირინა ჩყოგ წელსა~. როგორც ჩანს ყდაზე წარწერა ერთი წლის დაგვიანებით ამოუკვეთავთ.
ჩვენი აზრით, პირველნაბეჭდი სახარება RAR 57 (ძვ.№Q-912) სამგზის შეიკაზმა: პირველად 1709 წელს, მეორედ დაახლოებით 1731-1736 წლებში, მესამედ კი დადიანებმა 1872 წელს გაიღეს საფასური წიგნის ყდის გადასაკეთებლად და შემოსეს იგი ვერცხლის მოოქროვილი, თვლებით შემკული, მოჭედილი ყდით.
კომპოზიციური თვალსაზრისით, საშემსრულებლო ტექსნიკითა და მხატვრული გადაწყვეტით ყდა გვიანი ხანისათვის (XVIII_XIX სს.) დამახასიათებელ თავისებურებებს ავლენს და განიცდის ევროპულ გავლენას.
საერთოდ, წიგნის ყდის ოქროთი დაფერვა, მათი თვლებით შემკობა დამოკიდებულიი იყო წიგნის მფლობელის შესაძლებლობაზე, რადგან ძვირფას ყდაში ჩასმული წიგნი ყოველთვის ძირად ფასობდა და ყველა ვერ შეძლებდა მის დაფინანსებასა თუ შეძენას. წიგნებზე დართული ანდერძებისა და ყდებზე ამოკვეთილი წარწერების კვლევა გამოავლენს კერძო პირთა თუ დინასტიათა კუთვნილ წიგნებს, მათ შემოსვა-შეკაზმვაში შეძლებული გვარისა თუ პიროვნების კონკრეტულ წვლილსა და დინასტიათა შორის ნათესაურ კავშირებს, რაც თავის მხრივ, საქართველოს ისტორიის ცალკელი მონაკვეთის შესწავლაში დაგვეხმარება.
- კარანაძე მ. ქართული წიგნის ყდის ისტორია, თბილისი, 2002.
- არაკელიანი ბ., კინძვის ხელოვნება შუასაუკუნეების სომხეტში, მატენადარანის მაცნე,მ ერევანი, 1958, №4 (სომხურ ენაზე)
- Guignard J. Reliure, Encyclopaedia universalis, vol. 14, Paris, 1975. Regemorter B. van, La reliure des manuscrits Grecs, Scriptorium, vel. 8, 1954.
- Regemorter B. van, La reliure Byzantine, Revue Belged,Archéologie et d, Histoire de l , Art, vol. 36 (1967), Bruxelles, 1969.
- Каждан А. П., Книга и писатель в Византии, изд., “наука”, Москва, 1973.
- Кения Р. Особенности декоративного убранства окладов Евангелий, IV Миждународный симпозиум по грузинскому искуству.Тбилиси. 1983.
- Киселева Л. И., Западно-эвропейская книга XIV-XV вв., Ленинград,1985.
- Клепиков С. А., Из истории русского художественного переплета – Сборник “ Книга. Исследования и материалы”, Вып., I, Москва, 1959.
- Клепиков С. А., Описания древних русских обиходных переплетов. – в кн.: Методические рекомендации по описанию славяно-русских рукописей для Сводного каталога рукописей, хранящихся в СССР, вып. 2, ч. I, Москва, 1976.
- Самински А. Л. Местийнское евангелие. Лик Грузии на фоне Византии. Древнерусское искусство. С. Петербург. 2002.
- Самински А. Л. Оклад лабскалдского евангелия Грузинской константинепольской рукописи второй четверти XIIв. Древнерусское искусство. С. Петербург. 2004.
- Шварц Е. М., О Византийском влиянии на русский переплет, Вспомогательные исторические дисциплины, Ленинград, 1991