- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
შერეული კრებულები წარმოადგენენ იმგვარ ხელნაწერ წიგნებს, რომლებშიც ერთიანდება სასულიერო მწერლობის სხვადასხვა ჟანრისა (აგიოგრაფია, ჰომილეტიკა, ასკეტიკა, მისტიკა, ეგზეგეტიკა დოგმატიკა, კანონიკა) და სხვადასხვა ავტორის თხზულებები. მათი შექმნა-განვითარება და მრავალფეროვნება განაპირობა ქრისტიანული დოგმებისა და მორალის წვდომის, საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სრულყოფილი ორგანიზაციის მოთხოვნილებამ. ღვთისმსახურების რიტუალის ათვისების პარალელურად ხელნაწერმა ტრადიციამ ყურადღება მიაპყრო სოციუმის მორალურ-ზნეობრივი აღზრდისა და განათლების საკითხებს. ამ მიზნით მან თავი მოუყარა ერთ თემასთან დაკავშირებულ განსხვავებული შინაარსისა და ჟანრის თხზულებებს, საეკლესიო სამართლისა და ქრისტიანული ფილოსოფიური აზროვნების ამსახველ ძეგლებს. საგანგებოდ უნდა აღიშნოს, რომ ქრისტიანულმა ფილოსოფიურმა მწერლობამ განავითარა ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: თეოლოგიური, ანუ საღვთო იერარქიის შესახებ არსებული ნააზრევი და ზოგადფილოსოფიური - სამყაროს შემეცნებისა და ადამიანის კოსმოსთან დამოკიდებულების შესახებ კაცობრიობის მიერ შემუშავებული თვალსაზრისები.
ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ამგვარი ცოდნის შემოტანა განაპირობა წიგნის შემეცნებითი და სოციალური ფუნქციის გაფართოვებამ. იგი იქცა არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო წრის ფართო განათლების, მისი ინტელექტუალური მისწრაფებების მასტიმულირებელ მოვლენად. დაიწყო ადრე შედგენილი კრებულების რევიზია-შევსება, თხზულებების კომენტირება, ანტიკური ფილოსოფიური და არაბული ასტროლოგიურ-ასტრონომიული თუ სამედიცინო ცოდნის ინტენსიური შემოტანა სამწიგნობრო ტრადიციაში.
შერეულ კრებულებს შორის გამოიყოფა სამონასტრო-საღვთისმსახურო და სამრევლო დანიშნულების წიგნები. სამონასტრო წიგნებში შეტანილ თხზულებებში განსაკუთრებული ადილი ეთმობა ეკლესიის მამათა მორალურ-ზნეობრივ ქადაგებებს, ანუ ჰომილიებს, წმინდანთა ცხოვრებებსა და ეგზეგეტიკურ, ანუ განმარტებითი ჟანრის თხზულებებს. ეს წიგნები გადაწერილია სადად, ყოველგვარი მხატვრულ-დეკორატიული ელემენტის გარეშე. მათი ნაწილი წარმოადგენს ღვთისმსახურების დამხნარე წიგნს, გაწყობილია საეკლესიო კალენდარზე, თითოეული თხზულების გასწვრივ წითელი მელნით (სინგურით) მითითებულია შესაბამისი დღესასწაული. მეორე ნაწილი კი არ შეიცავს ამგვარ მითითებას და წარმოადგენს ყოველდღიური დანიშნულების საკითხავ წიგნს. ეტრატის ხარისხსა და გადამწერის ოსტატობას განსაზღვრავს დამკვეთისა და სკრიპტორიუმის შესაძლებლობები. გამოვყოფთ რამდენიმე ტიპის სამონასტრო და სამრევლო დანიშნულების კრებულს ქრონოლოგიური თანამიმდევრობის მიხედვით.
მრავალთავი. საუფლო და მთელი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებული წმინდა მამათა ქადაგებების, ანუ ჰომილიების, აგიოგრაფიული, აპოკრიფული და რიგ შემთხვევებში ეგზეგეტიკური თხზულებების კრებული. სახელწოდება "მრავალთავი", რომელსაც პირველად 864 წლის ამავე სახის კრებულში – სინურ მრავალთავში ვხვდებით, "ოთხთავის" ანალოგიით შეიქმნა. ამ წიგნებში სხვადასხვა დასახელების მრავალი თავი, ანუ თხზულებაა შეტანილი. მრავალთავის ერთგვარ პროტოტიპს წარმოადგენს ბერძნული პანეგირიკონი, რომელიც ძირითადად შეიცავს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის შესხმის ქადაგებებს. ქართული მრავალთავების რეპერტუარი გაცილებით ფართოა. ესაა ერთ-ერთი სამონასტრო დანიშნულების უძველესი კრებული, რომლის გავრცელების არეალი თანდათანობით გაფართოვდა.
მრავალთავების ენა სადა და მარტივია, მსმენლისა და მკითხველისათვის ადვილად გასაგები. მასში შესული თხზულებების ქართველი მთარგმნელების ვინაობა თითქმის უცნობია. უმეტეს შემთხვევაში არ იძებნება ძეგლების ბერძნული დედნები. ჭირს პირდაპირი მითითება წყაროებზე. ქართულ კრებულებში დაცული ძეგლები ქრისტიანული აღმოსავლეთის სირიულ, არაბულ, კოპტურ თუ სომხურ ტრადიციებში გავრცელებულ ვერსიებსაც ეხმაურება.
მრავალთავი ქართული ხელნაწერი ტრადიციის საწყის ეტაპზევე ჩამოყალიბდა და ინტენსიურ არსებობა განაგრძო XI ს-ის შუა წლებამდე. ამ კრებულის საფუძველზე ჩამოყალიბდა სხვა სახის ასკეტიკურ-ჰომილეტიკური ან აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური წიგნები. ცნობილია მრავალთავის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერი.
ხანმეტი მრავალთავი. წარმოადგენს პალიფსესტურ ფრაგმენტს. შემონახულია მისი მხოლოდ რვა ფურცელი, რომლებზეც იკითხება IV-V სს-ის ეკლესიის მამების – იოანე ოქროპირის, ივლიანე ეპისკოპოსის, ევსუქი ხუცესის, სევერიანე გაბალონელისა და ანთიპატროს ბოსტრელის თხზულებათა ფრაგმენტები, რომლებიც შესრულებულია "ხანმეტი" ფორმებით. პალეოგრაფიული ნიშნებით ხელნაწერი VIII ს-ის I ნახევრით თარიღდება.
სინური მრავალთავი უძველესი თარიღიანი ხელნაწერია. იგი შექმნილია 864 წელს იერუსალიმის გარემოში, საბაწმინდის ლავრაში. მოგვიანებით ხელნაწერი ქართულმა ბერმონაზვნობამ გადაიტანა სინის მთაზე. სწორედ ამ სამონასტრო ძმობის წიაღში გადარჩა ქართული ხელნაწერი წიგნის უძველეს ნიმუშებში დაცული ტექსტები. მიუხედავად იმისა, რომ X-XI სს-ში ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა გეზი კონსტანტინეპოლური რედაქციის წიგნებისაკენ აიღო, მან მაინც მყარად შეინარჩუნა ქრისტიანობის უშუალო წიაღიდან - წმინდა მიწიდან შეთვისებული ცოდნა და რელიგიური განათლება. სინური მრავალთავი ჩვენამდე მოღწეული რიგით მეორე წიგნია (პირველია ხანმეტი ლექციონარი), რომელმაც საგანგებო ადგილი დაიმკვიდრა სინის მთის ქართველი მოწესეების წიგნსაცავში. ამ მრავალთავში 43 თხზულებაა შესული, რომელთა ნაწილიც ხოლოდ ამ ხელნაწერითაა ცნობილი.
უდაბნოს მრავალთავი IX ს-ის წიგნია. ამჟამად 178 ფურცლისაგან შემდგარი ხელნაწერი თავდაპირველი წიგნის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს შეადგენს. იგი გადაწერილია მთავრულით. მასში დღესაც იკითხება "აბოს წამების" დაზიანებული ტექსტი. სავარაუდოდ, ხელნაწერი გადაწერილია შატბერდის მონასტერში, რომელიც IX ს-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სკრიპტორიუმია. სწორედ ამ პერიოდში შატბერდში მუშაობს მწიგნობართა ისეთი გუნდი, რომლის დიდი ძალისხმევითაც იქმნება მრავალფეროვანი შერეული კრებულები. ხელნაწერი ძალზე დაზიანებულია და შეიცავს ადრექრისტიანული ეკლესიის ავტორების 42 საკითხავს, რომელთა ნაწილი მხოლოდ ქართული თარგმანითაა ცნობილი.
კლარჯული მრავალთავი X საუკუნის ხელნაწერი წიგნია. შეიცავს ფრაგმენტულად და სრულად შემორჩენილ 63 თხზულებას, ამათგან მნიშვნელოვანი ნაწილი აპოკრიფულია. კლარჯულ მრავალთავში გაერთიანებული თხზულებების რედაქციები ისევე, როგორც სხვა ამ სახის კრებულების ტექსტები, ძალზე ძველია და მათი დედნების მოძიება ჭირს. ამ წიგნში მსოფლიო ეკლესიის მამათა ქადაგებებისა და აპოკრიფული თხრობების პარალელურად შეტანილია, მკვლევართა აზრით, ორიგინალური ქართული მასალაც, კერძოდ, იოვანე ბოლნელის ქადაგებანი.
ტბეთის მრავალთავი X ს-ის ეს წიგნი მოგვიანებით აღმოჩნდა სვანეთში, ამიტომაც მას სხვაგვარად სვანურ მრავალთავსაც უწოდებენ. წიგნი შეშრულებულია მაღალი ხარისხის ეტრატზე, კალიგრაფიული მთავრული ხელით. მისი დამკვეთები არიან მამფალი იოვანე მტბევარი და თეოდორე, ტბელი მოღვაწე. საინტერესოა, რომ წიგნს აშიებზე აქვს გვიანდელი მინახატები. ამ გამოსახულებებზე ჩანან არა ეკლესიის მამები ან წმინდანები, არამედ საერო პირები. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან გვიან შუა საუკუნეებში სამონასტრო დანიშნულების წიგნებზე ხელი მრევლსაც მიუწვდებოდა, რომელიც წიგნის აშიებზე შეხედულებისამებრ ურთავდა მინაწერებსა და ზოგჯერ მინახატებსაც. კრებულმა შემოინახა სხვადასხვა ავტორის 72 თხზულება, მათ შორის იმგვარი თხრობები, რომელთა ბერძნული დედნებიც დაკარგულია.
ათონის მრავალთავი X საუკუნის კრებულია და შეიცავს 94 თხრობას. აქაც, როგორც ზემოთ განხილულ მრავალთავებში, ქართული ტექსტების საგრძნობ ნაწილს არ ეძებნება ზუსტი ბერძნული შესატყვისი, თუმცა ისინი ბერძნულიდანაა თარგმნილი. საქმე ისაა, რომ ათონის მრავალთავი ისევე, როგორც XI ს-მდელი არაერთი ქართული თარგმანი, შესრულებულია ადრეული ხანის იმგვარი რედაქციებიდან, რომლებიც კონსტანტინეპოლურმა საეკლესიო ტრადიციამ ან სრულიად უარყო, ან საგრძნობლად შეცვალა. ათონის მრავალთავში ბიზანტიელი ავტორების პარალელურად შესულია ქართული მასალაც. ასეთი ავტორია იოვანე ბოლნელი. მთლიანად კრებული ადრეული იერუსალიმური ხანის ქართულ თარგმანთა ნაკრებია. ათონის მრავალთავი ინახება ივირონის მონასტრის წიგნსაცავში.
პარხლის მრავალთავი. ქართული ხელნაწერი წიგნის ეს ერთ-ერთი უნიკალური კრებული მოცულობით ყველაზე დიდი ხელნაწერია. იგი შეიცავს მაღალი ხარისხის ეტრატისგან დამზადებულ 658 ფურცელ, გადაწერილია კალიგრაფიული ნუსხურით, აერთიანებს 74 თხზულებას. წიგნი შექმნილია შატბერდის მოასტერში, მისი გადამწერია გაბრიელ პატარაი. საფიქრებელია, რომ კრებული შედგენილია როგორც ერთგვარი ანთოლოგია, რომელშიც თავმოყრილია ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებისათვის X ს-ში ცნობილი ყველა თზხულება. ამ მხრივ ძალზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წიგნზე დართული გადამწერის ანდერძი, რომლის წყალობით სავსებით გასაგები ხდება, რომ ზოგადად შუა საუკუნეების საეკლესიო-სამონასტრო წიგნის შედგენა არის შემოქმედებითი პროცესი. მისი წარმატება დამოკიდებულია გადამწერის განსწავლულობას, ინიციატივასა და ნიჭიერებაზე. გაბრიელ პატარაის თავდაპირველად ჩაფიქრებული ჰქონია შეედგინა დედათა ცხოვრებებისა და წამებების გამაერთიანებელი წიგნი, რომელსაც მატერიკი ეწოდება. ამ აქტში გამოსჭვივის დედათა მონასტრებისადმი მორალური მხარდაჭერის სურვილი, რადგანაც IX-X სს-ში ტაო-კლარჯეთში ფუნქციონირებდა ამ სახის ძლიერი სამონასტრო ცენტრები - მერე და გუნათლეს ვანი. მათ შესახებ ცნობას "გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაც" Gგვაწვდის. სწორედ გაბრიელ პატარაის უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ხელთა გვაქვს ქართული მწერლობის ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატურული წყარო, V ს-ში შექმნილი "შუშანიკის წამება".
დედათა ცხოვრება-წამებების სიმცირის გამო წიგნის შედგენის პროცესში გაბრიელ პატარაიმ გააფართოვე კრებულის რეპერტუარი და შექმნა გამორჩეული ანთოლოგია, რომელში ვხდებით ქართული სასულიერო მწერლობის შესანიშნავ ძეგლს - "აბოს წამებას". უნდა ითქვას ისიც, რომ პარხლის მრავალთავში გაერთიანებული თარგმნილი ტექსტების დიდი ნაწილის ბერძნული დედნები დღეს არ იძებნება. დავასახელებთ, თუნდაც, ერთ-ერთ უძველეს აპოკრიფს "სიყრმე უფლისა".
შატბერდის კრებული. შერეულ კრებულთა შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია შატბერდის მონასტერში 969-976 წწ-ში გადაწერილი ერთგვარი საგანმანათლებო ხასიათის ანთოლოგია - შატბერდის კრებული. მასში შესულია ეგზეგეტიკური, ანუ ბიბლიური ტექსტის ახსნაგანმარტებითი, აგიოგრაფიული და საისტორიო ხასიათის თხზულებები. იგი შედგენილია სხვადასხვა ხელნაწერში არსებული თხზულებების საგანგებო გამორჩევისა და შეკრების გზით. კრებულის შექმნა ემთხვევა ბიზანტიურ სივრცეში ავტოკეფალური ქართული ეკლესიის სტატუსისა და პოზიციის გამყარების პერიოდს, რომლმაც სასულიერო განათლების მასშტაბების გაფართოვების მიზნით ქართველი მწიგნობრებისაგან მოითხოვა არა მხოლოდ პრაქტიკული, საღვთისმსახურო დანიშნულების, არამედ ახალი, ანთოლოგიური ტიპის სასწავლო-შემეცნებითი შინაარსის წიგნების შედგენა.
შატბერდის კრებულში შესულია გრიგოლ ნოსელის, ეპიფანე კვიპრელის, ბასილი კესარიელის, იპოლიტე რომაელის განმარტებითი ხასიათის თხზულებები, დიონისე თრაკიელის გრამატიკის კომენტარების ფრაგმენტი, ფსალმუნის განმარტება და, რაც ძალზე საინტერესოა, ქართველთა გაქრისტიანების თხრობა "მოქცევაი ქართლისაი." შატბერდის კრებულის ერთ მონაკვეთს - დიონისე თრაკიელის თხზულების შემცველ ნაწილს სასწავლო წიგნსაც უწოდებენ.
წიგნი სამი პირის მიერაა გადაწერილი მთავრულითა და ნუსხურით, კალიგრაფიული ხელით. ორი გადამწერის ვინაობა უცნობია, მესამე კი არის X ს-ის ცნობილი კალიგრაფი იოვანე ბერა. წიგნი კლარჯული სალიტერატურო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. კრებულის ანდერძების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ შატბერდის კრებულის შემქმნელი პირები იყვნენ იმ კალიგრაფ-გადამწერთა წრიდან, რომელიც X ს-ის 70-იან წლებში შემოიკრიბა ქართლი ხელნაწერი წიგნის მესვეურთა შორის გამორჩეულმა ჩორჩანელთა ფეოდალურმა სახლმა.
ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები (X-XI სს.) ამ სახის წიგნები განსაკუთრებული ინტენსივობით იქმნებოდა დიდ სამონასტრო ცენტრებში და გამიზნული იყო სულიერი ძმობისათვის. კრებულები აერთიანებს ორ მონაკვეთს:
1." სწავლანი წმიდათა მამათანი"– მონაზონთა ქცევისა და მოვალეობათა განსაზღვრის, მათი სულიერი და ზნეობრივი შეგონების მიზნით საეკლესიო მამების მიერ შედგენილ თეორიულ სწავლება-ქადაგებას მონასტერთა და მონაზონთა მიმართ.
2. "თხრობანი წმიდათა მამათანი", ანუ აპოთეგმები - გადმოცემულია მონაზონთა და განდეგილთა მეუდაბნოე მამებისა და ბერ-მონაზვნების ღვაწლის ამსახველი დეტალები, მოკლე ისტორიები. მათში მოთხრობილია რომელიმე მონაზვნის, უმეტესწილად კი რომელიმე სახელგანთქმული წმ. მამის თავგადასავალი, ზნეობრივი მაგალითი. ამ სახის ისტორიებს "სულთმარგებელ" თხრობებს უწოდებენ. გარკვეულია მათი დანიშნულებაც: ისინი მკითხველთა და მსმენელთა (იგულისხმებიან ძირითადად ბერ-მონაზვნები) ზნეობრივ და სულიერ აღზრდას ემსახურებიან.
ასკეტიკურ-მისტიკური შინაარსის კრებულების სრული იდენტურობით არ მისდევს ერთმანეთს, ვინაიდან შემდგენლები თავად არჩევდნენ მასალას კონკრეტული სამონასტრო ცხოვრების მოთხოვნების შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეკლესიის სამონასტრო ცხოვრება VI საუკუნიდან ჩამოყალიბდა და ცნობილ ასკეტთა თაოსნობითაც განვითარდა, კრებულებში მაინც უმთავრესი ადგილი დაეთმო ქრისტიანული სამყაროს ცნობილ მამათა თხზულებებს. ბიზანტიური ჰომილეტიკური ძეგლების ქართული თარგმანები დასტურდება მრავალრიცხოვან კრებულებში. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ ადრეული პერიოდის წიგნები. პირველი სრულად მოღწეული ამ სახის წიგნი თარიღდება 925 წლით და გადაწერილია საბაწმიდის ლავრაში. ესაა საბერმონაზვნო დანიშნულების კრებული, რომელიც შესრულებულია სადად, არაკალიგრაფიული ხელით და აერთიანებს ეკლესიის ცნობილი მამების - იოვანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, ბასილი დიდის, საჰაკ მონაზონისა და მარტვირი მონაზონის ქადაგებებსა და იოვანე მოსხის ავტორობით ცნობილ პატერიკს - "ლიმონარს", ქართული სახელწოდებით "სამოთხეს". დღეს ეს წიგნი დაცულია სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ კოლექციაში.
ამ კრებულის თითქმის ზედმიწევნით განმეორებას წარმოადგენს 977 წელს ოშკის ლავრაში გადაწერილი კრებული, რომელიც ოშკის "სამოთხის" სახელწოდებითაა ცნობილი. ეს წიგნი გამიზნული იყო ათონის მთის ქართველი ბერმონაზვნობისათვის და ივირონის მონასტრის დაარსების შემდგომ იქ იქნა გადატანილი. გადაწერილია იგი მაღალი ხარისხის ეტრატზე ცნობილი კალიგრაფის სტეფანეს ხელით. წიგნის მომგებელია ჩორჩანელთა ფეოდალური სახლი. კრებულის ფურცლები მკაცრადაა ორგანიზებული. ბიბლიურ ციტატებს გამოყოფს აშიებზე ტექსტის გასწვრივ არსებული წყვეტილი ხაზები. რაც განსაკუთრებით საინტერესოა იოვანე მოსხის "ლიმონარი" შევსებულია დამატებითი თხრობებით.
ამ ტიპის ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები XVIII საუკუნის ჩათვლით უხვადაა შემორჩენილი. მათი სახელწოდებებიც მრავალფეროვანია: "მარგალიტი", "ფუტკარი", "ოქროის წყაროი", "კლიტე," "ასკეტიკონი".
XI-XIII სს. ჰომილეტიკური კრებულებში შეტანილია ძირითადად რომელიმე ეკლესიის მამის ჰომილიები. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ იჩენს თავს, რაც იქმნება ათონური და შავი მთის სკოლების ქართული ხელნაწერი კრებულები, რომლებშიც გაერთიანებულია ექვთიმე მთაწმიდლის, ეფრემ მცირეს, არსენ იყალთოელისა და ამავე წრის მოღვაწეთა თარგმანები.
ბასილი დიდის ჰომილეტიკური თხზულების ადრეული თარგმანები გაბნეულია უძველეს ჰომილეტიკურ კრებულებში, განსაკუთრებით, მრავალთავებში. მოგვიანებით, ათონური პერიოდიდან ამ ტექსტებს ჩაანაცვლებს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მიერ შესრულებული თარგმანები. "ითიკის" სახელწოდებით ცნობილი ბასილი დიდის თხზულებათა კორპუსი ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში წარმოდგენილია სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სკრიპტორიუმში შექმნილ სამ კრებულში, რომელთაგან პირველი 977 წლით თარიღდება, ბოლო კი - 1055 წლით. ეს სამივე ხელნაწერი წარმოადგენს ბასილი დიდის "ითიკა"-ს, რომელთა შედგენილობიდან ჩანს, როგორ იცვლება მისი შედგენილობა. ქადაგებებთან ერთად კორპუსი შეიცავს ფსალმუნტა განმარტებოს ტექსტს.
გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) ჰომილეტიკური მემკვიდრეობის ნაწილი ქართულად თარგმნილი უნდა იყოს IV-IX სს-ში. იგი გაბნეულია მრავალთავებში. მისი ჰომილიების, ლიტურგიკული და არალიტურგიკული სიტყვების ახალი თარგმანები ათონისა და შავი მთის სალიტერატურო სკოლებს, უმთავრესად კი ეფთვიმე მთაწმინდელსა და ეფრემ მცირეს უკავშირდება.
იოანე ოქროპირი. იოანე პქროპირის ჰომილეტიკური კრებულები ყველაზე მრავალრიცხოვანია. ათონული პერიოდიდან იწყება იოანე ოქროპირის თხზულებების ერთ კრებულში თავმოყრის პროცესი. ყალიბდება მისი ჰომილიების შემცველი ერთიანი კრებული "მრაგალიტი".
გვიანდელი ჰომილეტიკურ-ჰაგიოგრაფიული კრებულები. ეს კრებულები უფრო მეტად აგიოგრაფიული შინაარსისაა, რადგან მოიცავენ სვიმეონ ლოღოთეტისა და იოვანე ქსიფილინოსის მეტაფრასულ თხზულებებს. ამ წიგნებში მასალა წარმოდგენილია კალენდარული დღეების შესაბამისად, ხოლო კრებულები იყოფა კალენდარულ თვეთა მიხედვით. საუფლო დღესასწაულებზე აგიოგრაფიული ტექსტების პარალელურად ჩნდება სხვადასხვა ავტორის ქადაგებები.
იოანე ოქროპირის "ასკეტიკონი" და სხვა ასკეტიკური "სწავლანი" ადრევე უთარგმნიათ ქართულად. კრებულის სახელწოდება "ასკეტიკონი" გვიჩვენებს, რომ მასში შეტანილი ყველა "სწავლა" ასკეტიკური ხასიათისაა. იგი XII ს. ერთი ხელნაწერითაა წარმოდგენილი და შეიცავს 19 თავს (პირველი თავი დაკარგულია). XI ს. შედგენილ კრებულში "მარგალიტი" შეუტანიათ ექვთიმე მთაწმინდელის თარგმნილი თხზულებები და რომელიც ოც ზნეობრივ "სწავლას" შეიცავს. გაბრიელ მცირეს ოქროპირის ზნეობრივ "სწავლათა" ქართულად ნათარგმნი მრავალფეროვანი მასალის საფუძველზე შეუდგენია ოქროპირის 30 ეთიკურ-ზნეობრივი "სწავლისაგან" შემდგარი კრებულები: "კლიტე" და "ოქროის წყარო - ღმრთივშუენიერნი სწავლანი".
იოანე სინელი მოღვაწეობდა წმ. ეკატერინეს მონასტერში. მისი თხზულება "კლემაქსი", ქართულ თარგმანში "კიბე" ("კიბე ცად ამყვანებელი ეწოდა"), იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ხშირად მხოლოდ ზედსახელით _– "იოანე კლემაქსის" ანუ "კლემაქსის" სახელით იხსენიებდნენ. თხზულება რამდენჯერმე უთარგმნიათ ქართულად, ისეთ ცნობილ მთარგმნელებს, როგორებიც იყვნენ: ექვთიმე ათონელი (XIს.) და პეტრე გელათელი (XIIIს.). არსებობს "კლემაქსის" კიდევ ორი იამბიკური თხზულება, რომლებიც ექვთიმე ათონელის პროზაული თარგმანის გალექსილი თხზულებებია. ისინი შეუსრულებიათ იოანე პეტრიწსა (XII ს.) და ანტონ კათალიკოსს (XVIIIს.). მისტიკური ხასიათის ნაწარმოები "კლემაქსი" შეიცავს 30 თავს (ანუ კიბეს), ქრისტეს ცხოვრების 30 წლის ანალოგიით, რომელშიც გადმოცემულია მორალურ-ზნეობრივი სწავლა-მოძღვრება სათნოებათა შესახებ, რის გამოც იოანე პეტრიწმა მას "სათნოებათა კიბე" უწოდა. "კლემაქსის" სათაურები მეტყველებენ ასკეტიკურ-ზნეობრივი ცხოვრების დამკვიდრებაზე.
ეფრემ ასურის (VI ს.) უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა უთარგმნიათ უძველესი (VII-VIII სს.) დროიდან XI ს. ჩათვლით და მათი უმეტესობა ასკეტიკური შინაარსისაა, მხედველობაში გვაქვს "ასკეტიკონი". 977 წელს გადაწერილი ნუსხის Ath.9-ის პირველ ნაწილში შეტანილია სხვადასხვა ავტორის ჰომილიები, რომელთა უმეტესი ნაწილი ასკეტიკური ხასიათისაა და აქედან 16 "სწავლა" ეკუთვნის ეფრემ ასურს. ეფრემ ასურის ასკეტიკური თხზულებები უთარგმნიათ ექვთიმე ათონელსა და ეფრემ მცირეს, რომელმაც შექმნა ამ ავტორის თხზულებათა კორპუსი – "ასკეტიკონი".
მაქსიმე აღმსარებლის მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებიდან, რომლებიც ექვთიმეს უთარგმნია, არის ასკეტიკური ჟანრის 5 თხზულება "სწავლანი სულიერნი", რომელიც შეიცავს 97 მოკლე ზნეობრივი ხასიათის დარიგებას: "სწავლათაგან წმიდისა მაქსიმესი, რომელი მეექუსისა კრებისაგან გამობრწყინდა..." სწავლანში კითხვა-მიგების ფორმითაა შეგონებები ქრისტიანული ცხოვრების წესის შესახებ: "სიტყვისგებისათვის ვნებათაისა, მიწერილი მამისა თელასეს მიმართ", "სწავლა მონისა ღმრთისა სერგის მიმართ მაგისტროსისა".
თეოდორე სტუდიელის "სტოდიერი" ბერძნულიდან ქართულად თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა XI ს. შუა წლებში. ამ თხზულების შემცველმა ხელნაწერებმა საკმაო ოდენობით მოაღწიეს, რომელთაგან ყველაზე ადრეულია XI საუკუნის ხელნაწერი. როგორც ვხედავთ, X საუკუნემდე ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობას უკვე ჩამოყალიბებული და დასრულებული სახე ჰქონია.
- აბულაძე ილ. შრომები, თ. 1, თბ., 1975.
- ათონის მრავალთავი: იოანე ბონელის ქადაგებანი, მ. მაისურაძე, მ. მანულაშვილი, ა. ღამბაშიძე, მ. ჩხენკელი, თბ., 1959.
- ახობაძე ლ. ეფრემ ასურის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები მრავალთავების მიხედვით (ნაშრომი ფილოლოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად), თბ., 1981
- ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი. წერილები. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ნინო ქაჯაიამ, თბ., 2006.
- ბასილი კესარიელის "სწავლათა" ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.
- ინგოროყვა პ. ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, მნათობი 2, 4, თბ., 1934.
- კეკელიძე კ. უცხო ავტორები ძველ ქართულ ლიტერატურაში, ეტიუდები, V, თბ., 1957.
- კეკელიძე კ. "მოქცევაი ქართლისაის" შედგენილობა, წყაროები და ეროვნული ტენდენციები, ლიტერატურული ძიებანი, ტ. 1. 1943.
- კეკელიძე კ. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I – 1980.
- მამათა საწავლანი (X-XII სს. ხელნაწერების მიხედვით), გამოსცა ი. აბულაძემ, თბ., 1955.
- "მოქცევაი ქართლისაი" ახლად აღმოჩენილი სინური რედაქცია, გამოსცა და წინასიტყვაობა დაურთო ზ. ალექსიძემ, საქართველოს საპატრიარქო, თბ., 2007.
- უდაბნოს მრავალთავი, აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით: ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, XXVIII, თბ., 1994.
- უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის "ექუსთა დღეთაისა" და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა "კაცისა აგებულებისათის" X-XIII სს-ის ხენაწერთა მიხედვით გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ილ. აბულაძემ, თბ., 1964.
- ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.
- ქურციკიძე ც. ქართული ვერსიები აპოკრიფებისა მოციქულთა შესახებ, თბ., 1959.
- შანიძე ა. სინური მრავალთავი 864 წლისა, თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, თბ., 1959.
- შანიძე ა. ხანმეტი მრავალთავი: თბილისის უნივერსიტეტის მოამბე, VII, ტფ., 1927.
- შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მომაზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ე. გიუნაშვილმა, თბ., 1979.
- შუასაუკუნეების ნოველების ძველი ქართული თარგმანები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. დვალმა, წ. I – 1966, წ. II – 1974.
- ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებელი დაურთო ნ. გოგუაძემ, თბ., 1986
- წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა, ტარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა, რედ. მ. შანიზე, ზ. სარჯველაე, I - 1993.
- Esbroeck M. van, Les plus anciens homéliaiers géorgiens, Louvain-La-Neuve, 1975.
- Kekelidze K. Kimena, Monumenta hagiographica georgica, t. 1, Tiflis, 1918.