- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის შექმნა-განვითარება და დაცვა-რესტავრაცია მნიშვნელოვან წილად დამოკიდებული იყო საერო არისტოკრატიის წარმომადგენელთა მატერიალურ, მორალურ თუ ინტელექტუალური მონაწილეობაზე.
ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. საქართველოს მმართველი დინასტია (IX-1810), რომლის მოღვაწეობასაც უკავშირდება ქართული ხელნაწერი წიგნის შექმნის უმთავრესი ცენტრების, კულტურულ-საგანმანათლებლო კერების დაარსება და შემდგომი ფუნქციონირება. ქვეყნის პოლიტიკური სტატუსის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად დინასტიამ საქართველოში პროგრეული ცოდნის შემოტანა და დამკვიდრება აირჩია. ხელნაწერმა წიგნმა შემოგვინახა ამ მიმართულებით მათი მოღვაწეობის დამადასტურებელი ფაქტები.
აშოტ დიდი კურაპალატი. ტაო-კლარჯეთის დინასტიის მამამთავარი. სამონასტრო-სამწიგნობრო საქმიანობაში მისი წვლილის შესახებ მოგვითხრობს იერუსალიმის ქართული კოლექციის ერთ-ერთ ხელნაწერში დაცული "გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება". IX-X სს-ის ტაო-კლარჯეთის სამონატრო კოლონიზაციის ამ მატიანის თანახმად, აშოტ დიდის მხარდაჭერით გააფართოვდა შატბერდის, იშხნის, დოლისყანის, ჯმერკის სამწიგნობროს კერების საქმიანობა.
ბაგრატ IV. ერთიანი საქართველოს მეფე (1027-1072), რომლის დაფინანსებითა და უშუალო დავალებით აიგო ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში. ბაგრატი და მისი სამეფო ოჯახი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ ხელნაწერი წიგნისა და სამონასტრო-საგანმანათლებლო სკოლების განვითარებაზე საქართველოში. ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში არსებული ცოდნისა და საეკლესიო-საღვთისმსახურო პრაქსიკის რეფორმატორული ცვლილების მიზნით მან საქართველოში მოიწვია ათონისა და შავი მთის მონასტრებში მოღვაწე გიორგი მთაწმიდელი; აფინანსებდა ჯვრის მონასტრის საქმიანობას. მან საქართველოში მოიწვის ათონის მთაზე მოღვაწე გიორგი იერუსალიმელი. ბაგრატ VI მოხსენიებულია შავ მთაზე გადაწერილ ალავერდის ოთხთავში. მისი მეფობეის წლებში შეიქმნა ჯვრის მონასტრის ქართული კოლექციის 50-მდე მნიშვნელოვანი წიგნი.
დავით III დიდი კურაპალატი. ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა საკურაპალატოს მეფე, მნიშვნელოვანი სკრიპტორიუმების – ოშკის, შატბერდის, პარხლის, სამწიგნობრო საქმიანობის მხარდამჭერი X ს-ის 60-80-იან წლებში, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის საფუძველზე X ს-ის 80-იან წლებში ქართულმა ეკლესიამ ათონის მთაზე საკუთრივ ქართული მონასტრის – ათონის ივერთა მონასტრის, ანუ ივირონის დაარსების უფლება მოიპოვა. დავით კურაპალატის მოკავშირე ამ საქმეში იყო ჩორდვანელთა დიდი ფეოდალური სახლი. დავითის მეფობის წლებში გადაიწერა ქართული ბიბლიიის პირველი სრული კრებული, წმინდა მამათა თხზულებების ერთგვარი ანთოლოგია – ოშკის სამოთხე, ივანე ოქროპირის ცხოვრება და ბასილი დიდის თხზულებათა კორპუსის ექვთიმე ათონელისეული თარგმანი.
დავით IV აღმაშენებელი. ერთიანი საქართველოს მეფე (1089-1125), რომლის სახელსაც უკავშირდება ფილოსოფიური სკოლის დაარსება გელათში და აღორძინება. მან ააგო გელათის მონასტერი, აქვე ფუნქციონირებდა აკადემია, რომელშიც ისწავლებოდა იმ დროისათვის მნიშვნელოვანი დისციპლინები. ფილოსოფიური სკოლის განსავითარებლად დავით IV-მ საქართველოში მოიწვია იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. იოანე პეტრიწმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარებაში. არსენ იყალთოელმა კი დიდი სჯულის კანონისა და დოგმატიკონის თარგმნით მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა რუის-ურბნისის საეკლესიო რეფორმას. დავით აღმაშენებელი ენერგიულად ეხმარებოდა ქართულ სავანეებს საზღვარგარეთ, მან მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ათონის მონასტერს და "აღავსნა კეთილითა". თავისი მოღვაწეობის დასაწყისში გიორგი II-სთან ერთად ზრუნავდა ქართული ხელნაწერების შექმნაზე. მათთვის გადაუწერია მოსე ხუცესს საწელიწდო საწინასწარმეტყველო შატბერდის ლავრაში. 1085 წელს დავით აღმაშენებელს უნდა უკავშირდებოდეს ორი მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერის შექმნა XII ს-ში, ესენია: ჯრუჭის II სახარება და გელათის სახარება. ეს ორი ხელნაწერი მდიდრულად შემკულია და საგანგებოდ უნდა იყსო დაკვეთილი.
ვახტანგ VI (1716-1724). ქართლის მეფე, პოეტი, მეცნიერი. ქართლის სამეფოში მისი თაოსნობით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობა განხორციელდა. მან სულხან-საბას რჩევით შექმნა სწავლულ კაცთა კომისია, რომელმაც შეკრიბა და შეავსო "ქართლის ცხოვრების" ტექსტი. სასულიერო პირებთან ერთად მოიძია და შეავსო აგიოგრაფიული კრებულები. შეუდგა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენას მის ხელთ არსებული ხელნაწერების მიხედვით. შენიშვნები დაურთო და კომენტარები გაუკეთა თავის წიგნთსაცავში არსებული კრებულში შეტანილ ფილოსოფიური ტექსტებს. ირანის სამეფო კარზე ტყვედ ყოფნის დროს გამოიკვლია "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის სპარსულიდან წარმომავლობის საკითხი და დაასკვნა, რომ მსგავსი ამბავი "სპარშიიდ არა იპოების". მისი ინიციატივით ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა გაიზიარა ევროპული საგანმანათლებლო სივერცის ტენდენციები. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადაწერა "ქიმიისა" და "მასკვლავთა" ("ჰიდაიაით ალ ნიჯუმი"), ანუ ასტროლოგიური წიგნები. ზრუნავდა დაშლილ და სარესტავრაციო ხელნაწერთა აღდგენა-განახლებაზე. მან აღადგენინა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისა და სხვა სამედიცინო წიგნები. სჯულმდებლად წოდებული ვახტანგის სამართლის წიგნების კრებულმა გააერთიანა ბიბლიური კათალიკოსთა ბერძნული და სომხური სამართალი ბექა აღბუღასა და გიორგი ბრწყინვალის წიგნები და თავად ვაგტანგ VI-ის მიერ სედგენილი მუხლები.
თამარ მეფე. მეფე გიორგი III-ის ასული, ერთიანი და ეკონომიურად ძლიერი საქართველოს მეფე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვილი შეიტანა საქართველოს კულტურისა და საგანმანათლებლო საქმეში. თამარის ეპოქის ძლიერებას განაპირობებდა სწავლა აღზრდის საქმე საქართველოში. ამ დროს მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. თამარის მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები საზღვარგარეთ, ესენი იყო: ივერთა ათონის მონასტერი, მონასტერი შავ მთაზე, პეტრიწონი და სხვ. კულტურის ამ კერებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სამშობლოსთან. თამარი დიდ მზრუნველობას იჩენდა სამწიგნობრო საქმისადმი. ჩვენამდე მოღწეულია მისი დაკვეთით შესრულებული "ვანის ოთხთავი", რომელიც რომანას მომასტერში მოღვაწე იოანეს მიერ არის გადაწერილი, ხოლო მოხატულია ბიზანტიელი მხატვრის მიქაელ კორესელის მიერ. მისივე ინიციატივით შექმნილა "ვარძიის სახარებაც", რომელიც ვარძიის ღვთისმშობლისთვის არის შეწირული. ზოგიერთი მოსაზრებით ეს სახარება თამარ მეფემ დაამზადებინა და შესწირა ვარძიის ღვთისმშობელს 1206 წლის, ანუ ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ.
თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) [1782-1846] . ქართველი მწერალი და მეცნიერი, გიორგი XII-ის ძე. 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. 1803 წელს გაიქცა სპარსეთში თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან. 1810 წელს დაბრუნდა საქართველოში. მოღვაწეობდა პეტერბურგში, სადაც გარდაიცვალა. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1830 წლიდან თანამშრომლობდა მარი ბროსესთან, რომელთანაც ერთად ჩამოაყალიბა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება მისი შედგენილი საქართველოს მოკლე ისტორია, რომელიც ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოსთან ერთად ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შესწირა მარი ბროსესა და სააზიო საზოგადოებას.
დიდი ღვაწლი მიუძღვის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენაში, შესწავლასა და პუბლიკაციაში. ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია "ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა", რომელშიც საქართველოს ისტორია განხილულია აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებამდე; გამოყენებულია ანტიკური – ბერძნულ-რომაული და სომხური წყაროები. არის რამდენიმე პოეტური და მემუარული ჟანრის თხზულების ავტორი. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას.
მარიამ დედოფალი. ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი I-ის მეუღლე და ბაგრატ IV-ის (1018-1072) დედა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ათონის ივერთა მონასტრისა, ანუ ივირონისა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრების მიმართ. ბიზანტიაში ყოფნისას XI ს-ის 50-იან წლებში იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა იმხანად ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ისეთი კერებისადმი, როგორიც იყო ათონის ივერთა მონასტერი ბიზანტიაში. მას დიდი სულიერი მეგობრობა აკავშირენდა გიორგი მთაწმინდელთან, რომლისგანაც საფუძვლიანად გაიცნო ათონელთა მემკვიდრეობას. მარიამ დედოფლის დახმარებით გიორგი მთაწმინდელმა ბიზანტიის იმპერატორისაგან შავ მთაზე და იერუსალიმში გამგზავრების უფლება მიიღო. დედოფალმა მას თან გაატანა მდიდრული შესაწირავი, როლმითაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ააგო გიორგი პროხორემ.
მარიამ დედოფალი (დადიანი) იყო ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის და და როსტომ მეფის მეუღლე, დედოფალი. მისი მოღვაწეობის პერიოდში აღადგინეს ძლიერ დაზიენებული თბილისის სიონი, სვეტიცხოვლის გუმბათი, განაახლეს რუისის, ურბნისის ეკლესიები და ალავერდის ტაძარი. დედოფალი, რომ თვის უპირველეს საქმედ მიიჩნევდა მწიგნობრობას ამას ადასტურებს მისი დაკვეთით შესრულებული ისორიული კრებული "ქართლის ცხოვრება". მარიამი იყო იმ მოღვაწეთაგანი, რომელებიც ზრუნავდნენ ქართულ ხელნაწერ წიგნებზე. მარიამ დედოფალს ურუმთა ტყვეობიდან დაუხსნია და გამოუსყიდია მეტად დაზიანებული "პარხლის მრავალთავი". დედოფალმა აღადგენინა და განაახლა იგი.
დიდი ფეოდალური სახლები.
ლევან II დადიანი (1611-1657). ოდიშის მთავარი მისი მცირეწლოვნობის პერიოდში (1611-14) სამთავროს მართავდა რეგენტი გიორგი ლიპარტიანი. XVII ს-ის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ცდილობდა ირანსა და რუსეთთან სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების წყალობით სამთავროს ეკონომიკურ გაძლიერებას. პოლიტიკური საქმიანობის გარდა მის საგანგებო ინტერესებში შედიოდა მზრუნველობა ქართულ კულტურაზე. შეაკეთა და ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერი; ოდიშში ჩამოაყალიბა საოქრომჭედლო სახელოსნო. სავარაუდოდ, მანვე აღადგინა და მოაჭედინა XI ს-ის საგანგებო წიგნის – ალავერდის ოთხთავი, რომელიც გეგუთიდან ლევან დადიანის კარზე უნდა ჩაეტანა ამბა ზებედეს, შემდგომ ალავერდელს. ოთხთავის განახლებული ყდა ლევან დადიანის სახელოსნოში შესრულებული ჭედური ხატების ხელწერას იმეორებს. მანვე საკუთარ ტყვედ აყვანილ მამუკა თავაქარაშვილს გადააწერინა და მოახატვინა "ვეფხისტყაოსანი".
ლიპარიტ IV ბაღვაში (XIს-ის I ნახ.). ბაღვაშთა მსხვილი ფეოდალური საგვარეულოს (XI-XIII) წარმომადგენელი. კლდეკარის ერისთავი XI ს-ის 30-60-იან წლებში. ბაგრატ IV-ის მცირეწლოვნობის დროს იგი ფაქტიურად განაგებდა საქართველოს. მან სძლია საქართველოს მეფის ყმობიდან თავდახსნილ განძის ფადლონს, 1032 წელს დაატყვევა თბილისის ამირა. 1037 წლიდან იგი დაუპირისპირდა ბაგრატ IV-ს, დაუკავშირდა ბიზანტიას, რომლის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერითაც საქართველოს მეფის წინააღმდეგ სალაშქროდ ამხედრდა. მიუხედავად ბაგრატ IV ცდისა, შემოერიგებინა ურჩი ფეოდალი, ლიპარიტ IV-ს ბიზანტიის მხარდაჭერით არ შეუწყვეტია ბაგრატიონთა დინასტიისა და ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. 1058 წელს მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურმა სულა კალმახის ძემ შეიპყრო ლიპარიტი და მიჰგვარა ბაგრატ მეფეს, რომელმაც იგი იძულებით აღკვეცა ბერად. ბერობაში მას ეწოდა ანტონი ლიპარიტყოფილი. გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ჩამოასვენეს კაცხის საგვარეულო მონასტერში. ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, საგანგებო დამოკიდებულებას იჩენდა ქართული მონასტრებისა და სამწიგნობრო საქმიანობის მიმართ. მისი ბრძანებითა და ფინანსური უზრუნველყოფით კაცხის მონასტრისათვის გადაიწერა ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი იოვანე ოქროპირის მათესა და იოვანეს სახარების განმარტების სამი დიდი მოცულობის წიგნი. წიგნები შესრულებულია მაღალი ხარისხის ეტრატზე ნუსხურით, დამკვეთის ანდერძები – მთავრულით. სამივე წიგნი შეიქმნა ბაღვაშთა ფეოდალური სახლის უკვდავსაყოფად. თავად ლიპარით IV-ს ეკუთვნის თხზულება "მართლმადიდებლობისა და მწვალებლობისთვის".
ბერად აღკვეცილი ანტონ ლიპარიტყოფილი მოღვაწეობდა შავ მთაზე, ბარლაამწმიდის მონასტერში. ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. ხელს უწყობდა არაერთი წიგნის გადაწერასა და ბარლაამწმიდის სამონასტრო წიგნსაცავის შევსებას. საფიქრებელია, რომ მანვე მიიღო მონაწილეობა ალავერდის ოთხთავის სახელწოდებით ცნობილი, 1054 წელს შავ მთაზე გადაწერილი საგანგებო წიგნის ფინანსური უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომაც გახდა შესაძლებელი ეს უნიკალური წიგნი 1059 წელს კაცხის მონასტრისთვის შეეწირა ბაგრატ IV-ის მიერ შეწყნარებულ მის ძეს, ივანეს, წიგნის თავდაპირველი მოოქრული ყდის დამფინანსებელს. ათონის მთის აღაპების თანახმად, ლიპარიტ IV–ს გაუღია დიდი ოდენობის შესაწირი – 100 დრაჰკანი ათონის ივერთა მონასტრისათვის.
ჩორდვანელთა ფეოდალური სახლი (Xს.). X ს-ის სამხრეთ საქართველოს ტაოს წარჩინებული ფეოდალური სახლი, რომლის წარმომადგენლებს ეკავათ მაღალი სამხედრო და ადმინისტრაციული თანამდებობები როგორც სამხრეთ საქართველოში, ასევე ბიზანტიაში. ამ სახლის წარჩინებული პირები კარგად არიან ცნობილი ისტორიოგრაფიაში. მათი სახელები უკავშირდება ოშკის სამონასტრო ცენტრს, რომელიც მათ მფლობელობაში შედიოდა, ათონის მთაზე დამკვიდრებული ქართული ბერმონაზვნობისა და ივირონის ქართველთა მონასტრის ისტორიას.
ჩორდვანელთა სახლის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია იოვანე თორნიკყოფილი, ერისკაცობაში დავით დიდი კურაპალატის სარდალი. იგი ატარებდა პატრიკის, ანუ დიდი მთავრის ტიტულს. ბერად აღიკვეცა ჯერ ოშკში, ხოლო 973 წლიდან იგი სქემით შეიმოსა ბიზანტიაში, ათანასეს ლავრაში.
978 წელს იოვანე თორნიკყოფილი ბიზანტიის კეისართა თხოვნით ჩამოდის ტაოში წერილით დავით კურაპალატისადმი, რათა ქართველთა მეფემ მონაწილეობა მიეღო ბარდა სკლიაროსის საწინააღმდეგო ბრძოლაში. ამავე წელს იოვანე-თორნიკემ დავით დიდთან მოთათბირების შემდგომ შეკრიბა ქართული მხედრობა. სკლიაროსზე მოპოვებული გამარჯვების შემდგომ იგი დიდი ალაფით დაბრუნდა ტაოში. დავით კურაპალატთან მოთათბირებისა და ბიზანტიის კეისრებთან შეთანხმების გზით იოვანე-თორნიკე სათავეში ჩაუდგა ათონის ივერთა მონასტრის მშენებლობას, რომლის ქტიტორიც თავად იყო. ბიზანტიის კეისრებმა იოვანე-თორნიკეს მიანიჭეს სვინგელოზის, ანუ პატრიარქის თანაშემწე ბერის ტიტული.
იოვანე-თორნიკე ფლობდა კონსტანტონეპოლში მონასტერს, რომელიც გადასცა იმპერატორ ბასილი II-ს და რომლის სანაცვლოდაც მიიღო სამეფო მონასტერი "კოლობუ" მაკედონიაში მამულებითურთ, ათონის მთაზე – კლემენტოს მონასტერი, რომლის ირგვლივაც აშენდა ათონის ივერთა მონასტერი, იგივე ივირონი. ეს გაცვლა დოკუმენტურად გაფორმდა 979/980 წლებში.
ჩორდვანელთა ფეოდალური სახლის მეორე მოღვაწეა იოვანე-თორნიკეს ძმა იოვანე ვარაზვაჩე, რომელმაც 977-978 წლებში უხელმძღვანელა და ფინანსურად უზრუნველყო ოშკის ლავრის სამი მნიშვნელოვანი ხელნაწერის – ოშკის ბიბლის, "იოვანე ოქროპირის ცხოვრებისა" და ოშკის "სამოთხის" – გადაწერა. მეოთხე წიგნი, რომელიც ჩორდვანეთა შემწეობით შეიქმნა, არის დღეს დაკარგული "განძის" ხელნაწერი, რომლის ანდერძიც ინახება მოსკოვის სინოდალური ბიბლიოთეკის საცავში.
ჩორდვანელთა ფეოდალური სახლის წევრები არიან აბუჰარბი – თორნიკეს ძმა, მიქაელი – იოვანე ვარაზვაჩეს შვილი და, სავარაუდოდ, ივირონის ცნობილი მოღვაწე, ივირონის წინამძღვარი გიორგი I.
ჯაყელთა ფეოდალური სახლი. ჯაყელთა საგვარეულომ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს პოლიტიკუსა და სამწიგნობრო-საგანმანათლებლო ცხოვრებაზე. ყვარყვარე ათაბაგმა XV საუკუნეში დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოაყალიბა თავისი სამფლობელო და მისი ტერიტორია ბორჯომის ხეობიდან არზრუმის მხარემდე აღწევდა.
ეს დიდ ფეოდალური ოჯახი ზრუნავდა სამწიგნობრო საქმიანობის განვითერბაზე. თავად უკვეთავდა წიგნების დამზადებას. 1494 წელს გადაუწერია ფსალმუნი ამბროსის მზეჭაბუკ ათაბაგის ბრძანებით ამავე ყვარყვარეს შვილებმა მოახატვინეს ლერწმისხევის ერთი სახარება. ამავე ოჯახაის წევრები არიან მომგებლები მდიდრულად შემკული სახარებისა, რომელიც 1502 წელს გადაწერა აკაკიმ და სხვა. ახალციხეში ფეოდალთა რეზიდენციაში ხელნაწერებზე ზრუნვა XV-XVI სს.–შიც გაგრძელებულა.
- კარანაძე მ. ახალი ქრონოლოგიური ცნობა ბაღვაშთა ფეოდალური სახლის შესახებ: `მრავალთავი~, XXIII, თბ. 2008.
- კახაძე მ. ლიპარიტ ლიპარიტის ძე და მისი ახლად აღმოჩენილი თხზულება: ენიმკის მოამბე, 1944, ტ.14.
- კოპალიანი ვ. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969
- ლამბერტი ა. სამეგრელოს აღწერა,თარგმნა იტალიურიდან ა. ჭყონიამ., თბ., 1938
- მეტრეველი ე. ჩორდვანელთა დიდი სახლი და ივირონი: ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, 1996
- მეტრეველი ე. ჩორდვანელთა დიდი სახლის ისტორიისათვის: ნარკვევები ათონის კულტურულ- საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, 1996
- მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ I, 1962.
- სილოგავა ვ. ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორიალური წიგნები, Dედიცაციო, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ. 2001, გვ. 227-255.
- ხუსკივაძე ლ. ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო, თბ., 1974
- ჭუმბურიძე ზ. ქართულ ხელნაწერთა კვალდაკვალ, თბ.2000
- ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად,II. თბ. 1983
- Actes d’ Iviron Ed. par J. Lefort, N. Oikonomides, D. Papachryssanthou, V. Kravari, avec la collaboration d’H. Metreveli, Peris,v.I,1985;
- Brosset I., Bibliographie analitique des ouvrages de M.-F. Brosset- 1824-1879, St-Pb, 1887
- Brosset M.-F. Histoire de la Georgie depuis l’antiquite jusqu’au xix siecle,v.1-7,St-Pb, 1849-58
- Brosset M.-F. Rapports sur un voyage archeologique dans la Georgie dans l’Armenie, execute en 1847-1848, livr.1-3, St-Pb, 1849-51;
- Кекелилзе С.Н. Акад. М. Броссе и его значение в грузинской историографии, saistorio moambe, 1925(2
- Марр Н. Я. К столетию со лня рождения М.И. Броссе,Записки Восточного отлеления Русского археологического обществаб1902, т. 14,вып. 4
- Хантадзе Ш. А. Академик Мари Броссе и европеиское м русское грузмноведение,Тб., 1970