- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
საისტორიო მწერლობის უნიკალური ძეგლი - “ქართლის ცხოვრება” - მოიცავს ქართველი ერის ისტორიას უძველესი დროიდან XVIII ს.-მდე. ძნელბედობის ჟამს იგი ახსენებდა ქართველ საზოგადოებას ქვეყნის გმირულ წარსულს, განადიდებდა გმირ მეფეებს და აბსოლუტიზმის იდეას ქადაგებდა. ძეგლი აერთიანებს ლეონტი მროველის, ჯუანშერის, ჟამთააღმწერლის, თამარის და დავითის ისტორიკოსთა და სხვათა შრომებს. დღეისათვის არსებული ნუსხები (16 ნუსხა) ასახავს თაობების მიერ სხვადასხვა ეპოქაში კრებულის შესწორება-განახლების, მატება-შევსების პროცესს. ერთ-ერთი ასეთი ნუსხა მარიამისეული ხელნაწერია, რომელიც 1633-1646 წელსაა გადაწერილი და შეიცავს ძეგლის უძველეს ტექსტს. მისი დამკვეთია ქართლის მეფის, როსტომის მეუღლე მარიამი.
ამასთანვე ფეოდალური სახლების წარმომადგენელთა დაკვეთით იწერებოდა ცალკეული გვარის ისტორიის ამსახველი წიგნები, რომლებიც წარმოგვიდგენს მდიდარ მასალას საქართველოს ისტორიის ცალკეული ეტაპის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების დასახასიათებლად. ერთ-ერთი ასეთი ნუსხაა ქსნის ერისთვიანთ ისტორია, რომლის თავდაპირველი ვარიანტი ერთ-ერთი ფეოდალური გვარის პირადი ბიბლიოთეკისათვის უნდა ყოფილიყო შედგენილი. ეს ისტორია უპოვიათ და ხელახლა გადაუწერიათ XIX ს.-ში, 1828წ-ს.
- ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი, გამოცემა ე. თაყაიშვილის, ტფილისი, 1906
- ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. 1-2, თბილისი, 1955-1959
- ქართული სამართლის ძეგლები, საერო საკანონმდებლო ძეგლები (X-XIXსს.), ტ. II, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი, 1965
- ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1928