- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
დოგმატიკა
ძველი ქართული მწერლობისა და ზოგადკულტუროლოგიური პროცესების განვითარების ისტორია ნათლად არის წარმოჩენილი იმ ხელნაწერ წიგნებში, კრებულებში, რომლებიც ასახავენ დაპირისპირებას ქრისტიანობასა და სხვა კონფესიებს შორის, ან ქრისტიანობასა და მოძღვრების დამახინჯებულად წარმოდგენილ მიმდინარეობებს, სექტებს შორის. ეს თხზულებები ქმნიან იმ თეორიულ-იდეოლოგიურ ბაზას, რომელსაც ეყრდნობა როგორც ქართული ეკლესიის სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი მოძღვრება, ისე ქართული სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი პოზიცია. ყოველი ეპოქისათვის ნიშანდობლივია იმ დროის ისტორიულ არენაზე გამოჩენილი უცხო რელიგიებისა თუ ქრისტიანული სარწმუნოების შიგნით სახეცვლილი ერეტიკული მოძღვრებებისათვის პასუხის გაცემა, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის იმ იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივ ბაზას, რომელსაც ეყრდნობა ქვეყნის ისტორიული განვითარების პროცესები და ტენდენციები.
ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა თანდათანობით შეითვისა ბიზანტიურ სივრცეში მიღებული დოგმატური და პოლემიკური ტრაქტატები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კრებულებში ერთგვარი სითამამით შემოვიდა და დამკვიდრდა კიდეც ამ ტრაქტატების ადრეული ვერსიები, რომლებზეც ქართულმა მწიგნობრულმა კულტურამ არც მაშინ თქვა უარი, როდესაც კონსტანტინეპოლმა დაიწყო ყველა ადრეული საკანონმდებლო თუ დოგმატური მნიშვნელობის აქტის რევიზია. ამ ძეგლებისადმი, ერთი შეხედვით, თავისუფალი დამოკიდებულება წარმოადგენს არა წიგნების შემდგენელთა და გადამწერთა კერძო ინიციატივას, არამედ ეს არის კონკრეტული ეპოქისა და არეალის საერთო ქრისტიანული მოთხოვნების გათვალისწინების შედეგი. წორედ ამიტომაც ქართულ ხელნაწერ წიგნში შესული დოგმატური თუ პოლემიკური კრებულების შესწავლა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, ნათლად წარმოიდგინოს ქრისტიანული დოგმების ჩამოყალიბების ვრცელი პერიოდი.
დოგმატიკურ მწერლობას, სავარაუდოდ, ბიზანტიაში ჩაეყარა საფუძველი. საქართველოშიც სარგებლობდნენ სხვა ქრისტიან ერთა მწერლობაში შექმნილი თხზულებებით, ამიტომ ქართული დოგმატიკური მწერლობა უფრო ნათარგმნია. პირველი პერიოდიდან გვხვდება დოგმატიკური მწერლობის თხზულებების სახელწოდებები ქართულ ორიგინალურ აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში, მაგ., "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" დასახელებულია კირილე ალექსანდრიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და ეფრემ ასურის თხზულებები. თავდაპირველად დოგმატიკური თხზულებები არის აქა–იქ გაბნეული, გაფანტული, შესაძლებელია, ცალ-ცალკეც მოხვდეს.
ქართულ ორიგინალურ მწერლობაში არსებული მასალის გარდა, შემონახულია რამდენიმე დოგმატიკური თხზულება, რომლებიც ძველი ქართული მწერლობის პირველ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ესენია იპოლიტე რომაელის ორი თხზულება, რომლებსაც შატბერდის კრებულით მოუღწევიათ ჩვენამდე. მათი სათაურებია: "აღსასრულისათვის ჟამთაისა, თქმული წიგნთაგან წმიდათა ქრისტისათვის და ანტექრისტისათვის" და "სიტყუაი წმიდისა იპოლიტესი სარწმუნოვებისათის".
VIII-IX საუკუნეებში დოგმატიკურ მწერლობას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ორმა დიდმა მოღვაწემ, მასწავლებელმა და მოსწავლემ, იოანე დამასკელმა და თეოდორე აბუკურამ. დოგმატიკური მწერლობის ნიმუშები უთარგმნიათ ეფთვიმე მთაწმიდელს, გიორგი მთაწმიდელს, მათ შემდეგ თეოფილე ხუცესმონაზონს.
ეფთვიმეს გადმოუღია რამდენიმე მნიშვნელოვანი დოგმატიკური თხზულება, რომელთაგან ერთ-ერთია იოანე დამასკელის "წინამძღვარი", რომელიც წარმოადგენს დამასკელის იმ თხზულებების შემოკლებას, რომლებიც "გარდამოცემის" სახელითაა ცნობილი. იგივე თხზულება - "გარდამოცემა" სრულად თარგმნა ეფრემ მცირემ, შემდეგ კი ეფრემ მცირის მოწაფემ - არსენ ვაჩესძე იყალთოელმა და შეიტანა "დოგმატიკონში".
უკანასკნელ, ძველი ქართული მწერლობის მეოთხე პერიოდში, თითქმის ყველა თხზულება ნათარგმნია რუსულიდან, ან დაწერილია რუსული თეოლოგიის გავლენით. ესენია: "კატეხიზმო" ნიკოლოზ თბილელი მიტროპოლიტისა; კატეხიზმო ანტონ კათალიკოსისა, "ღვთისმეტყველება" პლატონ მიტროპოლიტისა, "ნაცვალსიტყვაობა". ეს თხზულება იმ სასულიერო პირთათვისაა განკუთვნილი, რომლებმაც არ იცოდნენ საღმრთო წერილი, არც ფილოსოფია, არც ღვთისმეტყველება.
პოლემიკური მიზნით, სომეხთა კატეხიზმოს "განსაქიქებლად" ანტონ კათალიკოსი თარგმნიდა ხოლმე სომხურ ენაზეც.
ქართულ დოგმატიკურ მწერლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სულხან-საბას ორიგინალურ ნაშრომს - "სამოთხის კარს", ანუ "საქრისტიანო მოძღვრებას". ამ თხზულების ოთხი რედაქცია არსებობს (დაადგინა ივ. ლოლაშვილმა). პირველ რედაქციაში, რომელიც 1701 წ. დაწერილი, ავტორს უკავია ნეიტრალური პოზიცია და მისი მრწამსის გარკვევა ჭირს, მოგვიანებით, ევროპაში გამგზავრების წინ, მან გადააკეთა და იქ ხაზგასმითაა მითითებული "რომანელთა" სარწმუნოების სიმართლე და ჭეშმარიტება, რასაც, ცხადია, მართმადიდებელთა შორის დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მოგვიანებით, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალების შემდეგ, იგი გადაუმუშავებიათ და მართმადიდებლობისათვის მისაღები სახე მიუღია.
ქართველ ხალხთან დაახლოების დიდად მსურველნი იყვნენ კათოლიკე მისიონერები. ისინი ნდობისა და ყურადღების მოსაპოვებლად ცდილობდნენ დაახლოებოდნენ დაბალ ფენებს საექიმო და საქველმოქმედო დახმარებით, მმართველ წრეებს კი სახელწიფოს მტრების წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკური დახმარების მიზნით შუამდგომლობის დაპირებით. მისიონერები სწავლობდნენ ქართულ ენას, კათოლიციზმის პოპულარიზაციის მიზნით, აგზავნიდნენ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ემსახურებოდნენ კათოლიციზმს.
კათოლიკე მისიონერები და მათ მიერ კათოლიკობაზე მოქცეული ქართველები, ცხადია, ცდილობდნენ ქართულ ენაზეც შეექმნათ პაპისტური ლიტერატურა. XVII საუკუნიდან ითარგმნება და გამოდის ბეჭდური გამოცემები, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან კათოლიციზმის პროპაგანდას კათოლიკობაზე მოქცეულთა განსამტკიცებლად და სხვათა გადასაბირებლად. მაგ., XVII ს-ში საქართველოში მყოფ პატრს, ქრისტეფორეს, დაუწერია ქართულად ორი კათოლიკური თხზულება, დავით ტულუკაშვილს, წარმოშობით გორელს, რომელიც პროპაგანდის კოლეგიაში სწავლობდა რომში, 1733 წელს გადაუთარგმნია "საქრისტიანო მოძღვრება გინა წურთნა შვიდთა საიდუმლოთა ზედა", რომელიც რომში არაერთხელ გამოიცა; იოანე ჯემბაკურ-ორბელიანს უთარგმნია "კლიტენი მხურვიალებისანი" და სხვ.
კათოლიციზმმა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა, მის წინააღმდეგ დაიწერა რამდენიმე შრომა, მათ შორის ბესარიონ კათალიკოსის "გრდემლი".
პოლემიკა. ქრისტიანულმა რელიგიამ დაიწყო კამათი არაქრისტიანულ რელიგიებთან და სხვადასხვა ქრისტიანულ მწვალებლობასთან.
არაქრისტიანულ რელიგიათაგან ქრისტიანობას დიდი ბრძოლა ჰქონდა წარმართობასთან. ამის შესახებ ცნობები შემოუნახავს ლეონტი მროველის მატიანეს, თხზულებას: "მარტვილობაი ცხრათა ყრმათა კოლაელთა", "მრტვილობაი ევსტატი მცხეთელისა...."
ქართულ ქრისტიანობას ყველაზე მეტად ერჩოდა მაზდეიზმი, ანუ ცეცხლთაყვანისცემლობა. სწორედ ლიტერატურული ბრძოლის შედეგია თხზულების `ევსტათი მცხეთელის მარტÂლობის~ შექმნა. ამ თხზულების ერთ ადგილას მოყვანილია დიალოგი, რომელშიც ნაჩვენებია რის საფუძველზე ამართლებს ევსტათი ქრისტიანობას და უარყოფს მაზდენობას.
ქართულ პოლემიკურ მწერლობაში ასახულია დავა ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ანტიიუდაისტური პოლემიკური ლიტერატურა მთლიანად თრგმნილია. ეს ფაქტი მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ არც ქართველი ებრაელები უწევდნენ წინააღმდეგობას სახელმწიფოებრივ რელიგიას და არც ქართველებს ჰქონდათ რაიმე მიზეზი, რომ ებრაელთა წინააღმდეგ ლიტერატურული პაექრობა გაემართათ. ანტიიუდაისტური შრომები თავს იჩენს II პერიოდში და ასეთ თხზულებებს შეიცავს "დოგმატიკონი". XVIII ს-შიც უთარგმნიათ სამოელ რაბინის "ოქროს აღნაქვსი".
მაჰმადიანობა დაუძინებელ მტრად ექცა ქართველებს და მოსვენებას არ აძლევდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ ანტიმაჰმადიანური პაექრობის შემცველი თარგმნილი თუ ორიგინალური თხზულებები საკმაოდ უხვადაა ლიტერატურის ისტორიაში წარმოდგენილი. იდეოლოგიური ბრძოლის სუსტი კვალი ჯერ კიდევ პირველ პერიოდში ჩანს. "აბოს წამებაში" აბოს საუბარი თბილისის ამირასთან ცხადყოფს, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ხოლო მაჰმადიანობა "კაცთა ზღაპრობითა შექმნილი სჯული". ვინაიდან ისლამის წინააღმდეგ ბრძოლა VIII-IX სს. იწყება და ამ დროიდან ჩნდება ლიტერატურა ბერძნულ ენაზე, საქართველოში ანტიისლამური პაექრობა მეორე პერიოდზე ადრეულ ხანაში არ გვაქვს. სწორედ არსენ ვაჩეს ძეს "დოგმატიკონშია" მოთავსებული თარგმნილი არაერთი ანტიმაჰმადიანური თხზულება და ერთი ორიგინალური თხზულება, რომლესაც ეწოდება: "ხსენებაი სიტყვისგებისაი და სასჯელისაი სჯულისათვის ქრისტიანეთაისა და სარკინოზთა." ამ თხზულების მიხედვით, მოქმედება ხდება თბილისში; ერთმანეთს ეკამათებიან იამამე ხელმწიფე და მონაზონი და მათ საჯარო პოლემიკას თვალს ადევნებს ქრისტიანთა და სარკინოზთა მრავალი წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ მაჰმადიან ხელმწიფეს უჭერენ მხარს, კამათი ქართველი ბერის გამარჯვებით მთავრდება. არგუმენტაციად გამოყენებულია იმ დროს მიღებული ფორმულები, დამუშავებული, სავარუდოდ, ქართველის მიერ. ანტიმაჰმადიანური ლიტერატურა XVI ს-შიც შექმნილა. ბაგრატ ბატონიშვილს დაუწერია: "მოთხრობაი სჯულთა უღრთოთა ისმაიტელთა", რომელიც XVII ს-ში გაულექსავს შემოქმედის მიტროპოლიტს, - იაკობ დუმბაძეს.
გარდა ლიტერატურული პაექრობისა არაქრისტიანულ რელიგიებთან, ქართული მწერლობის ისტორიაში უხვად დასტურდება ქრისტიანობის წინააღმდეგ აღმოცენებული სხვადასხვა სექტის - წვალებლობის - წინააღმდეგ მიმართული პოლემიკა. ეს მწვალებლობები იყო: არიანობა და მისი სხვადასხვა ფრაქცია; ნესტორიანობა, რომელიც ჩვენშიც არ იყო უცნობი და ის ქართლამდე ასურეთიდან აღწევდა. ორიგენიზმი, რომლის სათავის დამდები იყო გამოჩენილი ქრისტიანი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ორიგენე, საქართველოშიც იყო ცნობილი; ხატმებრძოლობა, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო "ძეგლისწერაი სარწმუნოებისაი, რომელი აღწერეს წმიდათა მამათა კონსტანოპოლს შეკრებილთა წმიდათა ხატთა თაყვანისცემისათვის"; კათოლიციზმი, რომელიც რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ატეხილი დავის შემდეგ წარმოიშვა 1054 წელს, მას მერე, რაც ერთმანეთს დაშორდა ზემოხსენებული ორი ეკლესია.
სხვადასხვა მწვალებლობას შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მონოფიზიტობა, რომლის კვალიც მნიშვნელოვანია ქართულ პოლემიკურ მწერლობაში. ამისი მიზეზი ისაა, რომ თავდაპირველად ქართლის ეკლესია მონოფიზიტური, ანუ ანტიქალკედონური იყო სომხურთან ერთად. VI ს-ის მიწურულიდან კი ქართულმა ეკლესიამ ქალკედონიტური ორიენტაცია მიიღო და შემდეგ საბოლოოდ ჩამოშორდა სომხეთს. ესაა მიზეზი, რომ პოლემიკური მწერლობის ეს დარგი უხვადაა წარმოდგენილი ქართულ ენაზე და XVIII ს-მდე არ შეწყვეტილა მისი განვითარება.
მონოფიზიტური პოლემიკური მწერლობა ქართულ ენაზე ორი კატეგორიის ძეგლებს იძლევა, ესენია: ზოგადად მონოფიზიტური და კონკრეტულად სომხურ-ანტიქლკედონიტური. ამგვარი ანტიმონოფიზიტური კრებული ჯერ კიდევ X ს-ის ხელნაწერშია შემონახული ფრაგმენტულად.
ანტიმონოფიზიტური თხზულებები განსაკუთრებით უხვადაა შემონახული მწერლობის მეორე პერიოდის ნიმუშებში. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის არსენ ვაჩესძეს, იყალთოელს, რომელმაც `დოგმატიკონში~ შეიტანა ანასტასი სინელისა და იოანე დამასკელის მონოფიზიტური და მისი სხვადასხვა ფრაქციების წინაღმდეგ მიმართული თხზულებები.
ქართული მონოფიზიტური პოლემიკა განსაკუთრებით მიმართული იყო სომხური მონოფიზიტობის წინაღმდეგ. ამ მხრივ ქართველებს არა მარტო უთარგმნიათ სომხების წინააღმდეგ შექმნილი თხზულებები ბერნულიდან, არამედ თვითონაც შეუქმნიათ დამოუკიდებელი ანტიმონოფიზიტური თხზულებები.
მეტად საყურადღებო პოლემიკური თხზულება შეუქმნია არსენ საფარელს, მას ეწოდება "განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა". სომხებთან პაექრობები გამართულა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროსაც.
ქართულ-სომხური პოლემიკა გაცხოველდა XVIII ს-ში. რაც გამოიწვია ჩვენში მონოფიზიტური პროპაგანდის გაძლიერებამ. სწორედ ამან განაპირობა ანტონ კათალიკოსის კაპიტალური შრომის "მზამეტყველების" შექმნა, რომელიც მიმართულია მონოფიზიტ სომეხთა წინააღმდეგ. მისი მიზანია მონოფიზიტური იდეოლოგიის განქიქება როგორც ისტორიულად, ისე დოგმატურად. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი წიგნი წარმოადგენს ნესტორიანობასთან პოლემიკას, მეორე წიგნში მოთხრობილია ისტორია ეფესოსა და ქალკედონის კრებების, მონოფიზიტობის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ სომხეთში. მესამე წიგნში განხილულია მონოფიზიტთა დოგმატიკა, სომხური ეკლესიის წესები და წარმოდგენილია მათი სიყალბე. ეს თხზულება თავისი ფორმითა და შინაარსით შეიძლება დადგეს ბიზანტიური დოგმატიკურ-პოლემიკური მწერლობის საუკეთესო ნიმუშების გვერდით.
ქართული დოგმატიკურ-პოლემიკური მწერლობის გასაცნობად ძველი ქართული მწერლობის ისტორიაში არსებობს არსენ ვაჩესძის "დოგმატიკონი" და სხვადასხვა დოგმატიკურ-პოლემიკური კრებული, რომლებიც გადაწერილია XIII-XIX საუკუნეებში. "დოგმატიკონის" გრანდიოზული მოცულობის გამო XII-XIII ს-ების შემდგომ, გადამწერები და დამკვეთები ცდილობდნენ ამ კრებულიდან გამოეკრიფათ ეპოქისათვის, დამკვეთთათვის საჭირო დოგმატიკურ-პოლემიკური ტრაქტატები. ამიტომაც ეს კრებულები შეიცავენ სხვადასხვა მასალას. სრული კრებულების გვერდით ხელნაწერებში დასტურდება ნაკლული კრებულებიც. გვიანდელი პერიოდის ხელნაწერი კრებულების შედგენილობა, თხზულებათა მოცულობა, მათი თანამიმდევრულობა სრულიად ჭრელ სურათს იძლევა. ამ თვალსაზრისით არ არსებობს ერთმანეთის მიმართ ორი იდენტური კრებული.
არსენ ვაჩეს ძე, ,,დოგმატიკონი~ წარმოადგენს ფილოსოფიური და პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულებების, ტრაქტატების კრებულს. Iგი შეიცავს 72 თარგმნილსა და ორიგინალურ ტრაქტატს. ძეგლში თავმოყრილია ის თხზულებები, რომლებიც საჭირო იყო ქართველებისათვის ქრისტიანობის ფილოსოფიურ-დოგმატიკური შინაარსის სხვადასხვა სარწმუნოებებისა და მწვალებლობათა არსში გასარკვევად და უკუსაგდებად, ამიტომ ,,დოგმატიკონის” შესწავლა ოდენ სარწმუნოებრივი და ლიტერატურული ინტერესებით არ არის გაპირობებული. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება ქვეყნის სააზროვნო პროცესებზე თვალის მიდევნება, რაც ,,დოგმატიკონის” კონკრეტულ-სპეციფიკურ მნიშვნელობასთან ერთად ზრდის მის მნიშვნელობას.
კანონიკა
ეკლესია თავისი საკუთარი კოდექსით ხელმძღვანელობს და მართვა-გამგეობასა და ცხოვრებას იურიდიულ ნორმებზე აგებს, რომელშიც შედის მოციქულთა და ადგილობრივ კრებათა კანონები, ეკლესიის ცნობილ მოღვაწეთა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი. სამოქალაქო კანონმდებლობა ეკლესიის საქმეთა გამო. ამ კოდექსს ეწოდება სჯულისკანონი.
საეკლესიო სამართლის ისტორიაში არსებობს რამდენიმე ასეთი კრებული. ესენია: მეექვსე საუკუნეში იოანე სქოლასტიკოსის შედგენილი ორმოცდაათტიტლოვანი კრებული, ამავე პერიოდში ვიღაც უცნობს დაუწერია თოთხმეტტიტლოვანი კრებული, რომელმაც განდევნა ხმარებიდან სხვა ყველა კრებული, როგორც უფრო გამოსადეგმა და ვრცელმა. ეს კრებული თანდათან ივსებოდა და უმჯობესდებოდა. IX საუკუნეში მას საბოლოო რედაქცია გაუკეთა ფოტი პატრიარქმა, რის გამოც მისი სახელწოდება მიიღო.
X საუკუნის გასვლამდე ჯერ კიდევ არ უნდა ყოფილიყო ქართულად თარგმნილი. XI საუკუნეში კი ეფთÂმე მთაწმიდელმა თარგმნა ქართულად იოანე სქოლასტიკოსის კრებული და მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებანი. ამჯერადაც, როგორც ჩვეულებად ჰქონდა, სათარგმნად აიღო იმის გამო, რომ ეს კრებული იყო პრაქტიკული, ყოველდღიურად გამოსაყენებელი და გადმოთარგმნა და მოგვცა რედაქციულად განსხვავებული ტექსტი.
XII საუკუნის I მეოთხედში რუის-ურბნისის კრების შემდეგ არსენ იყალთოელმა ქართულად თარგმნა "დიდი სჯულისკანონი". მისი თარგმანი შემდეგში შეუვსიათ სხვადასხვა სტატიით: შეუტანიათ პეტრეს და პავლეს კანონები, რომლებიც ბერძნულად იყო, მაგრამ არსენს არ გადმოუღია და კიდევ ერთი ვრცელი დამატებითი სტატია "კანონი VI კართაგენს შინა შეკრებულთა მამათაი" ეს სტატია საინტერესოა იმით, რომ ბერძნულ ენაზე არ არის შემონახული.
ყოველდღიურ ცხოვრებაში სახელმძღვანელო დგებოდა სხვადასხვა პატარა კრებული, რომელშიც გათვალისწინებული იყო მორწმუნეთა საეკლესიო პრაქტიკული მოთხოვნილების ესა თუ ის საკითხი. ასეთ კრებულს ქართულადაც თარგმნიდნენ, მაგალითად, ასეთია "კითხვანი იოვანე ოქროპირისა". მეორე ასეთი კრებულია "სახსნილონი სულმცირენი დიდთა სჯულის კანონთაგან გამოცემული". ყველაზე უფრო მწვავე და საჭირბოროტო იყო მორწმუნეთა ცხოვრებაში საკითხი ქორწინებაში ნათესაობითი ხარისხის შესახებ. საჭირო იყო ყველას სცოდნოდა შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ პირთა შორის ჯვრისწერა. ამ საკითხის შესახებ ზოგიერთი ასეთი კრებული ქართულადაც უთარგმნიათ. XVI ს-ში სვიმონ კარგარეთელს გადაუწერია ერთი ასეთი კრებული. კრებულს ეწოდება "დაყენებულთა და უჯეროთა ქორწინება მზახლობათათვის და განგდებულთა". მეორე ნაწილი "ხარისხისათვის ნათესაობისათა მესამისაგან წიგნისა ანასტიტუტოტანთასა". XVIII ს-ის გასულს იოანე ქსიფილინოს პაპუწიშვილს გადმოუთარგმნია ბერძნულიდან მანუალ ქსანთინოსის რედაქცია ნათესაობითი ხარისხისა.
წმინდა საეკლესიო იურიდიულ ძეგლთა შორის საინტერესოა ანტონ კათალიკოსის მიერ გადმოღებული პირველი სამ მსოფლიო კრებათა აქტები.
საქართველოს ეკლესია თავის მართვა-გამგეობაში ხელმძღვანელობდა აგრეთვე საკუთარი ადგილობრივი კანონებით, რომლის ორგანოდ და წყაროდ ითვლებოდა კერძო პირთა განმარტებები, კათალიკოს–პატრიარქთა ეპისტოლები, სამოქალაქო ხასიათის იურიდიული კოდექსები და ქართულ ადგილობრივ კრებათა დადგენილებები. თუ ეკლესიაში წამოიჭრებოდა ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრისას საინტერესო იყო საბერძნეთის პრაქტიკა ჩვენი წინაპრებები მიმართავდნენ ხოლმე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ავტორიტეტულ წარმომადგენლებს და განმარტებებს სთხოვდნენ. კანონიკურ ეპისტოლეთაგან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთი ანტონ კათალიკოსისა, რომელიც გამოუცია ერეკლე II-ის ნებართვით 1767 წ.
კანონიკური ეპისტოლის ხასიათი აქვს ასევე "სასჯულო მცნებას", რომელიც XV ს-ში მოუცია აფხაზეთის საკათალიკოსოსათვის ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქს მიხაილს იოაკიმე ბედიელის კათალიკოსად დადგინების გამო.
სამოქალაქო ხასიათის შრომათაგან ქართული საეკლესიო სამართლისათვის მნიშვნელოვანია გიორგი ბრწყინვალის "ძეგლის დება" და ბექა-აღბუღას სამართალი. ისინი სამოქალაქო კანონმდებლობის კოდექსს წარმოადგენენ, მაგრამ ადგილ-ადგილ შიგ ლაპარაკია ეკლესიისა და მისი მსახურების შესახებაც.
გიორგი ბრწყინვალის ეპოქას უნდა ეკუთვნოდეს შესანიშნავი ძეგლი "ხელმწიფის კარის გარიგება".
ჩვენი საეკლესიო სამართლის გასათავალისწინებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ საეკლესიო კრებებს, რომლებზეც გამოჰქონდათ დადგენილებანი. ყველა კრების დადგენილება ჩვენამდე არ შემონახულა, მაგრამ დღესდღეობით არსებობს ორი დოკუმენტი: რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა და საკათალიკოსო კანონები XVI ს-ში იმერეთის საეკლესიო კრებაზე მიღებული.
საეკლესიო სამართლის იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ ჩვენში არა მარტო სასულიერო საეკლესიო საქმეები და პირები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულებები. სამოქალაქო კანონმდებლობის ჩამოყალიბების სურათს იძლევა დოკუმენტები, საისტორიო საბუთები, სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის აქტები, მეფეთა თუ დიდებულთა, სასულიერო თუ კერძო პირთა მიერ გაცემული წყალობის, ნასყიდობის, შეწირულობის, ორი მხარის უფლება-მოვალეობის ამსახველი სიგელ-გუჯრები.
მოგვიანებით, XVIII ს.-ში საეკლესიო-სამოქალაქო კანონმდებლობის აქტები დაამუშავა, კანონმდებლობის სახე მისცა და ერთ კრებულად წარმოადგინა ვახტანგ VI-მ თავის "სამართლის წიგნში".
- ალექსიძე ზ. არსენი საფარელი "განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა", ქართული წყაროთმცოდნეობა, თბ., 1973.
- ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში, ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს ნათელა კეჭაყმაძემ და მაია რაფავამ, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მაია რაფავამ. თბ., 1983.
- დიდი სჯულისკანონი, თბ. 1975.
- იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. ღაფავამ, 1977.
- იოანე პეტრიწი, სათნოებათა კიბე, ი. ლოლაშვილის რედაქციით, თბ., 1968.
- კეკელიძე კ. ეტუდები V, თბ., 1957.
- კეკელიძე კ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ. 1980.
- ლოლაშვილი ი. არსენ იყალთოელი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1978.
- მელიქიშვილი დ. იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბ., 1975.
- მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები Iტ., თბ. 1964.
- მცირე სჯულისკანონი, თბ., 1972.
- ცხორებაი იოვანესი და ეფთვიმესი, თბ., 1946.
- ჟორდანია თ. ქრონიკები, I, თბ. 2003.
- შატბერდის კრებული X საუკუნისა, თბ., 1979.
- შენგელია ნ. სელჯუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968.
- წმიდა ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი, თბ., 2006.
- Hans-Georg Beck, Kirche und theologische Literatur im Byzantinischer Reich, Munchen, 1959.
- Н. А. Заозерский, А. С. Хаханов. Номоканон Иоанна Постникаб Москваб 1902.