ქართული ხელნაწერი წიგნის მეცნიერულ კვლევას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნეში, პეტერბურგის ქართველოლოგიის ფუძემდებლების, აკადემიკოსების, თეიმურაზ ბატონიშვილისა და მარი ბროსეს, მიერ. მაგრამ ორგანიზებული ხასიათი და ფართო მასშტაბი ამ საქმემ მაშინ მიიღო, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ყურადღება მიმართა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისკენ. ამ მხრივ პირველი და ყველაზე მნიშვნე-ლოვანი ნაბიჯი გადადგა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ",  რომელიც მიზნად ისახავდა ფართო საგანმანათლებლო საქმი-ანობის წარმართვას, რაც ქართული წერილობითი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც 1880 წელს გადაწყდა პირველი ვრცელი წიგნსაცავის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა როგორც ძველნაბეჭდ, ასევე ხელნაწერ წიგნებს. ამ წამოწყების შესახებ ქართულ საზოგადოებას აცნობა გაზეთმა "დროებამ". 

უძველესი წერილობითი ძეგლების შეგროვების ინიციატივას სათავეში ედგნენ იმ ეპოქის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: დ. ყიფიანი, ი. ჭავჭავაძე, ე. თაყაიშვილი, დ. კარიჭაშვილი. მათ წამოწყებას მხარი დაუჭირა მთელმა ქართულმა საზოგადოებამ.   წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი პირველ ხანებში შემოწირულობათა გზით ივსებოდა. შემომწირველთა შორის მოიხსენიებიან ი. ჭავჭავაძე, დ. ყიფიანი, დ. ბაქრაძე, ალ. სარაჯიშვილი, ი. მესხიშვილი, დ. ალექსი-მესხიშვილი.  მდიდარი კოლექცია გადასცა ბიბლიოთეკას სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის,Dდავით დადიანის, მემკვიდრემ, ნიკო დადიანმა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და მისი წიგნსაცავი მდებარეობდა თბილისში, არწრუნის ქარვასლის შემობაში. 1910 წელს, ქართული გიმნაზიის (ამჟამინდელი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) აგების შემდგომ, წიგნსაცავმა გადაინაცვლა გიმნაზიის შენობაში, სადაც მას დაეთმო ორი ოთახი.

1888 წელს დაარსდა საეკლესიო მუზეუმი, რომლის მისიასაც ასევე წარ-მოადგენდა ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა შეგრო-ვება, დაცვა-აღრიცხვა და შესწავლა. მუზეუმის მესვეურები იყვნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები დ. ბაქრაძე, თ. ჟორდანია, მ. ჯანაშვილი. მათ მოკლე დროში შეაგროვეს საქართველოს ეკლესიებში არსებული ის სიძველეები – უძველესი ხელნაწერი წიგნები, სიგელ-გუჯრები, ანუ დოკუმენტები  და ხელოვნების ნიმუშები–რომელთაც XIX საუკუნის რთულ პოლიტიკურ ვითარე-ბაში დაკარგვისა და განადგურების საფრთხე ექმნებოდათ.

1907 წელს ჩამოყალიბდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება, რომლის ფუძემდებელიც იყო ექვთიმე თაყაიშვილი (8). საზოგადოებამ თავი მოუყარა 1427 ერთეულ ხელნაწერ წიგნისა და 8000 მეტ სიგელ-გუჯარის შემცველ კოლექ-ციას.

1921 წელს თბილისის უნივერსიტეტში დაარსებულმა სიძველეთა მუზეუმმა გააერთიანა ყოფილი საეკლესიო მუზეუმისა და უნივერსიტეტის ფონდები, რო-მელთაც 1926 წელს შეუერთდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ თავმოყრილი სიძველეებიც.

1929 წელს ზემოხსენებული მუზეუმისა და ისტორიულ ეთნოგრაფიული საზოგადოების სიძველეები გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, რო-მელშიც 1930 წელს ცალკე გამოიყო პალეოგრაფიული, ანუ ხელნაწერთა განყო-ფილება. მას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ქართველოლოგი პავლე ინგოროყვა. ხელნაწერ წიგნთა დაცვა-აღრიცხვამ და შესწავლამ საზოგადოებრივი საფუძ-ვლებიდან სახელმწიფო სიბრტყეზე გადაინაცვლა. შეიქმნა სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის ოპტიმალური პირობები, საკუთარი სააღრიცხვო სისტემის დაცვით გამოიყო შემდეგი ფონდები: 1. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგა-დოების ფონდი (S); 2. ყოფილი საეკლესიო მუზეუმისა და უნივერსიტეტის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი (A); 3. ყოფილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდი (H);  4. ახალი ფონდი, რომლის ჩამოყალიბების ინიციატორიც იყო პავლე ინგო-როყვა და რომელმაც გააერთიანა 1930 წლის შემდგომ მოძიებული ქართული ხელნაწერი წიგნები (Q).

ამავე ფონდებში გაერთიანებული საისტორიო დოკუმენტები ცალკე გამოიყო შესაბამისი ლიტერებით: Sd; Ad; Hd, Qd. 

ქართული ხელნაწერი წიგნის, როგორც ერთიანი კულტურული ფენომენის, ფუნდამენტური კვლევა უკავშირდება ქართველოლოგიური მეცნიერების ფუძემ-დებლების ივ. ჯავახიშვილის, ნ. მარის,  ე. თაყაიშვილის, კ. კეკელიძის, ა. შანიძის, ს. ყაუხჩიშვილის, გ. წერეთლის, რ. შმერლინგის სახელებს. XX ს-ის პირველ მეოთხედში სწორედ მათი თაოსნობით დაიწყო და შემდგომ ფართოდ გაიშალა ქართული სალიტერატურო და ისტორიული თხზულებების ტექსტების პუბლიკაცია, Mმათი შემცველი ხელნაწერი წიგნების, ქართული სამწიგნობრო კერებისა და კულტურულ-ისტორიული კავშირების კვლევა.

XX ს-ის სამოციანი წლებიდან ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიის ფუნ-დამენტური შესწავლის ცენტრად იქცა ხელნაწერთა ინსტიტუტი. მისი პირველი ხელმძღვანელების, ი. აბულაძისა და ე. მეტრეველის, თაოსნობით ჩამოყალიბდა ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნების კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური და ქართველოლოგიური კვლევის მნიშვნელოვანი სკოლა, რომელმაც ყურადღება მიმართა ქართული წერილობითი ტრადიციის კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში განხლვისაკენ.

ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევა წარიმართა შემდეგი მიმართულე-ბებით: ხელნაწერი წიგნის კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური კვლევა, წიგნის  კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის განსაზღვრა.

ქართული წერილობითი ტრადიციის კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრამ ა. შანიძის, შემდგომ კი კ. დანელიას და ზ. სარჯველაძის თაოსნობით.

ამ მიმართულებების საფუძველზე განხორციელდა რამდენიმე ვრცელი პროექტი. უპირველესად გამოიცა ქართული სასულიერო მწერლობის ორიგინა-ლური ძეგლების კრიტიკული ტექსტები ყველა არსებული ხელნაწერის გათვა-ლისწინებით; პარალელურად შედგა ამ ძეგლების სიმფონია.

გამოიცა ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური და აპოკრიფული წიგნების, აგიოგრაფიული, დოგმატური, ჰომილეტიკური, ასკეტიკურ-მისტიკური, ეგზეგეტიკური  მწერლობისა და საეკლესიო სამართლის ძეგლების ძველი ქართული თარგმანების კრიტიკული ტექსტები, რომელთა პუბლიკაცია ეყრდნობა არა მხოლოდ ხელნაწერ წიგნებში დაცული ყველა ტექსტის ანალიზს, არამედ ქართული თარგმანების შედარებას შესატყვის ბერძნულ, არაბულ, სომხურ, რიგ შემთხვევაში სირიულ ტექსტებთან.

საგანგებოდ იქნა შესწავლილი საეკლესიო-სამონასტრო პრაქტიკის უმნიშ-ვნელოვანესი საღვთისმსახურო და ჰიმნოგრაფიული ტექსტები; გამოვლინდა მათი უძველესი რედაქციები და განვითარების ეტაპობრივი სურათი. გამოიცა ლექსიკოგრაფიული შრომები – ძველი ქართული ენისა და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონები;მომზადდა და გამოიცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკ-ლოპედიური ლექსიკონი.

 

ძირითადი ბიბლიოგრაფია

  1. ეპისტოლეთა წიგნი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით,     გამო-კვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 1968.
  2. თისლისა და ხახულის ხელნაწერების მინაწერები (მასალები XIII_XVI საუკუნეების სამხრეთ საქართველოს ისტორიისათვის). ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო დ. კლდიაშვილმა.
  3. კეკელიძე კ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ., ტ.I , 1980, ტ,II, 1982
  4. კეკელიძე კ. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან
  5. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1980.
  6. უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, სომხური ტექსტი ქართული თარგმანითა და გამოკვლევით გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 1975.
  7. Шмерлинг Р., Художественное оформление грузинской рукописной книги IX-XI вв., Тбилиси, 1976.