- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ქართული ხელნაწერი წიგნის წარმოება გულისხმობს როგორც საწერი მასალის თავისებურებებს, ასევე წიგნის ორგანიცაზიის, მისი სტრუქტურის ჩამოყალიბების საკითხებს.
საწერ მასალა. სწორედ ის არის წიგნის ხანგრძლივობის მისი მხატვრული იერსახის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი. V ს-დან ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა საწერ მასალად უმთავრსეად ტყავის ფურცელი, ანუ ეტრატი გამოიყენა. ეს, ერთი მხრივ, განაპირობა ამ საწერი მასალის პოპულარობამ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ სამწიგნობრო ტრადიციას; მეორე მხრივ კი, ასეთი არჩევანი განაპირობა ტყავის წარმოების მაღალმა კულტურამ საქართველოში. V ს-ის საქართველოში სრულად იყო ათვისებული ეტრატის შექმნის ტექნოლოგიური პროცესი. ამ ეპოქის ქართული პალიმფსესტები გადაწერილია მაღალი ხარისხის კარგად დამუშავებულ ფურცლებზე.
IX-X სს-ში გვხვდება სხვადასხვა ხარისხის ეტრატზე შექმნილი ქართული ხელნაწერი წიგნები. საწერი მასალა სხვაობს სისქის, ფერის და დამუშავების წესის მიხედვით. ამავე დროს, იგი შეიძლება იყოს გამოყენებული ეკონომიურად, ზოგჯერ ძველი ნაწერის გადაფხეკის გზით ხელახლა წერისთვის. ეს ძირითადად ხდება ისეთი ხელნაწერების შემთხვევაში, რომლებიც იქმნება მწირი ფინანსური შესაძლებლობების პირობებში. სხვაგვარი ვითარებაა საგანგებოდ დაფინანსებულ ხელნაწერ წიგნებში, რომლებიც გადაწერილია მაღალი ხარისხის ეტრატზე, გაშლილად, ფურცლის დაუზოგავად.
X ს-ში საბაწმინდის მონასტერში შექმნილი ერთი ხელნაწერი კარგად გვიჩვენებს საწერ მასალასთან დაკავშირებულ ფინანსურ პრობლემებს. სახსრების უქონლობის გამო გადამწერს სამონასტრო საცავში არსებული ფურცლის მარაგით, ტყავსა და პაპირუსის გამოყენებით შეუქმნია წიგნი. ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიაში გვხვდება პაპირუსზე, ანუ ჭილზე გადაწერილი მხოლოდ ორი წიგნი. ამათგან ერთი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხოლო მეორე - პეტერბურგში.
X ს-დან ქართული ხელნაწერი წიგნი საწერ მასალად იყენებს ქაღალდს, რომელიც ამ ეპოქაში უმეტესად გვხვდება აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ცენტრებში - შავი მთა, სინის მთა - შექმნილ ქართულ ხელნაწერებში. XIV ს-დან ქაღალდმა თანდათანობით მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ განდევნა ეტრატი. ქართული ხელნაწერები გადაწერილია იტალიურ (XV), სპარსული (XV-XVII), ფრანგულ (XVIII) და რუსულ (XVIIIს-ის ბოლო XIX) ქაღალდებზე. ქაღალდის წარმოება საქართველოში არ განვითარებულა.
წიგნის საწარმოო პროცესებტან დაკავშირებით საყურადღებოა ბუნებრივი მინერალებითა და ფერმენტებით შექმნილი მელან-საღებავების მრავალფეროვნება. მართალია, ხელნაწერთა ძირითადი ტექსტები გადაწერილია მუქი ყავისფერი - სიშავემდე მისული და სინგურად წოდებული წითელი მელნებით, მაგრამ ასევე გამოიყენება ლურჯი, მწვანე, ყვითელი მელნები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოქრომელანი.
წიგნის სტრუქტურა. წიგნის სტრუქტურაში უნდა აღინიშნოს საწერი ფურცლისა და აშიის დაკაბადონება-გამოყენების ტადიციის განვითარება. ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა კარგად შემოინახა შუა საუკუნეებში წიგნის ორგანიზაციის ამსახველი მასალები. არა ერთ ეგზემპლარში, მათ შორის ლიტურგიკული დანიშნულების წიგნებში, ვხვდებით აშიებზე გამოტანილ მარგინალურ და ტექსტებზე დართულ სადეკლამაციო ნიშნებს. მათი არსებობა განაპირობა ხელნაწერში დაცული ტექსტების ხმამაღლა კითხვის აუცილებლობამ. ამ ნიშნებმა საფუძველი ჩაუყარეს პუნქტუაციისა და სანოტო ნიშნეს.
აშიებზე გამოტანილი მარგინალური ნიშნები უმეტეს შემთხვევაში მიუთითებენ სქოლიოებსა და შენიშვნებზე. განსაკუთრებით ინტენსიურად ისინი გვხვდება XI-XII სს-ის ტექსტებში.
ზანდუკი. ეს არის წიგნის მნიშვნელოვანი სტრუქტურული მონაკვეთები. ზანდუკი თავდაპირველად დაერთო სახარების ხელნაწერებს და მასში მითითებული იყო ცალკეულ სადღესასწაულო დღეზე წასაკითხი მუხლები. ძველი ქართული ხელნაწერების ზანდუკი, ფაქტობრივად, წიგნზე დართული დღევანდელი სარჩევის, ანუ შინაარსის ფუნქციას ასრულებდა. ის ზოგჯერ წინ უსწრებდა სახარების ტექსტს, ზოგან მოსდევდა მას.
ანდერძი. ეს არის ხელნაწერი წიგნის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტი. მას
განსხვავებული მოცულობის ტექსტების სახით ვხვდებით. ანდერძი ზოგადად შეიცავს წიგნის შექმნასა და მასში შესული თხზუებების ისტორიასთან დაკავშირებულ ცნობებს. ანდერძებიდან ვიგებთ მომგებლების, გადამწერების, ყდის ოსტატების ვინაობას, გადაწერის ადგილსა და პირობებს. საგანგებო მნიშვნელობის წიგნების ანდერძებს წინ უძღვის ე. წ. პრეამბულები, ანუ საღვთისმეტყველო შესავლები. ამ ტექსტების საფუძველზე შესაძლებლია ცალკეული სამწიგნობრო ცენტრის ისტორიის აღგდენა.
ანდერძების ნათელს ჰფენენ ამა თუ ეპოქისათვის დამახასიათებელ ზოგადკულტურულ მოვლენებს. უკეთ რომ ვთქვათ, ისინი გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას კულტურათა ურთიერთობისა და წიგნის შემეცნებითი არეალის გაფართოვების შესახებ. ამ თვალსაზრისით, მოცულობით ანდერძებში დაცული ინფორმაცია უნივერსალური მნიშვნელობის მქონეა.
არსებობს მოცულობითი და მცირე ფორმის ანდერძები. მცირე ფორმის, ერთ-ორ ან სამ წინადადებიანი ტექსტები იმიტომ განეკუთვნებიან ანდერძების კატეგორიას, რომ გადმოგვცემენ უშუალოდ წიგნის შექმნასთან დაკავშირებულ ცნობებს (გადამწერისა თუ მომგებლის ვინაობა, წიგნის გადაწერის ადგილი, დრო და მიზანი).
არსებობს წიგნის აშიებსა და საწყის ან საბოლოო ფურცლებზე დართული მცირე ტექსტები _ მინაწერები, რომლებიც ეკუთვნით ცალკეულ ეგზემპლიართან სხვადასხვა დროს დაკავშირებულ ადამიანებს _ შემსყიდველებს, წიგნების განმაახლებლებს ან უბრალოდ მკითხველებს.